"კარგად გაიხსენოს ოხანაშვილმა შეხვედრები, ეს არ ყოფილა ერთი შეხვედრა" - სკანდალური საქმის მთავარი მოწმის პასუხი ოხანაშვილს - კვირის პალიტრა

"კარგად გაიხსენოს ოხანაშვილმა შეხვედრები, ეს არ ყოფილა ერთი შეხვედრა" - სკანდალური საქმის მთავარი მოწმის პასუხი ოხანაშვილს

"რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის მტავარი მოწმეზე, ირაკლი მამალაძეზეც ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, იცნობს თუ არა საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, ოხანაშვლის თქმით, ის მხოლოდ ერთხელ შეხვდა მას.

"მას არ ვიცნობ, ერთადერთხელ ვარ შეხვედრილი. მამა გიორგიმ დამირეკა, ვისადილოთო, რესტორანში გადავედით და იქ ვნახე ეს პიროვნება პირველად. როდის იყო ეს ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალბათ გერმანიაში წასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. ვისაუბრეთ... არ გამოვრიცხავ, რომ, ფარულად მეც ჩამწერა. არის საუბარი, რომ ამ ჩანაწერებში მეც ვარ. რაზეც შეიძლება, რომ მას ჩავეწერე, არის ის, რომ მე ვიღაცეებს სიტყვიერ შეუარცხყოფას ვაყენებ. არც ვიცოდი ის პირვნება იქ თუ იქნებოდა. ამ შეხვედრის დროს აქტიურობდა (ირაკლი მამალაძე -  კ.პ.) ვიკითხე ვინ იყო და მამა გიორგიმ მითხრა, ჩემი ნათესავიაო".

ოხანაშვილის განცხადებას ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, სოსო ოხანაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის „კონსპირაციულ საუბრებს არაერთხელ დასწრებია“. ასე უპასუხობ მამალაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში სოსო ოხანაშვილის განცხადებას.

ჟურნალისტი სოსო ოხანაშვილს ურჩევს, „კარგად გაიხსენოს, თუ რამდენჯერ ჰყავს მანამდე ნანახი“.

არანაირი სადილი არ ყოფილა. არც სასმელი ყოფილა. ეს შეხვედრა მუდმივად ხდებოდა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც წარმოადგენდა მათი კონსპირაციული შეხვედრის ადგილს და მეც ხშირად მიწევდა იმ ადგილას მისვლა. იმაზე საუბარი, რომ ეს იყო სადილი და ვიღაცა იყო ნასვამი, არის აბსურდი. მე რამდენჯერაც ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, ჩაის მეტი არაფერი დამილევია. ესეც არის თავდაცვის მორიგი მეთოდი. კარგად გაიხსენოს ოხანაშვილმა შეხვედრები, ეს არ ყოფილა ერთი შეხვედრა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა მასთან, თუმცა ეს შეხვედრა, რომელზეც საუბრობს, იყო გარდამტეხი, ვინაიდან მე ამ შეხვედრის შემდეგ დამრჩა მძიმე შთაბეჭდილება და მძიმე წარმოდგენები შემექმნა ამ ადამიანებზე. დანარჩენი თვითონ იცის, რასაც ვგულისხმობ”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

რაც შეეხება ოხანაშვილის განცხადებას, რომ ჩანაწერი, თუკი „იმ დღეს გამართულ სადილზე“ იქნა გაკეთებული, შესაძლოა მხოლოდ მის მიერ სხვა პირებისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას აღწერდეს, ირაკლი მამალაძის თქმით, ”იქ ძალიან ბევრი რამ ფიგურირებს”.

”ეს შეხვედრა იყო წყალგამყოფი, როცა მე ამ ადამიანების რეალური სახე დავინახე. ჩანაწერი არსებობს თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ინფორმაციულად ეს დაეხმარება გამოძიებას”, - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.

ჟურნალისტი გამოეხმაურა ასევე პატრიარქის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებაც, რომ უწმინდესისთვის სტაციონარული ოთახის მოწყობა იგეგმებოდა.

”რაც შეეხება პალატის მოწყობას, რომელზეც ოხანაშვილი საუბრობს, არანაირი ემერჯენსის მოწყობაზე საუბარი არ ყოფილა, იქ იყო პირდაპირ ნათქვამი, რომ პალატა უნდა ყოფილიყო ძალიან პატარა, მხოლოდ პატარა საწოლით, ერთი კარდიოლოგიის აპარატი იქნებოდა და არავინ უნდა შესულიყო იქ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ არ სურდათ პატრიარქთან ყოფილიყო შეხვედრები და მისვლა-მოსვლა. რატომ წყვეტდა ამას სოსო ოხანაშვილი, როცა სამედიცინო პერსონალმა ზუსტად იცის, რა ესაჭიროება პატრიარქს, ეს არის ჩემთვის გაუგებარი”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, რომ ფარულად მეც ჩამწერა" - რას ამბობს სოსო ოხანაშვილი პატრიარქის იზოლირების მცდელობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?