"მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში"
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრასა და განხილულ საკითხებზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ.
"ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში. საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ. შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ნატოს უკანასკნელ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, თუ როგორ დააახლოებს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოს წევრობასთან. ჩვენ ასევე დავგეგმეთ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ახლო მომავლისთვის ამ თვალსაზრისით. ჩვენ განვიხილეთ სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები.
ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ ჩართულობას და ერთობლივ მცდელობებს ამ მიმართულებით გაძლიერებისთვის. ჩვენ გვექნება უფრო აქტიური საზღვაო თანამშრომლობა და ასევე გაფართოებული ორმხრივი სიტუაციური ცოდნა. საქართველოში თავდაცვის სფეროს რეფორმებზე და ამ თვალსაზრისით ნატოს წვლილზე საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იძლევა შედეგებს. სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი ისეთ სფეროებში, როგორიაა კონტრმობილობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერთავდაცვა.
მომავალ წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას და მოკავშირეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ წვრთნაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, განხილულ საკითხთა შორის იყო საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი. "ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იხილეთ ასევე: იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა