"მმართველ პარტიაში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა მძაფრდება" - "ქართული ოცნება" პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე?!
ვინ შეადგენს "ოცნების" 2020 წლის საპარლამენტო სიას?
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლის" 3 თვის თავზე, "ქართულ ოცნებაში" მორიგი არეულობა და შფოთია. ნინია კაკაბაძის "საზმაუს" ბორდში არჩევის შემდეგ კულუარებიდან ზედაპირზე გამოსული შიდა დაპირისპირება, როგორც ჩანს, არსად გამქრალა და ივანიშვილის დაბრუნებით "ოცნების" შიგნით ვითარების დაბალანსების მცდელობა, ჯერჯერობით მცდელობად რჩება. "განხეთქილების ვაშლი" კი მმართველ პარტიაშია ბევრია...
მას მერე, რაც მთავრობიდან გიორგი კვირიკაშვილი წავიდა, ვითარება უკვე პარლამენტშიც დაიძაბა. "ქართულ ოცნებაში" აშკარად ღიად ამოქმედდნენ ჯგუფები, რომელთაც სურთ ამ 6 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და შეცდომები ექსპრემიერსა და მის ე.წ. გუნდს გადააბრალონ.
თავის დროზე, როდესაც ნინია კაკაბაძის არჩევას მოჰყვა სკანადალი, აშკარად გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" "ძველი გვარდია" უპირისპირდებოდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პარლამენტში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ და რომელთა ჯგუფის ლიდერიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.
შეგახსენებთ, მაშინ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ გედევან ფოფხაძეს სულ ცოტა დააკლდა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასასვლელად.
მის პოზიციას იმხანად იზიარებდა დავით ჭიჭინაძეც, რომელიც მკვეთრი შეფასებების გამო, უკვე გაუშვეს მმართველი პარტიიდან.
უკვე ყოფილ თანაგუნდელს ღიად გამოესარჩლა გედევან ფოფხაძე, რომელმაც მშობლიური პარტია ლამის კომუნისტურ გადმონაშთად მონათლა. მართალია, მოგვიანებით მოიბოდიშა, შეფასებისას გავცხარდიო, მაგრამ, ფაქტია, მისი გაცხარების მიზეზი და უკმაყოფილება ასე ადვილად არსად გაქრებოდა, მით უფრო, რომ ჭიჭინაძე უკვე პარტიის "ბორტსმიღმაა" და უახლოეს მომავალში ალბათ იმაზე მეტ რამეს იტყვის, ვიდრე აქამდე ამბობდა...
კითხვას, კიდევ უფრო ხომ არ გაღრმავდება დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში"? - დავით ჭიჭინაძე ასე პასუხობს:
"მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. როდესაც ადამიანს სიმართლის გულისთვის რიცხავენ, გამორიცხულია, ამან სარგებელი და ავტორიტეტი მოუტანოს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ამ ნაბიჯს დგამს. ესენი ერთადერთი, რასაც ნერგავენ, არის ის ბოლშევიკური წესი, როდესაც ქვეყანაში მეორე პარტიას და განსხვავებულ აზრს არსებობის უფლებას არ აძლევდნენ. ვფიქრობ, ეს პატარა ბავშვები რომ მიუშვა, ერთ დიდ კომკავშირულ პარტიას გააკეთებენ და განსხვავებულ აზრს არ გააჭაჭანებენ..."
სავარაუდოდ, ფოფხაძის გაცხარებები ძალიან ყელში აქვს ამოსული ჭიჭინაძის მიერ "ბავშვებად" მოხსენიებულ ჯგუფს, რომლის წევრებიც პარლამენტის თავმჯდომარის ქოლგაში საკმაოდ არხეინად გრძნობენ ჯერჯერობით თავს, თუმცა მათი აგრესიული და ხისტი პოლიტიკა გუნდის შიგნით შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს პოლიტიკურ პარტიას, მით უფრო მოახლოებული საპრეზიდენტო და ასევე საპარლამენტო არჩევნების წინ...
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირებები კარგად გამოჩნდა ახალი პრემიერის მიერ განახლებული მთავრობის კაბინეტის დაკომპლექტებისას, პროცესი უკიდურესად გაჯანჯლდა, საბოლოოდ კი ბახტაძეს მხოლოდ სამი ახალი კადრის შერჩევის საშუალება მიეცა:
"კაბინეტის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა პარტიის შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის. ეს ჯგუფები საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეადგენს 2020 წლის საპარლამენტო სიას, ამიტომაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება".
შესაბამისად, რაც მეტად მოახლოვდება არჩევნები და დაიწყება საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა, მცდელობა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში ადგილი შეინარჩუნონ, მით მეტია იმის შანსი, რომ პარტიაში რღვევა დაიწყოს.
გაიზიარებს თუ არა ჭიჭინაძის ბედს დეპუტატი გედევან ფოფხაძე უახლოეს მომავალში? - ალაბათ არა, მაგრამ წასვლის კანდიდატები ამ გადასახედიდან ის და ე.წ. "ძველების" ჯგუფია. თავად ფოფხაძე ამ საკითხზე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თუ მართლაც ისიც გაისტუმრეს პარტიიდან, ამით ნაწილობრივ დადასტურდება, რომ "ოცნებამ" კვირიკაშვილის კადრებისგან პარტიის "წმენდა" დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჭიჭინაძის ბედს სხვა დეპუტატებიც გაიზიარებენ.
ამ ვითარებაში საინტერესო იქნება ეკა ბესელიას პოზიცია, რომელიც, როგორც ამბობენ ე.წ. "ახალგაზრდების" ჯგუფს უკვე ყელზე ადგას.
წასვლის სავარაუდო კანდიდატები იქნებიან: შოთა შალელაშვილი, ზაზა პაპუაშვილი და კიდევ რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც არსებული ინფორმაციით, კვირიკაშვილის კადრებად განიხილებიან დღემდე.
საქმე ისაა, რომ 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 7 - ს, სავარაუდოდ, სწორედ ექსპრემიერის კვოტით გასული პარლამენტარები ხელმძღვანელობენ. ესენია: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; ზაზა გაბუნია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ოთარ დანელია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მათგან რამდენიმემ, სავარაუდოდ, კარგა ხანია ირაკლი კობახიძის ჯგუფში გადაინაცვლა, თუმცა რამდენიმეს თანამდებობას, სავარაუდოდ, ზოგიერთი "ახალგაზრდა პარლამენტარი" დიდი ინტერესით" უცქერს...
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურა პატარაძის წასვლის შემდეგ დაიწყო აქტიურად ლაპარაკი, რომ პარტიაში კვირიკაშვილის კადრების წმენდის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური გახდებოდა.
ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული ვერსიაა, პრაქტიკულად კი პარტიიდან ჭიჭინაძის გარიცხვის შემდეგ, ორმა დეპუტატმაც რომ დატოვოს კიდევ მმართველი უმრავლესობა, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას დაემშვიდობება... რასაც იურისტები მიესალმებიან კიდეც, თუმცა "ოცნებამ" კონსტიტუცია ახლახანს დაამტკიცა და ამით მაინცდამაინც დიდი პრობლემები არ შეექმნება, თუმცა არჩევნების კონტექსტში ეს მისი წარუმატებლობის კიდევ ერთი ფაქტი იქნება... მით უფრო, თუ უმრავლესობიდან წამსვლელთა რიცხვი გაიზარდა და მმართველმა პარტიამ მიიღო ოპოზიციური ფრაქცია, რომლსაც მისი რიგებიდან წასული პარლამენტარები შექმნიან...
ჭიჭინაძესთან კონფლიქტამდე "ქართული ოცნება" პარლამენტის 150 მანდატიდან 115-ს აკონტროლებდა, ჭიჭინაძის წასვლის შემდეგ, 114 რჩება, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის გამორიცხული, რომ არცთუ შორეულ მომავალში მისი წიაღი კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს და ცალკე ფრაქციის ჩამოყალიბება სცადოს... შეგახსენებთ, ამისთვის 6 დეპუტატია საჭირო.
იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, პარტია დაღმასვლის გზას დაადგა, ამიტომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ჩამოყალიბებას სავსებით რეალურად მიიჩნევს. მისი თქმით, ჭიჭინაძის გარიცხვა არის ერთგვარი გზავნილი, რომ განსხვავებულ აზრს არ შეეგუებიან და ამით ბევრს პარტიაში მისასვლელ გზასაც უკეტავენ:
"როდესაც პარტია არ დგას ერთ იდეოლოგურ ღირებულებებზე და მხოლოდ ერთ ფაქტორზე - ბიძინა ივანიშვილის გარშემო არიან შეკრებილები, როგორც წესი, ასეთი ფაქტორი დიდხანს მდგრადი ვერ იქნება. და ამით პოლიტიკური კრიზისიც მწიფდება. ახლა "ქართული ოცნება" არის ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც დაღმასვლა დაწყებულია. მეორე საპარლამენტო არჩევნების ვადა არის პარტიების დასასრული. 2020 წლამდე დარწმუნებული ვარ, მივლენ, თუმცა უმრავლესობით?! საკითხავი, აი, ეს არის".
ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს, თუმცა პარტიის შიგნით დაწყებული განხეთქილება თუ დროულად არ აღმოიფხვრა, ვერაფერს გამოვრიცხავთ.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, კი "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება ქრონიკული პროცესია, რომელსაც "აბებით" მკურნალობენ და ახლაც ზუსტად ასე განვითარდება პარტიის შიგნით პროცესები.
"ქართულ ოცნებაში" პრაქტიკულად არ არიან ადამიანები, ვისაც აქვთ საკუთარი პოლიტიკური ავტორიტეტი, კაპიტალი, აქედან გამომდინარე წასვლა ასე ადვილი არ არის. გაშვებით რატომ უნდა გაუშვან?! ყველა ჩუმად არის და სხედან თავისთვის. აგერ ფოფხაძემაც როგორც იცის ხოლმე, ბოდიში მოიხადა. არავინ არის ისეთი, ვისაც აქვს საკუთარი პოლიტიკური რესური. ამიტომ, სავარაუდოდ, თავწახრილები გააგრძელებენ საკუთარი ჭიის გახარებას, მიუხედავად ურთიერთზიზღისა.
შეიძლება ითქვას, რომ მანდ დაპირისპირებების კონსრევაცია ხდება და ვითარების გამწვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეიცვლება პოლიტიკური კონიუქტურა", - აცხადებს ხუხაშვილი.
თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)