"დედა ბაგრატიონი მყავდა და მეც ხომ არ მთხოვთ დნმ-ის ანალიზს?.. დროზე უნდა დასრულდეს ეს ცირკი!"
ბოლო დღეებია ვნებათაღელვა არ ცხრება ბაგრატიონების ირგვლივ. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზუნსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობისთვს სასამართლოში უჩივიან. "სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ის კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს", - განაცხადა დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ. ამ ყველაფერს საზოგადოებაში არნახული გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელიც დედით ბაგრატიონია, ამბობს, რომ მისთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მტკივნეულია...
- ბატონო ბუბა, ცნობილია, რომ დედათქვენი გვარად ბაგრატიონი იყო...
- დიახ, დედაჩემი ბაგრატიონ-დავითაშვილი გახლდათ და მეც ხომ არ მთხოვთ, დნმ - ის ანალიზი ჩავიტარო? - ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ისე კი უკიდურესად აღშფოთებული ვარ! ეს არის ყოვლად სამარცხვინო საქმე! ვინ დაიწყო, საერთოდ საიდან მოდის ეს დავა?
- დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებამ აღგაშფოთათ? - დიახ... რასაც ვუყურებდი, ამ ყველაფრის შემდეგ, მე შემრცხვა! საშინელებაა! თუ ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნუგზარ ბაგრატონი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა, მაშინ მოიტანოს დამადასტურებელი საბუთი და დადოს, თუ არა და ცილისწამებისთვის უნდა აგოს პასუხი... აბა, მართლა მცხეთაში დაკრძალული ბაგრატიონების ექსჰუმაცია ხომ არ მოხდება? ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ეს ყველაფერი, დედაჩემი ბაგრატიონი რომ იყო, მხოლოდ მაგიტომ კი არა, უპირველესად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვხედავ, რომ არავისთვის არ არის ეს ამბები სასიკეთო და ქვეყანასაც აზიანებს!
- პირადად იცნობთ ხომ ნუგზარ ბაგრატიონს? - ვიცნობ რომელია კაცო, ჩემი ძმაკაცის შვილია! მე ეჭვი არ მეპარება მის სიმართლეში! ვიცი, რომ ეს გვარი ჰქონდათ და ეკლესიის, ყველას მიერ იყვნენ აღიარებული.
საერთოდ ამაზე ლაპარაკი რომ დაიწყო, ეს არის დაუშვებელი! ამდენი უბედურება გვჭირს ქვეყანაში და ახლა კიდევ სამეფო გვარის სასამართლო დავები დავიწყეთ! სამარცხვინოა! სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გაჯანჯლდება, იქნება გაწევ-გამოწევები აქეთ-იქეთ, კიდევ ვინ იცის, რამდენ სისულელეს იტყვიან და მთელ მსოფლიოს ავალაპარაკებთ! არ ვიცი, გამოსავალი რა არის, მალე რომ დასრულდეს ეს ცირკი! თუ ისე დაბეჯითებით ამბობს სიხარულიძეაო, მაშინ ვიმეორებ, საბუთიც დაუყოვნებლივ მოიტანოს!
მე რომ ახლა ვინმე სულელი შემედავოს კიკაბიძე არ ხარ და პეტროსიანი ხარო, დნმ - ის ანალიზზე უნდა ვირბინო? არაფრის დიდებით არ დავუწყებ ვინმეს რამის მტკიცებას! ძალიანაც მომწონს ნუგზარ ბაგრატიონის პასუხი, უარს რომ აცხადებს, დნმ-ის ანალიზზე!
როგორც ყოველთვის, ჩვენი ნებით ვვარდებით უფსკრულში ! არ შეიძლება, კაცო, ასე, სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი!
იხილეთ ასევე: "უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით"
(სპეციალურად საიტისთვის)