"შეჭრის მოტივი ქურდობა იყო" - ახალი დეტალები კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე - კვირის პალიტრა

"შეჭრის მოტივი ქურდობა იყო" - ახალი დეტალები კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე

2016 წლის 23 ოქტომბერს, თბილისში, სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირებმა სცადეს შეჭრა. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცევა მოახერხეს. (იხილეთ: "გიგას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი... სისხლისგან დაიცალა")

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

როგორც 30 დეკემბერს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო.

„უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა. დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის ალბათ არსებითი განხილვა“, - განაცხადა იზორიამ.

"ინტერპრესნიუსი"