რა ხდება ამჟამად სტიქიის ზონაში
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა
მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა.
მათგან ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული, ორი თურქული ვერტმფრენია. ცეცხლის ჩაქრობაში ჩაერთო თურქული თვითმფრინავიც. "ბელარუსის ვერტმფრენი კოპიტნარშია, დაიმატებს საწვავს და მალევე შემოგვიერთდება. ასევე შემოგვიერთდა აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები ტექნიკით, აზერბაიჯანიდან 11 ერთეული ტექნიკაა ჩამოყვანილი, 13 ერთეულია - სომხეთიდან, აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. იმედიანად ვართ, რაც მთავარია კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, რათა მთელი ეს რესურსი ეფექტურად გამოვიყენოთ", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
აზერბაიჯანიდან დასახმარებლად დამატებით 70 მაშველი ჩამოვიდა კიდევ.
სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დილით, საველე ოპერაციების ცენტრში თათბირი გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
„გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ქარი არ არის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით”, - აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები.
რაც შეეხება გამოძიებას და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მინისტრმა განაცხადა, რომ "ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ მოხდება ამ დეტალებზე ლაპარაკი".
დღეს სტიქიის ზონაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ჩავა.