აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა: "უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება" - კვირის პალიტრა

აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა: "უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება"

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს ატლანტიკ სითის და ლას-ვეგასის სამორინეებში ელექტრონული ჰაკერული პროგრამებით სათამაშო აპარატებში შეღწევაში და სასურველი მანიპულაციის გამოყენებაში წაუყენეს ბრალი. (იხილეთ: აშშ-ში დაკავებულ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - რა მაქინაციებში ედება ბრალი ქართველ სპორტსმენს?)

ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. დაკავებულის დედის მაყვალა ხურციძის თქმით, ამ დრომდე ოჯახს არავინ დაკავშირებია.

"ვინც არ უნდა იკითხოს, ან სადაც არ უნდა იკითხოს, არავინ არ იტყვის ავთანდილზე ცუდს. შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორმე დაეხმარონ. არასოდეს არ დამხმარებია არავინ არაფერში. ახლა მაინც დაეხმარონ და გამოუშვან ციხიდან", - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

"ინტერპრესნიუსი"