თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების შეფასების შედეგად, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გაითვალისწინა.

"არაპირდაპირი განზრახვით, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2018 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ვარკეთილში, რ. გ.-მ , საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის აივნიდან, იმავე უბანში მდებარე სხვა კორპუსის მიმართულებით, განახორციელა გასროლა, მისსავე კანონიერ მფლობელობაში არსებული 1985 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის "ნაგანის" სისტემის რევოლვერიდან. გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგომმა შ. მ.-მ მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში, გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბრალდებულ რ. გ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა არ სურდა ეს შედეგი და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას, მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების შეფასების შედეგად, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა პატიმრობა," - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 23 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ასევე: "სახლის ფანჯრიდან გაისროლა და მოპირდაპირე კორპუსში მამაკაცი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დეტალები