დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს - კვირის პალიტრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, ბრალდებული არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები და თუნდაც ჩვენება მისცეს და ისაუბროს ბრალდებებზე, შესაბამისი იერარქიის პირებისგან სჭირდება კურთხევა.

”მამაოს პოზიცია არის ის, რომ როცა შეძლებს საუბარს, ისაუბრებს კომპლექსურად. ის ასევე ამბობს, რომ არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები, თუნდაც იმისთვის, რომ მან მისცეს ჩვენება და ისაუბრებს ბრალდებებზე, ყველაზე მინიმუმ შესაბამისი იერარქიული პირებისგან სჭირდება კურთხევა. იმედი მაქვს, რომ სასულიერო პირებთან უახლოეს მომავალში შეძლებს კომუნიკაციას”, - განაცხადა ფანცულაიამ.

გარდა ამისა, დაცვის მხარე მოითხოვს პროკურატურამ გააუქმოს გაუთქმელობის პირობა. ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს იმ დეტალებზე, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მე რომ ვითხოვ პროკურატურისგან გაუთქმელობის პირობის გაუქმებას, ვითხოვ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს. სახალხო დამცველის განცხადებას რაც შეეხება, ამის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა სახალხო დამცველი ტყუილად არაფერს ამბობს. შესაბამისად, მე სახალხო დამცველის ნათქვამს არაფერში ვეწინააღმდეგები, შინაარსობრივად ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გეტყვით, რომ უამრავი სათქმელია, მაგრამ ინფორმირება არის ცალმხრივად და სწორედ ამიტომ გვაქვს პროკურატურისგან ასეთი მოთხოვნა. ჩვენ გვინდა პროკურატურასთან თანამშრომლობით დადგინდეს სიმართლე. სიმართლე ნამდვილად არ არის ის, რისი ტირაჟირებაც ხდება. ჩვენი სიმართლე რადიკალურად სხვა არის, ჩვენი სამართალი აბსოლუტურად სხვა არის, ამაში ბევრი რამეა ნაგულისხმები. იქამდე სანამ პროკურატურის ნებართვა არ იქნება, ვერ ვსაუბრობ დეტალებზე, მათ შორის პროცედურულ დარღვევებზე”, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდებულის მოთხოვნას, ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფანცულაიას თქმით, დეკანოზი განმარტავს, რომ ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იმ ფონიდან რაც ამჟამად არსებობს.

იხილეთ ასევე: "დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას” - რას ამბობს სახალხო დამცველი დაკავებულ სასულიერო პირთან შეხვედრის შემდეგ?

"ინტერპრესნიუსი"