"ვერ ითმენდა რუს მოხელეებს, - მაგათ გაგვაბინძურესო. ცუდი წარმოდგენისა იყო ქალებზეც" - ფიროსმანის ცხოვრების უცნობი ამბები
ძველი გაზეთები ყველაზე მეტად აცოცხლებენ წარსულის ფურცლებს. ერთ-ერთი მათგანია 1922 წლის (N17) გაზეთი "ბახტრიონი", რომელიც ნიკო ფიროსმანის ცხოვრების უცნობ ფაქტებს გვამცნობს.
სტატიის ავტორია ვინმე ეგნატე მენთეშაშვილი:
"ნიკო ფიროსმანი უკანასკნელ წლებში ხშირად დადიოდა ნიკოლოზ სოზაშვილის ღვინის სარდაფში მალაკანის ქუჩაზე: თუნდაც სოზაშვილის ოჯახში ის თავისიანათ და მეგობრად იყო მიღებული. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ საგანგებოდ მივსულიყავიო რედაქციის და კერძოდ პოეტის გიორგი ლეონიძის დავალებით (გიორგი ლეონიძე "ბახტრიონის" რედაქტრი გახლდათ) ბ. სოზაშვილთან და მისგან ფიროსმანიზე ცნობები შეგვეკრიბა.
აქ მოკლედ გადმოგცემთ სოზაშვილის საუბარს:
"ოც წელიწადზე მეტია, რაც ნიკოს დავუმეგობრდი და ვიცნობ. დღე არ გავიდოდა თითქმის, რომ ნიკოლაი ჩემს სარდაფში არ ჩასულიყო. მიჯდებოდა კუთხეში, მოითხოვდა არაყსა, მწვანილს და დიდხანს იჯდა ჩუმად... ხშირად ყოფილა, სარდაფის მოქეიფეებს დაუპატიჟნიათ თავისთან ან ღვინო მიუწოდებიათ, ნიკო ერთს კი იტყოდა ზრდილობიანად უარს და მერე თუ ჩააცივდებოდნენ, ძალიან ეწყინებოდა ხოლმე.
ხუთმეტი წლის განმავლობაში მე ნიკო არ მინახავს სხვებთან მჯდომარე და მოქეიფე. ეს იცოდა ყველამ და ამიტომაც დიდი მოკრძალებით ექცეოდენ.
ნიკო იყო მაღალ-მაღალი ჭაღარაშერთული ახოვანი, ჯანაღი და წამოსადეგი ვაჟკაცი. ეხურა ქუდი-ჟოკე, ეცვა შავი პიჯაკი, შავი შარვალი და ასეთივე პალტო. თავის სიღარიბეში სუფთა კაცი იყო, ბოლო დროს ცოტათი მოეშო. ხმა ჰქონდა ბოხი, ძალიან მშვიდი და უწყინარი კაცი იყო, მეც გულმხურვალედ ვუყვარდი, როგორც იქაური სიძე, ცოლი ქიზიყელი ქალი მყავს, მაინცა და მაინც არ იყო ნაკითხი, მაგრამ არც უცოდინარი კაცი იყო. ქართული, მწერლობა ცოტად იცოდა. ძალიან უყვარდა ვაჟა - ფშაველა. სხვათა შორის თითონაც სწერდა ლექსებსა. კაი პოეტი იყო, მე და ჩემს მეუღლესაც გვინახავს მისი ლექსების რვეული. სად არის იგი არ ვიცით.
დიდი მოყვარული იყო ქართველი ერის. ნიკო ვერ ითმენდა რუს მოხელეებს და გორდოვებს. ამბობდა, რომ მაგათ გაგვაბინძურესო. ცუდი წარმოდგენისა იყო ქალებზედაც და ძალიან ერიდებოდა. სმაში არაყი უყვარდა. 1913 წ. მე ვახატინებდი დიდ სურათს "რთველი", მაშინ მე არაყი არა მქონდა, ნიკო ხშირად აჩერებდა სამუშაოს, გამომართმევდა აბაზობით, წავიდოდა და არაყ-გადაკრული დაბრუნებოდა, - ეგ მაცხოვრებსო. უმაგისოდ ცხოვრება არ შემიძილიანო და ხატვა ხომ სულ ვერაო.
ზარხოშად მუდამ იყო, მაგრამ ძალიან მთვრალი არასოდეს. ხშირად მინახამს მთვრალი ნიკო კუთხის მაგიდაზე მარტოკა მჯდარი ბედს უჩიოდა, უყურადღეობას მოსთქვამდა, მაგრამ თავისთვის, ჩუმად, სიფხიზლეში ამაზე სულ არას ამბობდა.
მხოლოდ ერთხელ მოწონებით მაჩვენა თავისი სურათი დაბეჭდილი 1917 . "სახალხო ფურცელის" სურათებიან დამატებაში, საერთოდ ძალიან უწყინარი კაცი იყო, მაგრამ ამასთან ძალიან ამაყიც. "რთველსა" ხატავდა, სურათის პლანს მე ვაძლევდი. ვატყობდი, რომ ძალიან სწყინდა ჩემი თაზე დგომა და ერთხელ მომიბდრუნდა: "წადი აქედან, შენ გიყურო თუ ამასაო". ერთხელ ძლივს დავიყოლიე რომ დაეპატარავებინა რთველის სურათზე რუმბი, რომელიც სურათს მეტად ამძიმებდა. მეორე ჩემი შენიშვნა იყო დაბალი ხარების გამოყვანაზე: ამის გაგონებაზე ნიკომ დასდო ყალამი და მთელი ერთი კვირა აღარც შემოუხედნია...
ბინა არა ჰქონია, საცა ჰხატავდა, იმ ღამითაც იქ იძინებდა. როცა საქმე არა ქონდა, დადგებოდა დუქნის კარებთან და ღიმილით იტყოდა: აბა, რა დაგიხატოთო. სურათი "რთველი" ორი კვირა ხატა სვენებ-სვენებით. ძალიან ხელბარაქიანი მხატვრობა ჰქონდა, თუმცა გაბმით არ უყავდა ხატვა. ცოტას მოუსვამდა კლიონკაზე სამხატვრო ყალამს, მერე არაყს გადაჰკრამდა და ასე და ასე.
სიკვდილის წელს ვგონებ, რომ ორმოცდაათას გადაცილებული იყო. მე მაშინ თბილისში არ ვიყავი, მხოლოდ "ისპანკა" იყო გავრცელებული. სამი დღე უპატრონოდ გდებულიყო ნაგავში. როცა "სწრაფი დახმარების" ეტლში ჩასვეს მან სთქვა: "ხორველა მჭირსო" . დამარხული უნდა იყოს წმიდა ნინოს სასაფლაოზე, არავინ მის კუბოს არ გაჰყოლია მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და საავადმყოფომვე დამარხა.
ყველაზე უკეთესად და დაწვრილებით მისი ამბავი იცოდა განსვენებულმა ილია მგალობლიშვილმა.
ნიკოს სურათებით ერთ დროს გაჭედილი იყო რიყე. მალაკნის ქუჩა და ვაგზალი. მრავალი დაიღუპა. მე პირადათ ვიცი მრავალი სუათები ჟესტზე, ეხლა "ტრუბებად" უკეთია სახლებს.
განსაკუთრებით მშვენიერი ხატვა იცოდა აბრებისა ("ვივესკა") მეცა მაქვს მისგან დახატული აბრა, "ურემი, ღვინოს ბოჭკითა და მეღვინეთი".
მე დამრჩა ორი სურათი "რთველი" და "მოქეიფენი", რომელიც ჩემგან შეიძინა სასყიდელით გაზ. "ბახტრიონის რედაქციამ".
სტატიის მთავარ ფოტოზე კადრი ფილმიდან "ფიროსმანი"
მოამზადა თეა ცაგურიშვილმა