ისტორიული მოვლენა - ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერა - კვირის პალიტრა

ისტორიული მოვლენა - ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერა

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია 10 დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

თუმცა აქამდე მისასვლელად საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, თვალი გადავავლოთ ამ მიმართულებით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პერიოდში.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი 2012 წელს გაიხსნა, რასაც წინ უსწრებდა საქართველო-ევროკავშირს შორის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია (2011 წლის 1 მარტიდან).

2013 წლის თებერვალში საქართველოს მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის მოთხოვნების შესრულებაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმამ რეფორმების განხორციელების ქმედითი ინსტრუმენტის ფუნქცია შეასრულა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მასშტაბური რეფორმები, რაც მოიცავდა დაახლოებით 15 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის მართვისა და მიგრაციის, ასევე დანაშაულთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებს.

საერთო ჯამში, სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად მიღებულ იქნა. 130-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, დამტკიცდა 8 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა ახალი მექანიზმები.

2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რიგით მე-4 საბოლოო ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველომ ყველა შესაბამისი მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა.

2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ.

5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის შეთანხმდა რეგულაციის საბოლოო ტექტსტი, რომელიც 20 დეკემბერს დაამტკიცა ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, ხოლო 2017 წლის 12 იანვარს ევროპარლამენტის LIBE კომიტეტმა.

2017 წლის 2 თებერვალი ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოსთვის. ევროპარლამენტმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ პლენარულ სხდომაზე ამ წინადადებას 553 დეპუტატი მიემხრო, 66 წინააღმდეგი იყო, 28 პარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

იხილეთ ასევე: სავიზოდან უვიზომდე - რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში გადაადგილებისას

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია