"ჩემს გოგონას ქვა ჩაარტყა, დანით დაჩეხა, ციხიდან არასდროს უნდა გამოვიდეს..."
"ჩემი შვილის მკვლელს 20 წელს თუ მიუსჯიან, მე იმისთვის უნდა ვიცოცხლო, რომ 20 წლის მერე მოვკლა"
"ტყუილად შემომატარა მთელი ქალაქი, გამაბითურა"
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი 22 თებერვალს, თემქაზე მომხდარ დანაშაულს განიხილავს, როდესაც გოგონას ნაწამები ცხედარი ავტოფარეხთან იპოვეს. უმძიმესია ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, გოგონას დანით 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თავი კი ქვით - გაჩეჩქვილი.
დანაშაული ოპერატიულად გახსნეს სამართალდამცავებმა და დანაშაულში ანას შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი ამხილეს, მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დასახელდა. ითქვა ისიც, რომ გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა მკვლელობა, საქმეში დევს პოლიციელსა და გრიგალაშვილის შორის გამართული ფარული საუბარი, სადაც ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მას ოფიციალურად ბრალი წაუყენეს, გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.
დღემდე მისი ადვოკატიც ირწმუნება, რომ გრიგალაშვილი უდანაშაულოა. მისი თქმით, გამოძიებას საქმე გაუხსნელი აქვს. თუმცა ასე არ ფიქრობს პროკურატურა და რაც მთავარია, არც დაზარალებული. ანას მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ქალიშვილი ლადო გრიგალაშვილმა მოკლა და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ადვოკატი წარდგენილი ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ბრალის ფურმულირება არასწორია. ნაირა უტიაშვილის თქმით, მოკლულს სამი განსხვავებული საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული და არ არის დადგენილი ეს რა საგნებია, თუმცა ექსპერტიზის პასუხში ეს არსად წერია.
საქმის გამოძიების პროცესში გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას სხვა ბრალდებაც წაეყენა. გამოძიების მტკიცებით, ლადო გრიგალაშვილი მის ნაცნობ გოგონას ფულს სძალავდა და ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა. მიმოწერა გამოძიებამ "ფეისბუკიდან" ამოიღო, მსხვერპლი გრიგალაშვილს დროს სთხოვს, რომ საკმარისი თანხის შეგროვება მოახერხოს. ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ამ მიმოწერას კავშირი არა აქვს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან და მეგობრების ხუმრობის გამო, გრიგალაშვილი არ უნდა გასამართლდეს.
თავად ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პროცესზე კითხვებს არ სვამს, ის ჯერჯერობით ისევ დუმილის უფლებას იყენებს. პირველ სხდომაზე მხოლოდ ის თქვა, რომ უდანაშაულოა და გამოძიების დაწყების პროცესში მას დანაშაული სამართალდამცველებმა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს. საქმეში დევს ლადო გრიგალაშვილსა და გამომძიებელს შორის არსებული პირველი საუბარი, რომელიც საქმის მთავარი მტკიცებულებაა, ბრალდებული ყვება მკვლელობის დეტალებზე. მისი ადვოკატი ამ ჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას მოითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულზე ზეწოლა განხორციელდა, რაც ოჯახის წევრებზე მუქარაში გამოიხატებოდა.
პროცესზე მოკლული გოგონას მშობლები უკვე დაიკითხნენ. სასამართლო სხდომაზე შვილმკვდარი მამა მამუკა ნაცვლიშვილი ცდილობდა როგორმე მოეთოკა ნერვები და ჩვენება აღელვების გარეშე მიეცა. ეტყობოდა ძალიან უჭირდა ამის გაკეთება, ცდილობდა ბრალდებულისკენ არ გაეხედა, ჩვენების დროს რამდენჯერმე თითი გაიშვირა მისკენ და მისი უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
მამუკა ნაცვლიშვილის ჩვენებიდან: - ჩემი ქალიშვილი და ეს არაკაცი ერთ სამშობიაროში არიან დაბადებულები, ბრალდებული 13-ში, ჩემი ქალიშვილი 14-ში, დედამისი და ჩემი მეუღლე იცნობდნენ ერთმანეთს, ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთად გაიზარდნენ. 14 წლის ასაკში შეუყვარდათ ერთმანეთი, 7 წელი გრძელდებოდა ეს ურთიერთობა. ერთხელ იყვნენ დაშორებულები. მაშინ მიზეზი, რომ ვკითხე ჩემს შვილს, მითხრა, რაღაც შეეშალაო, ახლა რომ ვფიქრობ, მათი დაშორების მიზეზი ის იყო, რომ ეს მექალთანეა... 2 წლის მერე მითხრა ჩემმა ქალიშვილმა, ისევ შევრიგდით, ძალიან ვუყვარვარ და მეც მიყვარსო.
რას ვიტყოდი, მეც შევეგუე ამ ამბავს, უყვარდა და ხომ ვერ დავუშლიდი. ხანდახან ვკითხულობდი, რას საქმიანობდა. მითხრა, დაცვის პოლიციაში მუშაობსო... 21 თებერვალს მე და ანა სოფელში წავედით, 22-ში ანას დაქალის დაბადების დღე იყო, იქ წასვლა უნდოდა და მთხოვა, დილას ადრე დავბრუნდეთო, მაგრამ იმ საღამოს ჩამოვედით. გზაში ჩვეულებრივ ვლაპარაკობდით, არ შემიმჩნევია ვინმეზე ნაწყენი რომ ყოფილიყო. ჩამოვედით თბილისში, მერე სახლიდან არ გავსულვარ. ლიგის თამაშები იყო და იმას ვუყურებდი. ჩემი ქალიშვილების საძინებელი ჩემს საძინებელთან არის, ჩვევად მაქვს, ძილის წინ ბავშვების ოთახში შევიხედები, მათ დავხედავდი და დამშვიდებული ვიძინებდი. ამაზე ჩემი მეუღლე მეხუმრებოდა, სად წავლენ ბავშვები, ეს რა ჩვევა გაქვსო.
იმ ღამითაც, ღამის 3 საათზე შევიხედე მათ ოთახში, ეძინა ორივეს და ამის მერე წავედი დასაძინებლად. სავარაუდოდ 4 საათის მერე გაიყვანა, უცებ არ ჩამძინებია, 4-ის ნახევარზე რომ გასულიყო, კარის ხმას გავიგებდი... დილის 8-ის ნახევარი სრულდებოდა მეუღლემ რომ გამაღვიძა, ანა სახლში არ არისო. მეგონა ძაღლი გაიყვანა სასეირნოდ, მაგრამ ძაღლი სახლში იყო. მითხრა, ბრალდებულზე, დილას მოვიდა და ეძებსო, დაბლა რომ ჩავედი ბრალდებული იქ იდგა.
დამხვდა გაპრანჭული, გალამაზებული, თმებზე რაღაც ლაკი ჰქონდა წასმული და არაფერი ეტყობოდა. მას პირადად არ ვიცნობდი, მომესალმა და ტყავის ხელთათმანიანი ხელი ჩამომართვა, ვკითხე, რაშია საქმე-მეთქი, არ ვიცი 5 საათამდე ვემესიჯებოდი და მერე არ გამცა პასუხიო. მაშინ არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, გამთენიის ხუთ საათზე იქნებ ჩაეძინა ადამიანს, რატომ უნდა აეტეხა ამბავი და სახლში რატომ უნდა მოსულიყო გამთენიისას? მითხრა იქნებ დაქალთან წავიდა, დაბადების დღე აქვს დღეს და იქ ერთად უნდა წავსულიყავითო. იმ გოგონას სახლი მე არ ვიცოდი, ბრალდებულთან ერთად 4 მისი მეგობარი იყო, ჩემი მანქანით წავალო, მე ჩემს მანქანაში ჩავჯექი. მინდოდა გურამიშვილის გამზირით წავსულიყავი, მაგრამ მითხრა, ზღვით წავიდეთო და გადამაფიქრებინა იმ გზით წასვლა. ახლა ვხვდები ეს სპეციალურად გააკეთა, იმ გზით რომ წავსულიყავით შეიძლება ჩემი შვილის ცხედარი არ მენახა, მაგრამ იქ ხალხის ჩოჩქოლს რომ დავინახავდი, გავჩერდებოდი და ვიკითხავდი რა ხდებოდა.
იქ მაქვს ავტოფარეხი, ალბათ ისიც იფიქრა, იქ არ შევიდესო, ამაცილა იქაურობას და სხვა გზით მომატარა, ასე დაიზღვია თავი. ზეემკა-ში რომ მივედით ანას მეგობარი ნამძინარევი გამოვიდა და მითხრა, ღამის პირველის ნახევარზე ველაპარაკე, მომილოცა დაბადების დღე და მერე არაფერი ვიციო.
ბრალდებული როგორ იქცეოდა იცით, სხვის დასანახად რომ ნერვიულობს. ვუთხარი, მაშინ მაგთის ოფისში წავალ და ამონაწერს ამოვიღებ- მეთქი. ჩემი ოჯახის წევრების ყველა ნომერი ჩემს სახელზეა.
მაშინ თქვა, მამაჩემმა მითხრა, ბოლო ზარს ვერ გაიგებ სად იმყოფებოდა თუ ზარს არ უპასუხა და ეს ანძამ არ დააფიქსირაო. აქეთ რომ მოვდიოდით მანქანაში თავისი მეგობარი ვინმე ნიკა ჩამისვა და მითხრა, მეგობარს დავსვამ და მერე მეც მოვალო, გზაში მეუღლემ დამირეკა, ანას ნომერი პოლიციის უფროსმა აიღო, ვიპოვეთ ანა, მაგრამ საავადმყოფოშიაო.
მაშინ ნიკამ ჩაილაპარაკა, მე ვიცი ვისი გაკეთებული იქნება, ამას მე გავარკვევო, მაშინ არც ამ სიტყვებისთვის მიმიქცევია ყურადღება, მეგონა ეს (გულისხმობს ბრალდებულს) ნერვიულობდა ჩემს შვილზე, ვუთხარი მის მეგობარ ნიკას მისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ ანა ნაპოვნი იყო...
სახლისკენ წამოვედი, რომ მეუღლე წამომეყვანა და საავადმყოფოში მივსულიყავით. გურამიშვილზე, რესტორან "ურმულის" ამოსახვევთან მამამისი იდგა, მე მას არ ვიცნობდი, არც ის მიცნობდა, ნიკამ მითხრა, მამამისიაო და წავიყვანოთო, გავაჩერე მანქანა და წამოვიყვანეთ.
მერე თქვა, გადავალ პოლიციაში ფეხითო, მე სახლში მივედი მეუღლე რომ წამომეყვანა, იქ პოლიცია დამხვდა და მითხრეს, უფროსი გიბარებთო, არ მეუბნებოდნენ რაც მოხდა, ყველა მიმალავდა, ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო ანა ეჩვენებინათ საავადმყოფოში. იქ მითხრეს ასეთი არავინ შემოუყვანიათო, პოლიცია კი ამბობდა არ დაგვიფიქსირებია ვინაობა, არ გვინდა ჟურნალისტებმა გაიგონო... მერე გავიგე გარდაცვლილი რომ იყო ჩემი ქალიშვილი, ამან ტყუილად შემომატარა მთელი ქალაქი, გამაბითურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავისი ჭკუით უნდოდა გზა კვალი აერია, ვითომ ალიბი რომ შეექმნა თავისთვის...
სამმართველოს უფროსმა მითხრა, საღამომდე გეტყვით ვინ არის მკვლელიო... დამნაშავე არის ეს კაცი, ერთს გთხოვ, ბატონო მოსამართლევ, ძალიან გთხოვთ, ამას რომ მიუსაჯოთ 20 წელი, მე იმისთვის უნდა ვიცოცხლო, რომ 20 წლის მერე მოვკლა ეს კაცი. ლოგინში იწვა ბავშვი, გაიყვანა და მომიკლა, ეს ციხიდან არ უნდა გამოვიდეს, ციხეში უნდა ჩალპეს..."
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა კითხვის დასმა სამძიმრით დაიწყო რაზეც დაზარალებულმა ასე უპასუხა: "არ მინდა თქვენი გაზიარება, შვილს რომ მოგიკლავენ, მერე მიხვდები, რა არის ეს. მოსამართლევ, ამ ქალის მოგონილია (მიუთითა ადვოკატისკენ - თ.ხ.) ის, რომ თითქოს ჩემი შვილი ვიღაცის ბმვ-ში იჯდა, თითქოს ვიღაცასთან ინტიმურ კავშირში იყო, ის ჭორები თქვენ მოიგონეთ, ადვოკატო, ჩემი შვილი მოღალატე არ ყოფილა, ჩემი ქალიშვილი სიყვარულმა დაღუპა. თვალები დაბრმავებული ჰქონდა სიყვარულის გამო, მას სიცოცხლის ბოლომდე ერთი უყვარდა, ეს იყო ბრალდებული..."
შუა ღამით ჩემი ქალიშვილი მარტო ჩემი, ჩემი მეუღლის და ამის თხოვნით გავიდოდა სახლიდან. როგორც მერე ანას მეგობრებიდან გავიგე, სხვა დროსაც გაუყვანია სახლიდან, გვიანაც გასულა ძაღლთან ერთად სასეირნოდ გარეთ, ალბათ მაშინაც ხვდებოდა. რატომ მომიკლა შვილი, ამის მიზეზი სამმა იცის, ამან, ჩემმა ქალიშვილმა და უფალმა. ჩემს შვილს ქვა ჩააარტყა და მერე დანით ყავს დაჩეხილი, ეს არის სიმართლე. ის ციხეში უნდა ჩალპეს. ვფიქრობ, ჩემმა შვილმა იცოდა, რომ ეს სხვა რამეში იყო გარეული... ანა რომ მოკლა, ამის შემდეგ ალიბის შესაქმნელად ანას ნომრიდან ზარი თავის ნომერზე გაუშვა...
თეონა, ანას დედა: " მე და დედამისი ერთ კორპუსში ვართ გაზრდილები, მეზობლები ვიყავით. ერთად მოვხვდით მეხუთე სამშობიაროში. დედამისმა ჩემს გოგოს მაშინ თავისი რძეც კი აჭამა. მერე გაიცნეს ერთმანეთი, რაც გადაიზარდა სიყვარულში. ჩემს გოგოს უყვარდა. ანა უნივერსიტეტის დამთავრებამდე გათხოვებას არ აპირებდა. ბრალდებულის ბებია აქ, სასამართლოში ვნახე და ვუთხარი, როგორ არ გრცხვენიათ მკვლელის ოჯახს, ქუჩაში როგორ გამოდიხართ-მეთქი, მან მითხრა ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე თუ რატომ მოკლაო... გამთენიისას, 6 საათი ხდებოდა კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, რომ გავედი, ჩემი პატარა ქალიშვილი იდგა კართან, ლადოა მოსული, ანა სახლში არ არისო. მეც ვკითხე რა ხდება-მეთქი. ვემესიჯებოდი, მერე არ მიპასუხაო.
ჩემს გოგოსთან რეკავდა ბრალდებული, ახლა თბილისის ზღვაზე ავედი, წყალშიც შევედი და იქაც ვნახეო, - წყალში რატომ ეძებ, რა აწყენინე-მეთქი, - ვკითხე, არაფერი, ერთი ბეწო წყენაც არ გვაქვს ერთმანეთისო, რომ არ გამოჩნდა ბავშვი, მეუღლე გავაღვიძე და ვუთხარი ლადოა მოსული და ანას ეძებს მეთქი... წავიდნენ ანას მეგობართან...
...რომ გავეცანი საქმის მასალებს, მოწმეთა ჩვენებებს, რომ ვაანალიზებ ბრალდებულის საქციელს დარწმუნებული ვარ რომ მკვლელი ეს არის. ჩემი შვილი მხოლოდ ამის დარეკილზე გავიდოდა გარეთ, მაგან გაიყვანა და მოიყვანა სისრულეში რა ჩანაფიქრი ჰქონდა. თქვას რატომ ეძებდა ასეთი ინტენსივობით იმ ღამეს ანას. რატომ მომიკლა, მიზეზი არ ვიცი. ჩემს შვილს ბრალდებული უყვარდა, ანას მეგობრები ამბობენ, ლადოს ანა არ უყვარდაო, ბრალდებულმა სხვა გოგონებთან გააბა ურთიერთობა. ამას ასევე ბრალი ედება სხვა გოგოზე განხორციელებულ შანტაჟში, შეიძლება ეს გაიგო ანამ და ამაზე ჰქონდათ დავა.
მოკლული ანა ნაცვლიშვილის ოჯახის ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ გრიგალაშვილისთვის ბრალის დამტკიცება არ გაჭირდება, რადგან საქმეში საკმაო მტკიცებულებები არსებობს. " ანას სისხლის კვალი აღმოჩნდა გრიგალაშვილის ფეხსაცმელზე, დანაზე, ტანსაცმელზე, რომელიც სახლიდან ამოიღეს და დალუქვას ესწრებოდა ოჯახის წევრები. მამამისის ავტოფარეხში აღმოჩნდა სისხლის კვალი. მე არ მესმის ბრალდებულის ადვოკატის პოზიცია, ის ამბობს, რომ რამოდენიმე იარაღით არის მოკლულიო, არსად არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში რომ სხვადასხვა იარაღით არის მიყენებული ჭრილობა. საქმეში ფიგურირებს ქვა და დანა. ანას ძალიან უყვარდა ბრალდებული, სახლში არის წერილები, სადაც ანა ყველგან სწერდა, მიყვარხარო".
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)