"...ვიღაცას "დედა ენის" ეშინია" - რას ამბობს განათლების მინისტრი გოგებაშვილის "დედა ენის" სკოლებში დაბრუნებაზე? - კვირის პალიტრა

"...ვიღაცას "დედა ენის" ეშინია" - რას ამბობს განათლების მინისტრი გოგებაშვილის "დედა ენის" სკოლებში დაბრუნებაზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გატარებული ბოლოდროინდელი რეფორმები საკმაოდ ინტენსიურია, ზოგი მათგანი კი საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს, რომელთაც უწყების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა "კვირის პალიტრის" ინტერვიუში გასცა პასუხი. მას ისაუბრა როგორც საატესტატო გამოცდების მოხსნაზე, ასევე "დედა ენის" სკოლებში დაბრუნებაზე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- საატესტატო გამოცდების მოხსნას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. ბავშვებს გამოცდებისთვის მომზადება აღარ მოუწევთ და ამ ინიციატივამ შესაძლოა სწავლის დონის დაცემა გამოიწვიოს.

- ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბავშვები მხოლოდ გამოცდებისთვის არ მოემზადონ, რადგან ეს ცოდნა ზედაპირულია და მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზანი აქვს. ჩვენ თუ მხოლოდ ბოლო ორ წელიწადზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოდის, სკოლა ფუნქციას კარგავს, რადგან ვალდებულია, პირველიდან ბოლო კლასამდე მისცეს ბავშვს სათანადო განათლება. განათლების დღევანდელი შედეგები ისეთი დაბალია, ამაზე უარესი რთული წარმოსადგენია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ.

გასაგებია საზოგადოების შიში... ვიღაცას "დედა ენის" ეშინია. როდესაც მასშტაბური რეფორმები ტარდება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც აუცილებლად შესაცვლელია. სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას! დღეს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის მთლიანი რესურსი ბოლო ორ წელიწადში რეპეტიტორებთან მომზადებაზე იხარჯება, რადგან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ავტომატურად ჩნდება გარე გადამზადების მოთხოვნა. როდესაც სკოლა დაიბრუნებს ფუნქციას, რეპეტიტორების პრობლემაც მოიხსნება.

- სკოლებში გოგებაშვილის "დედა ენას" აბრუნებთ, თუმცა თანამედროვეობაზე მორგებულს. როგორ ფიქრობთ, "გათანამედროვებით" "დედა ენა" არ დაკარგავს მთავარ ფუნქციას?

- განახლება მინიმალურია. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" მეტ-ნაკლებად ადაპტირება სჭირდებოდა და არა უხეში ჩარევა, რომელიც პედაგოგიურ მეთოდს დაარღვევდა. არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ენაში არ იხმარება. გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნიკალური მეთოდია, მით უმეტეს, "აი ია" წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? თუმცა მისი გამოყენების საკითხი ნებაყოფლობითია, სკოლის და პედაგოგის თავისუფლება არჩევნის თავისუფლებასაც ნიშნავს. ამიტომ პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად