"ექიმმა დაგეგმილი ოპერაცია ისე შეცვალა, პაციენტს არაფერი უთხრა, " - გაუგებარი კოლეგიალობა და შემაშფოთებელი სტატისტიკა
"ხშირად ექიმები უარს აცხადებენ თავიანთი კოლეგის საწინააღმდეგო დასკვნა დაწერონ. მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად. წარმოდგენილი გვქონდა ყველანაირი საბუთი, გადახდილი იყო თანხა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები დაუკავშირდნენ ექიმებს, რომლებიც შეისწავლიდნენ დაზარალებულის მდგომარეობას და ოპერაციის მიმდინარეობის სისწორეს, ყველა ექიმმა უარი განაცხადა"
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ირკვევა, რომ 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დაეკისრა, აქედან სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 67 ექიმს შეუჩერდა.
"პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს განიხილა 103 საკითხი და 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 157 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო 4 ექიმს არ დაეკისრა. 90 ექიმს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება"; სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 67 ექიმს", - აღნიშნულია "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში
მოცემული სტატისტიკის და სამედიცინო სფეროში არსებული ვითარების შეფასება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს ვთხოვეთ.
ირაკლი სასანია:
"გადაცდომა ყველა ექიმს აქვს, შეცდომის გარეშე არაფერი ხდება, თუმცა საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ციფრები თავისთავად შემაშფოთებელია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ოფიციალური სტატისტიკაა და ზოგი პაციენტი არ ჩივის ხოლმე.
მნიშვნელოვანია პრობლემის გამოკვლევა, იგივე რამდენად არიან პაციენტები სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილები, ასევე, მუდმივად უნდა ხდებოდეს ექიმების პროფესიული განვითარება. სამწუხაროდ, ხშირად არ მოწმდება სამედიცინო კადრების ცოდნის დონე. ექიმის ლიცენზია, რომელიც მას მიეცემა, არის უვადო, მედიცინა კი ყოველდღე ვათარდება, ამის შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებიც არ არსებობს. ამის გარეშე კი, მოსალოდნელია ექიმების კომპეტენციის დონის დაწევა. სამედიცინო სფეროში მონიტორინგი მუდმივად უნდა ტარდებოდეს და შესაბამისი სამსახურები მხოლოდ პაციენტის ჩივილზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი.
თენგიზ ვერულავა:
"საექიმო შეცდომები ჩვეულებრივი მოვლენაა ყველგან, ზოგადად კი, არსებობს ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ექიმებს თუ არ აქვთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, ისე არ იღებენ სამსახურში. თუ ექიმმა შეცდომა დაუშვა, ის ხარჯები შეიძლება ექიმს და საავადმყოფოს მოსთხოვონ, ამიტომ ეს დაზღვევა ამ ხარჯებს ანაზღაურებს. როგორც ვიცი მსგავსი მომსახურება ჩვენთანაც არის, მაგრამ კვლევა ჩავატარეთ და ექიმების მხოლოდ 1.5%-ს აქვს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკას, საქართველოში არსებობს სპეციალური საბჭო, რომელიც განიხილავს შეცდომებს და ახდენს რეგირებას. ეს ციფრები ნორმალურია, ამაზე უფრო მეტია ევროპასა და ამერიკაში.
სხვათა შორის, საქართველო ექიმების რაოდენობით ევროპის ბევრ ქვეყანას აღემატება, მათი რაოდენობა დაახლოებით 33 000-ია. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვაში კომპლექსური პრობლემებია. საქართველოში არ არსებობს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, გამართული არ არის ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რომლის მიმართაც ადამიანებს ჩამოუყალიბდებათ ნდობა. ოჯახის ექიმი გარკვეულწილად აგენტია ჯანდაცვის სისტემაში, რომელსაც "მეკარიბჭეობის" ფუნქცია უნდა ჰქონდეს სხვა სპეციალისტებთან. რადგანაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის სისტემა ძლიერი არ არის, ხალხი პირდაპირ მიმართავს ამა თუ იმ სპეციალისტს, შედეგი კი ზოგჯერ არც ისე დამაკმყოფილებელია.
შორენა ლოლაძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი:
"ჩვენს იურიდიული დახმარების ცენტრში მოდის არაერთი მოქალაქე, რომლებიც ამბობენ, რომ უკმაყოფილოები არიან გაწეული სამედიცინო მომსახურებით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არასათანადო მკურნალობამ გამოიწვია ჯანმრთელობის იმგვარი დაზიანება, რომ სიტუაციის გამოსწორება არის რთული ან შეუძლებელი. ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დახმარების გაუწევლობამ თუ დაგვიანებამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.
დღეის მდგომარეობით გვაქვს ერთი საქმე, სადაც ასეთი სიტუაციაა: პაციენტმა ექიმს თანმხმობა მისცა გაეკეთებინა თვალის ოპერაცია, თუმცა მას შემდეგ, როდესაც ოპერაციის პროცესში მდგომარეობა გართულდა, ექიმმა გადაწყვიტა დაგეგმილი ოპერაცია პაციენტის თანხმობის გარეშე თვითნებურად შეეცვალა, რამაც გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის გაუარესება. ზოგადად, კანონმდებლობა მოითხოვს იმას, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ჩარევა განხორციელდეს პაციენტის წინასწარ მიღებული თანხმობის შემდეგ, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ექიმმა პაციენტს არაფერი უთხრა, ამ კონკრეტულ საქმეში ამ მიმართულებით აღვძარით საქმე.
ამავე საქმეში გადავაწყდით მეორე პრობლემას, ე.წ. კოლეგიალობას. ხშირად ექიმები უარს აცხადებენ თავიანთი კოლეგის საწინააღმდეგო დასკვნა დაწერონ. მაგალითად, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩასატარებლად. წარმოდგენილი გვქონდა ყველანაირი საბუთი, გადახდილი იყო თანხა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები დაუკავშირდნენ ოფთალმოლოგებს, ვისგანაც უნდა დაკომპლექტებულიყო კომისია, რომელიც შეისწავლიდა დაზარალებულის თვალის მდგომარეობას და ოპერაციის მიმდინარეობის სისწორეს, ყველა ექიმმა განაცხადა უარი, საბოლო ჯამში, სასამართლოში სარჩელი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შევიტანეთ და მოსამართლემ მოიწვია კონკრეტული სპეციალისტი და მან შეაფასა დაზარალებულის მდგომარეობა და მისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი. საქმე დასრულებული არ არის, განხილვა გრძელდება და პაციენტი ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. რადგანაც მოსამართლე არ არის ექიმი, როგორც წესი, ემყარება ექსპერტის დასკვნას, აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში მოსამართლის დასკვნა არის ექპერტიზიის დასკვნის შესაბამისი და შესაფერი.
ასეთი ტიპის საქმეებში ჩართულია ხოლმე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, სადაც კომისიური წესით მოწმდება პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო საქმიანობის მომსახურების ხარისხის შემოწმება, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ამ საკითხის გამოკვლევა სააგენტოს მიერ ზოგჯერ თვეობით და წლობით გრძელდება...
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)