"ახლა მიაწყდება მასა, არიქა, ბოტიჩელი უნდა ვნახოთო. არადა, უმეტესობა მუზეუმში ნამყოფი არც იქნება"
"ჩვენისთანა ქვეყანაში ორი ნამუშევრისთვის სახელმწიფო 400 ათას იხდიდეს, ცოტა უხერხულია"
რამდენიმე დღის წინ საქართველოში იტალიელი მხატვრის სანდრო ბოტიჩელის "ვენერა" სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს.
ფერწერული ტილო 1930 წლიდან ტურინის "გალერეა საბაუდას" კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის ნამუშევრის ორიგინალი ორი თვის განმავლობაში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ასევე იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
ორ იტალიურ გამოფენას სახელწოდება - "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე" აერთიანებს. პროექტის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო. გამოფენა "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში იმართება.
დავით ანდრიაძე, არტ-კრიტიკოსი:
"დღეს ყველა მუზეუმის თანამშრომელი ამბობს ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა... რაღაცეები კეთდება, ათასში ერთხელ შედევრებს გამოფენენ და ხალხიც მიდის ერთმანეთის მიბაძვით, თორემ საერთოდ მუზეუმში გინახავთ ვინმე დადიოდეს? ახლახან ჩემი ახლობელი იყო ბელგიაში და ბედნიერი ჩამოვიდა, ყველა მუზეუმთან ყოველდღიურად რიგიაო...
გვატყუებენ, საგანმანათლებლო პროგრამები გვაქვსო, სკოლებში რაც ხდება ამ მხრივ ყველამ კარგად ვიცით. სახელმძღვანელოებს რომ გადაშლი გული გაგისკდება, პედაგოგიც გაჭირვებული თუ ვინმე მივა სკოლაში, თორემ მაღალი დონის პროფესიონალი იქ არ ასწავლის! ხელოვნებაში საგანმანათლებლო სეგმენტი მომსპარია!...
ჩვენდა საუბედუროდ კომუნისტების დროს უფრო მეტად იყო ყველაფერი აწყობილი ხელოვნების სფეროში. ახლა მთავარი მოვლენა ის არის, რომ ბოტიჩელის ორ ნამუშევარს ჩამოიტანენ, რომელიც სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება. ბოტიჩელს რა სჯობია, მაგრამ მისი ორი ნამუშევრის ჩამოტანას, ჯობდა ეს თანხა საქართველოს თანამედროვე მხატვრობას მოხმარებოდა. ეს სფერო თითქმის აღარ არსებობს საქართველოში. სახვით ხელოვნებაზე არანაირი ხარჯები არ გამოიყოფა კულტურის სამინისტროსგან...
ახლა მიაწყდება მასა, არიქა, ბოტიჩელი უნდა ვნახოთო. არადა, უმეტესობა არც აქ იქნება საერთოდ მუზეუმში ნამყოფი და ევროპაში მოგზაურობის დროსაც მუზეუმში არც შეიხედავენ. ვიმეორებ, რომ თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ ცოტა პროვინციული სუნი ასდის ამ ყველაფერს! ჩვენისთანა ქვეყანაში ორი ნამუშევრისთვის სახელმწიფო 400 ათას იხდიდეს, ცოტა უხერხულია". (იხილეთ სრულად)