"თბილისში ძმასთან ჩავიდა, მერე გუდაურში აპირებდა ასვლას, მაგრამ..." - საზარელ ავარიას შეწირული კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე
მარტო 2017 წელს, როცა ჯერ იანვარიც კი არ დასრულებულა, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სულ ცოტა 23 ადამიანია გარდაცვლილი
როდის დასრულდება გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს?!
"სიცოცხლე უყვარდა და უხაროდა... ყველა დღეს აზრიანად და საინტერესოდ ატარებდა. გონიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი და უზომოდ თბილი და მოსიყვარულე იყო. მზიანი და ღიმილიანი... ასეთი იყო სოფი... სულ რამდენიმე დღეა გასული მისი არყოფნიდან და ეს საშინელი რეალობა მაიძულებს მასზე წარსულში ვისაუბრო..." - ასე იხსენებს 26 წლის სოფო ბერიძეს მეგობარი.
რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სოფო ბერიძე, რომელიც საბედისწერო შემთხვევის დროს, ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილზე დაუღუპა... თვითმხილველთა განცხადებით, ავარია ML-ის მარკის "მერსედესის" მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და მოძრაობის საპირისპირო ზოლში შეიჭრა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დამტკიცებულა.
ანა, სოფოს მეგობარი:
- სოფო ქუთაისელი იყო. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მუშაობდა. სპეციალობით ფსიქოლოგი იყო. ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, სიცოცხლითა და სიხარულით სავსე გოგო. რამდენიმე დღის წინ, ერთკვირიანი შვებულება აიღო და თბილისში, ძმასთან წავიდა, რომელიც იქ სწავლობს, სტუდენტია. ერთი-ორი დღე რაღაცების მოგვარებას, ძმის სახლის მოწესრიგებასა და შემდეგ, მეგობრებთან ერთად, გუდაურში ასვლას აპირებდა. გიჟდებოდა თოვლზე, სრიალზე, მეგობრებზე და მათთან ერთად გართობაზე. ყველა დღე და წუთი განსაზღვრული ჰქონდა, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია წარმატებას. ძალიან შრომისმოყვარე და გონიერი ადამიანი იყო.
- იმ საბედისწერო საღამოს სახლში ბრუნდებოდა?
- დიახ, რაღაც საქმეზე ყოფილა გასული და ძმასთან ბრუნდებოდა. გუდაურის სამზადისში იყო. იცი, როგორ ემზადებოდა ამ დასვენებისთვის? იქ წასვლაზე, რომ ლაპარაკობდა, თვალები უციმციმებდა. ძმა ისეთ მძიმე დღეშია, არ ვიცი, ოდესმე შეეგუება თუ არა ამ საშინელებას...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ემ-ელ-ის" პატრონი მის ოჯახთან მოლაპარაკებას ცდილობს...
- დიახ, ასე გავრცელდა. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, ეს ოჯახის საქმეა. თუ დამტკიცდა, რომ მძღოლი ნასვამი იჯდა საჭესთან, არ ვიცი, მას როგორ უნდა დაელაპრაკო საერთოდ. ფაქტია, სრულიად უაზროდ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ჩემთვის და ბევრისთვის მაგალითის მომცემი იყო, რაც ძალიან დასანანია...
მომხდარს სოციალური ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისა და კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს, რათა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.
2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, თუმცა დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა 8%-ით.
დედაქალაქში 2016 წელს მომხდარი რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 3 264-ია, დაიღუპა 98 და დაშავდა 4 173 ადამიანი.
მარტო 2017 წელს, როცა ჯერ იანვარიც კი არ დასრულებულა, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სულ ცოტა 23 ადამიანია გარდაცვლილი.
ავარიების გამომწვევ მიზეზებად ყველაზე ხშირად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)