"სალომეც ადამიანია, გული ბევრჯერ ეტკინა, მაგრამ არ იმჩნევდა. ალბათ მაინც პროვინციელები ვართ, თორემ მამაკაცები ამდენ უღირს საქციელს არ იკადრებდნენ"
"ძალიან მესიამოვნა ნიკა წულუკიძესთვის სალომეს რომ უთქვამს, საქართველოში ორი დაქალი მყავს - ნათელა მაჭავარიანი და თამარ სხირტლაძეო...ამასწინ რუსთაველის თეტრში ვიყავით და სალომეს გვერდით ნათელა მაჭავარიანი ეჯდა. მე ვუთხარი სალომეს, - ამას დავახჩობ-მეთქი, - ნათელამ გაოცებულმა შემომხედა, - რას მერჩიო? - ვეჭვიანობ, სალომესთან შენ უფრო ახლოს ხარ-მეთქი და სამივემ გულიანად ვიცინეთ", - გვითხრა ქართული თეატრის ცოცხალმა ლეგენდამ თამარ სხირტლაძემ, რომელიც ქვეყნის პრეზიენტად ახალარჩეული სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობაზე გვიყვება.
- ჩემი შვილის პირველი მეუღლე საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ქალი - ნინო კალატოზიშვილია, რომელსაც ახლა ყველა იცნობს, საფრანგეთში თუ ვინმე ქართველი ჩადის, იგი ყველას მასპინძელია. ნინომ ქართული ერთი სიტყვაც კი არ იცოდა, როდესაც ჩემი რძალი გახდა... ჩემი რძალი და მისი მშობლები მუდმივად მიყვებოდნენ სალომეზე და მისი ოჯახის წევრებზე. სალომე როცა საქართველოში ჩამოვიდა, ის და დედამისი ტელევიზიით ვნახე და გაოგნებული დავრჩი. სალომე ხომ ყველამ ვიცით, როგორი იშვიათი გარეგნობის ქალია და დედამისიც ულამაზესი იყო! ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, დღემდე ვერ ვივივწყებ... ჩემი რძლის მეშვეობით ისინი მეც მალე გავიცანი და დღეს სალომესთან დაახლოებით 15-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს...
- თქვენი რძალი ისევ მეგობრობს სალომე ზურაბიშვილთან? - ჩემი რძალი სალომეს იმდენად ახლო მეგობარია, სალომეს თუ ოდნავ რამე განსაცდელი აქვს, იგი პარიზიდან ჩამოდის, მის გვერდით რომ იყოს. ღამე გასათევადაც სალომესთან რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილი და შვილიშვილი აქ ჰყავს... ჩემს სპექტაკლებზე სალომეს სულ ეპატიჟება და ერთად მოდიან ხოლმე. სალომეს დედა და ჩემი ნონოს დედა მეგობრები იყვნენ, შემდეგ ესენიც დამეგობრდნენ და დღეს დებივით არიან. სალომე ნინოს ხშირად სამოსს ჩუქნის და ვინაიდან ჩემი რძალი ტანად პატარა ქალია, ტანსაცმელი მისთვის დიდია და სულ მე მაძლევს.
რუსთაველის თეატრში, სადაც სალომე წინასაარჩევნოდ მსახიობებს შეხვდა, ცოტა დამაგვიანდა და წარმოიდგინეთ, ყველა მე მელოდა, მანამდე არ დაიწყეს სიტყვით გამოსვლები, ვიდრე არ მივედი. ძალიან გამიკვირდა და დიდი უხერხულობა ვიგრძენი... იქ კახი კავსაძე, რომ სიტყვით გამოვიდა, დაუძახეს ეგრე კი არა, სიმღერით ჯობსო. კახიმ მრავალჟამიერი დასჭექა და სალომეს ხელი გადახვია, სალომემ მე გადმომხვია ხელი, ვუთხარი ხომ ხედავ, ამდენი ნანერვიულები ისევ მსახიობებმა გამოგიყვანეთ მდგომარეობიდან და როგორ კარგ ხასიათზე დაგაყენეთ-მეთქი...
- ერთმანეთს ხშირად სტუმრობთ? - არ მიყვარს ფამილარობა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე მეგობრად მთვლის, არ მჩვევია დავურეკო, მივადგე და თავი მოვაბეზრო... არავის ეგონოს, რადგან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მივალ და რამეს ვთხოვ. ერთადერთი სათხოვარი მაქვს, რაც ყველაზე მეტად მტანჯავს, ჩემს სამშობლოში მავთულხლართებს აღარ ვხედავდე!
ერთხელ ტირილიც კი ამივარდა ისე გავმწარდი, როგორ შეიძლება სალომეს ამდენ შეურაცყოფას აყენებდნენ...
კარგად ვიცი მისი ხასიათი! ცოტა ხისტია, უკარება, ძალიან ჯიუტი და პირდაპირი! არავის ენას არ მოუჩლექს! ერთი ჯარისკაცის გაყვანას ვერ ახერხებენ და სალომემ რუსის ჯარი გაიყვანა საქართველოდან, რაც ისტორიული მიღწევა იყო! სალომე მტერს ყოველთვის ხმალამოღებული ეკვეთება და უკან არაფერზე დაიხევს! - ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ქართული კარგად არ იცისო... როგორც მოგახსენეთ ჩემმა რძალმა ქართული საერთოდ არ იცოდა და სალომემ და მისმა შვილებმა განმაცვიფრეს. ქართულიც იციან და ქართული ყველაფერი ძალიან უყვართ! ახლა უნდა მოვთხოვო პასუხი ჩემს რძალს, რატომ არ იცოდა ქართული! რას ერჩიან სალომეს, რატომ გაგიჟდნენ, ვერ ვხვდები! რადგან ქალია? - თამარ მეფე გვყავდა ჩვენ ქალი მეფედ და საქართველოს "ოქროს ხანას" ეძახდნენ იმ პერიოდს. 21-ე საუკუნეში ქალი პრეზიდენტი რა გასაკვირია?! (იხილეთ ვიდეო)
ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს პერიოდი. სალომეზე მეტად ჩემი თავი მეცოდებოდა, რადგან მასზე მეტად მე განვიცდიდი, რაც ხდებოდა. სალომეც ადამიანია და ბუნებრივია გული ბევრ რამეზე ეტკინა, მაგრამ არ იმჩნევდა. არავისთვის უღირსი პასუხი არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებს საძებნად ხელს ჯიბეში არ ჩაიყოფს! აი, რას ნიშნავს ევროპელობა! ჩვენ ალბათ მაინც პროვინციელები ვართ, თორემ მამაკაცები ამდენ უღირს საქციელს არ იკადრებდნენ! ან იმ გოგომ როგორ უნდა იცხოვროს საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან სალომეს რომ აგინა?! ვერ წარმომიდგენია მას როდესმე ვინმე პატივისცემით მოეპყრას! ძალიან მინდოდა იმ წუთებში სალომეს გვერდით ვყოფილიყავი...
წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება!