"ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში "როშენის" მოწამლული შოკოლადი, სეიფში კი - ასაფეთქებელი დაგხვდებათ" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში "როშენის" მოწამლული შოკოლადი, სეიფში კი - ასაფეთქებელი დაგხვდებათ"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. რათა გაგიადვილოთ ამოცანა, როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს "ყაჩაღებმა" წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე ირონიულად განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მის ბინაში "კარადაში შეუძლიათ ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარში "როშენის" მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება".

"რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო", - დასძინა მან.