"თუ პროკურატურას მიაჩნია, რომ ეს წყევლა მის მიმართაა ე.ი. გამოდის, რომ მამა გიორგის აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია" - კვირის პალიტრა

"თუ პროკურატურას მიაჩნია, რომ ეს წყევლა მის მიმართაა ე.ი. გამოდის, რომ მამა გიორგის აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია"

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლები მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დასაკითხად მივიდნენ, თუმცა უკან გამობრუნებულებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მამა გიორგიმ ისინი დაწყევლა.

„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ჩვენ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს დავუკავშირდით:

"ეს ინფორმაცია სწორი არ არის, მამა გიორგის არავინ დაუწყევლია, მან თქვა, რომ "თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა ვინც მაბრალებს, ის დაისაჯოსო!"

მამაომ დამიწერა და ეს მე წავუკითხე პროკურატურის წარმომადგენლებს. ეს იმის მსგავსია, როცა ადამიანი ამბობს რაიმეზე, დედას გეფიცები, არ გამიფუჭებიაო, მაგრამ მაინც აბრალებ.

დღეს დაკითხვა აღარ გაიმართება. ჩვენ მანამდე პროკურატურას მივეცით ამომწურავი ტექსტი, მამა გიორგიმ თქვა, ჩემი ოჯახის წევრები თუ იქნებიან დაცული და ეს დაცვის ღონისძიება იქნება განხორციელებული, მე გავაგრძელებ ჩვენების მიცემასო.

ადამიანი, რომელიც იძლევა ჩვენებას და ასახელებს გარკვეულ პირებს, ფიქრობს, რამე არ მოხდეს მისი ოჯახის დასაშინებლად. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ნორმალურადაა".

იხილეთ ასევე: პროკურორი: "მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა"

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)