"ქიშპობა, ერთმანეთის დასამარება საშინელებაა. ერთ დღეს ხომ ყველა გავსწორდებით და დიდ სოფელში წავალთ" - მშვიდობით, მაესტრო! - კვირის პალიტრა

"ქიშპობა, ერთმანეთის დასამარება საშინელებაა. ერთ დღეს ხომ ყველა გავსწორდებით და დიდ სოფელში წავალთ" - მშვიდობით, მაესტრო!

"რა აზრი აქვს ტკივილზე ლაპარაკს, როცა ბოლოს ყველა მარტო ვრჩებით?"

"ისეთ სიყვარულს, როგორსაც საქართველოში ვიღებდი, სხვაგან ვერსად ვპოულობდი"

82 წლის ასაკში რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში. გიზო ჟორდანიამ 100-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. კერძოდ, „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა” და სხვა.

გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით “აბესალომ და ეთერი” 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გიზოს გარდაცვალების გამო და გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს არქივიდან:

- ჩემი ბავშვობის ყველაზე ადრინდელი მოგონება სევდიან ამბავს უკავშირდება. მახსოვს სახლ-კარი ლანჩხუთში, რომელიც მერე ფიცარ-ფიცარ გაიყიდა. ჯერ მილიცია იყო იმ შენობაში, მერე - საავადმყოფო... ახლა იმ ადგილას რაღაც სამედიცინო ცენტრია. მითხრეს, ერთ ფიცარზე აღნიშნულია სამი სიმაღლე წითელი ფანქრით. ერთი, ორი წლისა რომ ყოფილხართ, მეორე - ორწლინახევრისა, ხოლო მესამე - სამი წლისო. თქვენი სახელი აწერიაო. კი ვიფიქრე წასვლა, მაგრამ ვერ წავედი, გულმა არ მომცა წასვლის ნება...

მახსოვს შავი მანქანა, რომლითაც დედა დაჰყავდათ ჩეკაში. ძაღლი, რომელიც მოგვიწამლეს... ძროხა, რომელიც მოკვდა - სწორედ მაშინ, როცა მამა დაიჭირეს, 1936 წელს.

მამა - კოკი ჟორდანია ექიმი იყო. ამბობენ, ერთმა ხელისუფალმა რომ ნახა მისი აშენებული საავადმყოფო ლანჩხუთში, იკითხა: ჟორდანიები ისევ ცოცხლები არიანო?.. მეორე ღამით წაიყვანეს მამა. დედასთან დავრჩით მე და უმცროსი და - ნანა. ის ოცი დღისა იყო. დედას რძე გაუშრა. მეზობელი კიკა კანდელაკის დედა, პუპი აწოვებდა. ერთ დღესაც აღარ მოვიდა. ბავშვი ჩხაოდა... თურმე დაუბარებიათ ის ქალი და აუკრძალავთ - მავნებლის შვილს არ აჭამოო. შეაშინეს საწყალი. გამოსავალს ვერ პოულობდა დედა. მაშინ მოვიდნენ ნათესავები და გადაწყდა, ჩემი და უშვილო ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს ეშვილათ, ჩვენ კი თბილისში გამოვიქეცით, ავლაბარში დავსახლდით.

ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მეზობლები სულ სომხები გვყავდა. ამიტომ სომხური კარგად ვიცი. მახსოვს, ქართველი ინტელიგენციისადმი როგორ აგრესიულად იყვნენ განწყობილი ავლაბარში. თუ ვინმეს შლაპა ეხურა ან ყელზე ბაფთა ეკეთა, უკვე კლასობრივი მტერი იყო. ასეთ კაცს უყვიროდნენ: პრაფესორ! კოწია!

მამაჩემის ამბავი ცალკე მოსაყოლია, და ამას სხვა დროს გიამბობთ. ახლა მოკლედ გეტყვით, რომ მამა დახვრეტას გადაურჩა. შუა აზიაში, ბაიაიუთში იყო გადასახლებული. პატიმრები საშინელ პირობებში ჰყავდათ. ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რადგან დიდი ჩინოსნის ქალიშვილი გადაარჩინა სიკვდილს... პირველი ინფარქტი მაშინ დაემართა, როცა უთხრეს, თავისუფალი ხარო.

მძიმე დღეები გადავიტანეთ. ჩემმა დამ 14 წლისამ გაიგო, რომ მისი ნამდვილი დედა დედაჩემი იყო. მანამდე ნანა დადიოდა ჩვენთან, ოღონდ ისე, როგორც ნათესავი. დაიწყო გაორებული ცხოვრება... ერთი მხრივ, აღმზრდელი მშობლები ჰყავდა - ვახტანგ ჟორდანია და ანია იოსავა, მეორე მხრივ - ნამდვილი მშობლები. ეს დიდი ტრაგედია იყო.

ცელქი ვიყავი და მოჩხუბარი... მახსოვს, ერთხელ ვნახე, სომეხი მეზობლის დიდმა ბიჭმა პატარას დაარტყა. მივედი და თავი ჩავარტყი. გამოვარდა მამამისი: - რაზე ურტყამ, ბიჭოო! - დამიჭირა ყურით.

- ვურტყამ...

- რაზე?

- პატარას დაარტყა-მეთქი.

მამამისმა გამიშვა ხელი და საღოლო, მითხრა. თავის შვილს მიუბრუნდა და პატარას რაზე ურტყამო, ახლა იმას დაუწყო ჩხუბი.

მახსოვს, მამამ გერმანულის მასწავლებელი მიქირავა. ვმაიმუნობდი გაკვეთილზე. მამასთან დაიჩივლა მასწავლებელმა: რა ვქნა, გერმანულს ვასწავლი, არ უნდა და სომხურს კი სწავლობსო.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მედალი მაინც არ მომცეს. მიღებული არ იყო ჩვენი ოჯახი...

მამა არ ლაპარაკობდა კომუნისტებზე. დედას თუ წამოსცდებოდა ძვირი, მამა ეტყოდა, - ჩუმად! ამასთან ნუ ამბობ! ეს პიონერია, კომკავშირელი გახდება, წავა და რაიკომში დაგვაბეზღებსო. ამაზე ვგიჟდებოდი, ვბრაზობდი, ვტიროდი... მამას ეღიმებოდა. ინსტიტუტში უკვე კარგად ვიყავი გარკვეული, რა უნდა მეთქვა და რა არა... კითხვის გაგრძელება