შსს ადასტურებს, რომ მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა, სავარაუდოდ, ცნობილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დეპარტამენტის დირექტორმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღნიშნება.
"თავდაპირველად შეტყობინება შემოვიდა სუიციდის თაობაზე, თუმცა ადგილზე მოსულმა ჯგუფმა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი ნახა. გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ბავშვები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. დამნაშავის სავარაუდო ვინაობა დადგენილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა და ჩატარდება ყველა საჭირო პროცედურა. ადგილზე ასევე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები", - განაცხადა თეიმურად კუპატაძემ.
გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ გარდაცვლილის მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედასთან შერიგებას ითხოვდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილ ცოლს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
იხილეთ ასევე: 25 წლის გოგო, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა - რა მოხდა ბარნოვის ქუჩაზე?
"ინტერპრესნიუსი"