"ვცდილობდი ჩემი ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან და მე მისი ხატვა დავიწყე"- რას ყვება გიორგი გაბუნია?
რამდენიმე დღეა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სატელევიზიო გამოსვლის გამო, რომელიც მხარტვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. "თვითმკვლელი მარიამის" მისეულ შეფასებას მოჰყვა. მოგვიანებით ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ასევე სატელევიზიო ეთერით გამოხმაურებოდა ხალხის უარყოფით რეაქციას, რომელიც მისმა ნათქვამმა გამოიწვია.
"მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩემი და ღმერთის ურთიერთობაზე, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო მთელი კვირის განმავლობაში...ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვიგრძენი ძალიან დიდი მიზიდულობა ორი ხატის მიმართ, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა. ეს ღვისმშობლის და წმინდა გიორგის ხატები იყო. მახსოვს, წმინდა გიორგის ხატი კედელზე ეკიდა ძალიან მაღლა, წინ თეთრი ნაჭერი ჰქონდა ჩამოფარებული, მე ჩუმად ვძვრებოდი სკამზე და დიდხანს ვუყურებდი იმ ხატს ისე, რომ არავის შევემჩნიე. დღესაც ნათლად მახსოვს ის განსაკუთრებული დღე, როდესაც ბებიამ, დედაჩემის დედამ ქაშუეთში შემიყვანა. არ მახსოვს, იმ დღეს ტაძარში როგორ მოვხვდით, მაგრამ კარგად მახსოვს ის ენით აღუწერელი აღფრთოვანება, რომელიც ტაძარში იმ დღეს განვიცადე... ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მომნათლეს ჩემს და ძმასთან ერთად, იმიტომ, რომ ბაბუა გარდაიცვალა და თქვეს, არ შეიძლება ოჯახში ვინმე მოუნათლავი იყოსო. რამდენიმე წლის შემდეგ ბუნებრივად გამიჩნდა მოთხოვნილება, უფრო მეტი რამ გამეგო ღმერთის შესახებ, მაგრამ მაშინ ტაძრების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო და საეკლესიო ლიტერატურა ფაქტობრივად არ იყიდებოდა... უცნაურია, მაგარამ ჩემი ინტერესის შესახებ ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა გაიგო და სკოლაში ჩუმად მომიტანა ოთხთავი და როგორც უდიდესი განძი, ისე მოვასვენე სახლში, შევეცადე წაკითხვას, მაგრამ რადგან ოთხთავი ძველქართულად იყო, ვერაფერი გავიგე და მერე ეს წიგნი დავუბრუნე მასწავლებელს... ასე ჰაერში გამოკიდებული ვცდილობდი, ჩემი ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან და მე მისი ხატვა დავიწყე. ვხატავდი ბიბლიურ თემებზე, რომლებსაც სხვა დიდი მხატვრების ნამუშევრებზე ვსწავლობდი... ალბომები მაქვს ნახატებით გავსებული, რომელებშიც ყოველთვის მთავარი გმირი ღმერთია...დიდი ხანი გავიდა მას მერე, ვიდრე მე სიონის ტაძარში ჩემი პირველი "ახალი აღთქმის" ყიდვა შევძელი, ეს სრული სასწაული იყო ჩემთვის, მოგვიანებით მთლიანი ბიბლიაც შევიძინე. მინდოდა ღმერთთან ურთიერთობა შუამავლის გარეშე, თუმცა შუამავალი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული. მინდოდა ჩემი თავი სრულიად მიმეძღვნა ღმერთისთვის და წლების შემდეგ ბერად აღკვეცას ვაპირებდი, უფრო მეტიც, განდეგილობა მინდოდა ამისთვის სერიოზულად ვემზადებოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ ჩემი მშობლები კატეგორიულად შემეწინააღმდეგნენ, დამითანხმეს იმაზე, რომ არქიტექტურაზე ჩამებარებინა, ოღონდ იმ პირობით, რომ აღვადგენდი საქართველოს დანგრეულ ტაძრებს...ამასობაში ჩემმა მოძღვარმა შემატყო განსაკუთრებული მონდომება და მისთვის რომ არაფერი არ მითქვამს ისე სტიქაროსნად მაკურთხა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა მართლა სამოთხეში მეგონა თავი. ვისწავლე ნუსხურად კითხვა, ვგალობდი, და მედავითნეც გავხდი. ლოტბარიც ვიყავი, ვმარხულობდი, აღსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი, თუმცა შემდეგ ნელნელა მივხდი, რომ ამ წესებში და რიტუალებში ღმერთი ვერ ვიპოვნე და პირიქით ვკარგავდი მას...წამოვედი ეკლესიიდან. მე არასდროს ვყოფილვარ ათეისტი ", - აღნიშნავს გიორგი გაბუნია თავის გამოსვლაში.
"გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა"
"ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს" - რას წერს ლაშა ტალახაძე გიორგი გაბუნიაზე?