ხორვატული და ქართული სასწაული, ანუ ვის შევაკერინოთ საქართველოს ნაკრების ფორმა? - კრიშტიანუ წავიდა... და მესის რაღა?
ამ წერილს მსოფლიო მუდიალის ფინალის დაწყებამდე ვწერ და შემიძლია მხოლოდ ფინალისტებზე გელაპარაკოთ. ფინალისტებსა და ხორვატულ სასწაულზე. თუმცა გასულ კვირას ფეხბურთში სხვა სასწაულებიც" ვნახეთ - ევროთასებზე მოთამაშე ოთხი ქართული კლუბიდან მხოლოდ ერთი დამარცხდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მადრიდულ თეთრს ტურინული შავი ზოლები გაურია!
ლა-მანშის ნაცვლად ხორვატია! ფინალისტებს რაც შეეხება, საფრანგეთის ნაკრებზე სალაპარაკო ბევრი არაფერია - "ლურჯები" ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იყვნენ და სტატუსს პირველივე მატჩიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ ამართლებდნენ. დიდიე დეშამს ყველა რგოლში თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, უშეცდომო დაცვის ხაზით, რეაქტიული მბაპეთი და გრიზმანით, რომელმაც შეტევასთან ერთად, მეტოქე გუნდის ლიდერების პერსონალური დაცვითაც დაგვამახსოვრა თავი. ფრანგებმა მერვედფინალში არგენტინას აჯობეს, ურუგვაი და ბელგია კი გოლგაუშვებლად დაიფრინეს და აუღელვებლად გავიდნენ ფინალში.
ფინალში, სადაც ერთი შეხედვით, ინგლისთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ... მორიგი "ასწლიანი ომი" არ შედგა. ლა-მანშთან ერთად, ინგლის-საფრანგეთი ხორვატიამაც გაყო და ფეხბურთის სამშობლოს 1966 წლის გამეორების შანსი წაართვა... ნახევარსაუკუნოვანი ლოდინის შემდეგ ბრიტანელები ძალიან ახლოს იყვნენ ნანატრ ფინალთან, მაგრამ ამ სიმპათიურმა გუნდმა მხოლოდ მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა და საბოლოოდ მხოლოდ ტურნირის ბომბარდირ კეინით (რომელმაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ვეღარაფრით გამოიჩინა თავი) და საუთგეიტის ჟილეტით დაგვამახსოვრდა...
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების სათამაშო ფორმა საქართველოშია შეკერილი... სიამაყესთან ერთად, სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ფაქტმა ხუმრობის იშტაზეც მოიყვანა - ჩვენების ფორმა ხორვატებს შევაკერინოთ, იქნებ საქართველოს ნაკრებს ამან მაინც უშველოსო!
სინამდვილეში, მთავარი ფორმა კი არა, თამაში და ბრძოლაა! ბოლო წუთამდე, თავდაუზოგავად, მატჩის მიმდინარეობისა და ფავორიტ/აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად... სწორედ ამ ყველაფერმა გაიყვანა ხორვატია ფინალში. მოდრიჩ-რაკიტიჩ-მანჯუკიჩსაც ვიცნობ(დი)თ და ბევრ სხვა "იჩსაც", ყველა ვთანხმდებოდით, რომ ნახევარდაცვის ხაზში ნებისმიერი გუნდი ინატრებდა "რეალ"-"ბარსელონას" შუახაზელებს, მაგრამ ალალად ვთქვათ - ტურნირის დაწყებამდე, რამდენ თქვენგანს წარმოედგინა ხორვატიის ნაკრები ფინალში?!
არადა, გავიდნენ. 1998 წლის მუნდიალის მიღწევა (მესამე ადგილი) გააუმჯობესეს და გავიდნენ, რადგან ფავორიტებს არად დაგიდევენ, ბოლომდე იბრძვიან და მართალია, დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგნენ (ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ ითამაშეს დამატებითი დრო, საერთო ჯამში - დამატებით 90 წუთი!), მაგრამ 109-ე წუთზე მაინც გაუტანეს ინგლისს და ფინალის საგზური ფუკასავით ააცალეს...
ხორვატებმა ჩვენთან კიდევ მეტი ფანი რომ გაიჩინეს, მხოლოდ საქართველოში შეკერილი მაისურების დამსახურება არ უნდა იყოს. ხორვატია ძალიან გვგავს (თუ ჩვენ ვგავართ?) ტერიტორიის ფართობით, ისტორიით, ხასიათით... ხორვატიამ ფინალში გასვლით უკვე მოახდინა საოცრება. ის მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე მცირერიცხოვანი (4 155 000) ევროპული ქვეყანაა, ვისაც საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უთამაშია!
"ტორპედომ" ალჰაჯებს აჯობა!
ყოველ შემთხვევაში, ერთს ნამდვილად!
ელ ჰაჯი როგორ არ ვიცით. სენეგალის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი შემტევი ელ ჰაჯი დიუფი. აი, ალჰაჯი კი პირველად ქუთაისში ვნახე. მგონი, ქუთაისელებმაც.
სიერალეონელი ალჰაჯი კამარა ტირასპოლის "შერიფის" ფორვარდია. უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მისი "შერიფი" ქუთაისს ესტუმრა და მე-14 წუთზე გატანილი გოლით უგებდა კიდეც ადგილობრივ "ტორპედოს". თუმცა რაღა ინგლისი-ხორვატია და რაღა ჩვენი ჩემპიონი: ათ წუთში ქიმაძემ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი კუხიანიძემაც გაიტანა (პენალტი) და გამოცდილ ტირასპოლელებთან აუტსაიდერად შერაცხილი ქუთაისელები მოლდავეთში კარგ ხასიათზე მიდიან!
შესავალშიც ვთქვით, ქართული კლუბებისგან გამარჯვებებით განებივრებული არ ვართ. ევროთასების პირველ ეტაპზეც კი! ამიტომაც "ტორპედოს" გამარჯვებამ განსაკუთრებულად გაგვახარა. საერთოდაც, ოთხი ქართული კლუბიდან მხოლოდ "სამტრედია" დამარცხდა და ისიც ძალზე დასანანად - მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაშვებული გოლით! სამტრედიელებმა მოედანზეც ისეთივე "სიცხე" ვერ დაახვედრეს ყაზახურ "ტობოლს" (რომლის შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ), როგორიც სტადიონზე, მაგრამ ურიგოდ არ უთამაშიათ და მოგებას თუ არა, მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ.
ფრედ დაასრულეს მატჩები საჩხერის "ჩიხურამ" და თბილისის "დინამომ": ზემოიმერლები "მიხეილ მესხზე" ებრაულ "ბეითარს" დაუზავდნენ - 0:0, "დინამომ" კი სლოვაკეთიდან წამოიღო სასურველი 1:1. "დუნაისკა სტრედასთან" მატჩში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - ზივზივაძემ მე-15 წუთზე გაიტანა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა კონტრშეტევებზე "დინამოც" მწვავედ უტევდა. ჩვენმა გუნდმა მეორე ბურთიც გაიტანა (სამწუხაროდ, არბიტრმა, რომელსაც მასპინძლებისადმი სიმპათიები სხვა ეპიზოდებშიც ეტყობოდა, გოლი არ ჩათვალა) და შეხვედრის მიწურულს ვაწაძემ ბურთი ხარიხასაც მოარტყა, მაგრამ სტუმრად ნათამაშები 1:1 კარგი შედეგია და იმედია, "დინამო" თბილისშიც გაგვახარებს.
ბლანკოსიდან შავ-თეთრში
ფანტასტიკური ცხრა წელიწადი, 438 მატჩში გატანილი 450 გოლი, ოთხჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ხუთი "ოქროს ბურთი" - ასეთი "ბარგი" მიაქვს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალიდან". გასულ კვირას არა მხოლოდ ამ ზაფხულის, უახლოესი (განვლილი და მომდევნო) წლების მთავარი ტრანსფერი განხორციელდა - კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" გადავიდა! ამ გარიგების სანაცვლოდ "სამეფო კლუბი" 100 მილიონ ევროს მიიღებს (6 მილიონით მეტს, ვიდრე 2009 წელს გადაიხადა პორტუგალიელში, თუმცა რა ექვსი - ამ წლების განმავლობაში "ბლანკოსმა" რატომ ასჯერ მეტი არ იხეირა რონალდუს მაისურებით, გოლებითა თუ თასებით!), თავად ფეხბურთელი კი მხოლოდ ხელფასის სახით წლიურად 30 მილიონს ჩაიჯიბავს!
ფაქტია, რომ "რეალმა" მთავარი ვარსკვლავი დაკარგა. "ბლანკოსის" ფანებისთვის ეს სამწუხარო იყო, მაგრამ არა - მოულოდნელი. ბოლო დროს პორტუგალიელი ხშირად წუწუნებდა უყურადღებობასა და ხელფასის მომატებაზე, არც მისი აგენტი იყო უქმად და... "სამეფო კლუბისგან" მალულად მალევე გაიჩარხა "საუკუნის ტრანსფერი".
ოღონდ "რეალს" რონალდუსი რა უნდა გაუკვირდეს, მსგავსი "მამაძაღლობები" ხომ მისი მოგონილია. რაღა შორს წავიდეთ - სულ ერთი თვის წინ არ იყო, მადრიდმა ზედ მუნდიალის წინ რომ "აართვა" ესპანეთის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი?!
ბოლო ცხრა წელიწადი რონი თეთრი იყო, ამიერიდან კი შავ-თეთრი იქნება. მისი სათამაშო ფორმა, თორემ კარიერა?! არა მგონია. რონალდუს კარიერას იტალიის "ჩაკეტილი" ჩემპიონატიც ვერ "გააშავებს"!
100 მილიონი ევრო - 33 წლის ფეხბურთელში ამდენი არასდროს გადაუხდიათ! მაგრამ "იუვენტუსმა" კარგად იცის, რომ კრიშტიანუ არა მხოლოდ "გოლების მანქანას", ფულის საჭრელ "დაზგასაც" ნიშნავს. "ბებერმა ქალბატონმა" იცის, რომ დახარჯულ თანხას პირველივე სეზონში ამოიღებს კრიშტიანუს გოლებითა და მაისურებით. ისევ 7-ნომრიანი, მაგრამ ახლა უკვე ზოლიანი მაისურებით. ზოლებში კი, მაგრამ "გალიაში" კრიშტიანუს ვერავინ ჩასვამს - ვერც ნაქები იტალიელი მცველები! ჩემპიონთა ლიგაზე კი... რა ფერის მაისურითაც უნდა იყოს, რონალდუ იქ თავს ისე ლაღად გრძნობს, როგორც თევზი - კრიშტიანუსთვის მშობლიური მადეირას სანაპირო წყლებში...
"რეალი" ყოველთვის დარჩება ჩემს გულში და ისევე, როგორც 9 წლის წინ, ახლაც ვამბობ: "ჰალა მადრიდ!" - ასე დაემშვიდობა პორტუგალიელი ვარსკვლავი დიდებულ მადრიდულ წარსულს.
"რეალი" რომ პლანეტის მთავარი სუპერვარსკვლავის გარეშე არ გაჩერდება, დღესავით ცხადია. მესი მადრიდში არ წამოვა. ვინ დარჩა? ნეიმარი, მბაპე, კეინი... რომელს "გაათეთრებს" ფლორენტინო პერესი? მალე ვნახავთ!
და მესის რაღა?
"...მუშნი ზარანდიას თავისი შესაძლებლობების საზომად დათა თუთაშხია ჰყავდა. თუ დავუშვებთ, რომ ადამიანს არსებობისა და მოღვაწეობისათვის ცოცხალი მაგალითი სჭირდება და მუშნი ზარანდიასთვის კი ასეთი ეტალონი დათა თუთაშხია იყო, მაშინ ისიც კანონზომიერად უნდა ჩავთვალოთ, რომ დათა თუთაშხიას სიკვდილის შემდეგ მუშნი ზარანდიაც უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან - მით უმეტეს, რომ მან თავისი სულიერი ცხოვრების მოდელი საკუთარი ხელით მოსპო..."
ლეო მესის არავისთვის არაფერი "მოუსპია" (მეტოქე მცველების ნერვულ სისტემას თუ არ ჩავთვლით) და დიდი ალბათობით, არც არსად წავა, მაგრამ... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სეზონში არგენტინელ სუპერვარსკვლავს ძალიან გაუჭირდება!
ჩემპიონობას არ ვგულისხმობ. მოტივაციის პოვნა გაუჭირდება. "თავისი შესაძლებლობების საზომად" ხომ ლეოს კრიშტიანუ ჰყავდა!
ბევრს, ალბათ, გაეცინება, რა მუშნი და მესი, სად თუთაშხია და სად რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუუ, მაგრამ... მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რადგან "თავისი შესაძლებლობების საზომად", მთავარ კონკურენტად და, იმავდროულად, მოტივატორად, ლეოს კრიშტიანუ ჰყავდა, რონალდუს - მესი!
წლებია, მსოფლიო ფეხბურთის ეს ორი მთავარი ვარსკვლავი იბრძოდა ესპანეთშიც, ჩემპიონთა ლიგაზეც და "ოქროს ბურთებისთვისაც"... პორტუგალიელმა პირენეი აპენინზე გაცვალა და ამიერიდან იტალიელ მცველებს დააწიოკებს, ლეო კი...
ლეო დარჩა და მორიგ უიღბლო მუნდიალზე ფიქრის გარდა, რონალდუს წასვლაც უნდა "გადახარშოს".
რატი შელეგია