ფეხზე ძლივს იდგა, სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე? - კვირის პალიტრა

ფეხზე ძლივს იდგა, სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."

დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას ანი მურადელის თაობაზე სტატიას ჟურნალი "გზა" აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

გაფითრებული, სიფრიფანა გოგონა სასამართლო დარბაზში ბადრაგის თანამშრომელმა ხელკავით შემოიყვანა. ფეხზე ძლივს იდგა, სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს, ისე დასვეს ადვოკატის გვერდით. ადვოკატი რაღაცას ესაუბრებოდა, მაგრამ უმეტყველო თვალებით უყურებდა, თითქოს არაფერი ესმოდა. - იქნებ წყალი მოუტანოთ, - მიმართა პოლიციელს ბადრაგმა ქალბატონმა. მაშინვე წყლის მოსატანად მეგობარი გოგო გაიქცა და მოურბენინა. სასამართლო დარბაზში ბრალდებულის მეგობრები და თანამშრომლები ისხდნენ. მის დანახვაზე ყველა ატირდა...

გოჩა წულაია საქმის პროკურორი:

- ანი მურადელმა დედას, ლამარა მინდორაშვილს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა დაზიანებები. გვამს თავის არეშიც აღენიშნება დაზიანება, რაც ბლაგვი საგნის მოქმედებითაა მიყენებული. სავარაუდოდ, თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც დედამისი ადგილზე გარდაიცვალა... მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულს კონფლიქტი ჰქონდა მშობლებთან, ახლო ნათესავებთან და მეზობლებთან. ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში ადრე პოლიცია იყო ჩარეული, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ამ შედეგით დასრულდა.

...

ადვოკატები დიდხანს ცდილობდნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის ნაცვლად უფრო მსუბუქი ღონისძიება გამოეყენებინა სასამართლოს, მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც სასამართლოზე გაირკვა, ანი მურადელი დაკავებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ფსიქიკური პრობლემებიც აქვს. ახალგაზრდა ქალი ბოლო დროს ფსიქონევროლოგიის დისპანსერში მკურნალობდა. დღეს საეჭვოა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

როგორც გაირკვა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ანი მურადელმა გარდაცვლილ დედასთან ერთად ოთახში ფაქტობრივად, მთელი დღე გაატარა. პროკურორ გოჩა ჯოჯუას თქმით, გარდაცვლილი დამ მოიკითხა.

მომხდარზე საუბარი ძალიან უჭირთ მის თანამშრომლებს. ანი მურადელს ყველა დადებითად ახასიათებს.

ციური ხუსკივაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელი:

- ანი 16 წელია, ჩემ თვალწინ იყო. ვმეგობრობდით, ისეთი თბილი და ალალი ბავშვი იყო, ყველას შეაყვარა თავი. მამამისი სულ თან დაჰყვებოდა. გვერდში ედგა, კარგი მეგობრები იყვნენ, მამა მისთვის ყველაფერი იყო. მამის სიკვდილმა ძალიან იმოქმედა, გამოეცალა ძლიერი დასაყრდენი და ამას განიცდიდა. მახსოვს, მისი სიკვდილის შემდეგ ისევ სცენაზე რომ გავიდა, ძალიან იტირა. - ეს პირველი სპექტაკლია მის გარეშეო. რეპეტიცია რომ დამთავრდებოდა, ვეტყოდი, - ცოტა ხანს დაასვენე ფეხი-მეთქი, მაგრამ მეტყოდა, - არა, სახლში უნდა გავიქცე, ჩემებს საჭმელი უნდა გავუკეთოო და მოხუც დედასთან გარბოდა. როგორც ვიცი, დეიდამისიც გარკვეული პერიოდი მასთან ცხოვრობდა, რადგან მისი სახლი ავარიული იყო. მათთან პრობლემები ჰქონდა. როგორც ვიცი, ის ქალები კონფლიქტურები იყვნენ. ამბობდა, ამდენის ატანა აღარ შემიძლიაო, მაგრამ მათზე მაინც ზრუნავდა.

...

ეტყობა ამ ყველაფერს ვერ გაუძლო. როგორც ვიცი, ახლახან შეიტყო, ნაშვილები რომ იყო. თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო... იმ დღეს რა მოხდა, არავინ იცის. ის არავის მოკლავდა, ანი მკვლელი ვერ იქნება, ამას ვერ დავიჯერებ. (წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 6 მაისის ნომერში)

იხილეთ ასევე: გამოდის, გოგონა, რომელიც გაზარდეს, მათთვის არაფერს წარმოადგენდა" - დედის მკვლელობისთვის ბრალდებული ბალერინას ტრაგიკული ისტორია

თეა ხურცილავა