სოხუმი, ბებო გენაცვალოს, უფალო შეგვიწყალენ - კოლექცია, რომლითაც დემნა გვასალიამ მსოფლიო აალაპარაკა
დემნა გვასალიამ მსოფლიოს ალაპარაკება კიდევ ერთხელ შეძლო. 1 ივლისს პარიზში Vetements-ის ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობს და რომლის ყურადღების ცენტრშიც საქართველოს ისტორია მოექცა.
"მოდელების შესარჩევი კასტინგი საქართველოში ჩავატარეთ. ავარჩიეთ 40 მოდელი და აქ ჩამოვიყავნეთ. მე მათ ვუყურებ როგორც ქართველი ახლაგაზრდების ხმას, რომლებიც პოლიტიკური რეჟიმისგან იჩაგრებიან და ამის გამო არ შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების გამოხატვა. საქართველოში რეალური თავისუფლება არ არის. მე იქ ვცხოვრობდი, მივხდი, რომ ის დრო ჩემთვის ტკივილიანი იყო და ეს უნდა გამომეხატა", - ამბობს დიზაინერი ახალ კოლექციაზე.
სოხუმი, საქართველო, ბებო გენაცვალოს, ქართველთა გენოციდი, უფალო შეგვიწყალენ - ეს ის წარწერებია, რომელიც დიზაინერმა სამოსზე გამოიყენა.
"კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე, ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისთვის და ტკივილისთვის...
დღეს ყველა ომზე და ლტოლვილებზე ლაპარაკობს და მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. უცნაურია, მაგრამ ეს ამბები ჩემი ცხოვრების შესახებაცაა", - ამბობს დიზაინერი.
აღსანიშნავია, რომ შეიქმნა Vetements-ის აპლიკაცია, რომელზეც დატანილია QR კოდი. კოდის დასკანირების შემდეგ მომხმარებელი გადავა ვიკიპედიის გვერდზე "აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა".
იხილეთ ვიდეო