"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­დის უფრო ხისტ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­გორც ოპო­ნენ­ტე­ბის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ" - როგორ აფასებენ ექსპერტები მთავრობის მორიგ სამთავრობო ცვლილებებს? - კვირის პალიტრა

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­დის უფრო ხისტ პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­გორც ოპო­ნენ­ტე­ბის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ" - როგორ აფასებენ ექსპერტები მთავრობის მორიგ სამთავრობო ცვლილებებს?

შემოდგომა "ოცნების" ხელისუფლებაში ცვლილებით დაიწყება - მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წლისა და 2 თვიანი მმართველობის შემდეგ პოსტს დაემშვიდობება და ასპარეზს შს მინისტრს დაუთმობს. გიორგი გახარიას კი მთავარი პოლიციელის პოსტზე პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად მომავალ კვირას გაკეთდება.

როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ გადამდგარად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. კონსტიტუციის თანახმად, ახალ მთვარობას მომავალი პრემიერი დააკომპლექტებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა გახარიაზე, მაშინ როცა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დედაქალაქში აქციები არ წყდება, პოლიტოლოგებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხისტი პოლიტიკის დაწყებას აანონსებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით, "ოცნება" ძველი სტაბილურობის დაბრუნებას ცდილობს.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამ ცვლილებებით, ხელისუფლება საზოგადოებას გააფრთხილებს, რომ არავის არაფერი შეეშალოს:

"როდესაც ღარიბაშვილი ხელმეორედ გამოჩნდა პოლიტიკაში, მაშინაც ითქვა, რომ იგი ასევე დაბრუნდებოდა შს მინისტრის პოსტზე. მაშინ ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ 20-21 ივნისს მოვლენებმა ხელი შეუშალეს ამას. როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ითქვა, რომ "ქართული ოცნება" შედარებით ლიბერალური პოლიტიკიდან ხისტ პოლიტიკაზე გადადის. ეს უნდა ყოფილიყო ამ ცვლილებების ლაივ-მოტივი. როგორც ჩანს, ახლა უკვე ჩათვალეს, რომ შესაძლებელია ამ ცვლილებების განხორციელება.

ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ხელისუფლება გადადის უფრო ხისტ პოლიტიკაზე, როგორც ოპონენტების, ისე საზოგადოების მიმართ

რა შედეგებს მოუტანს ეს „ქართულ ოცნებას“, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, როგორი ხისტი პოლიტიკაც არ უნდა აწარმოოს მმართველმა ძალამ, თუ ამ გადაადგილებას არ მოჰყვა რაღაც ცვლილებები ქვეყანაში და ეს არ იქნება რეალური და ხელშესახები, მაშინ არც არაფრის მომტანი არ იქნება.

ის აქცია, რომლის დარბევაც 20 ივნისს ღამეს მოხდა, ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ სწორად არ გაიაზრა. მაშინ ამ აქციის დარბევა დაკავშირებული იყო 2020 წლის არჩევნებთან. დღეს ამ ხალხის დაწინაურება იქნება კიდევ ერთი გაფრთხილება ხელისუფლების მხრიდან, რომ არავის არაფერი შეეშალოს 2020 წელს.

გულწრფელად რომ გითხრათ, ამას ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაბიჯებმაც შეუწყო ხელი. ზოგ-ზოგიერთმა დროზე ადრე მოინდომეს რაღაც ნაბიჯების გადადგმა, არ დაელოდნენ პოლიტიკური ვითარების მომწიფებას. თუმცა, ვნახოთ შეიძლება ხელისუფლებას მართლა აღმოაჩნდეს სკივრში გადამალული, რაღაც არაჩვეულებრივი გეგმა, რომლითაც შეძლებს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ამომრჩევლების უკან მობრუნებას.

ასეთი ცვლილებები წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა - 2012 წელს, როდესაც პრემიერი გახდა მერაბიშვილი, ხოლო შს მინისტრის პოსტი ბაჩო ახალაიამ დაიკავა. თუმცა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ცვლილებებმა ვერ უშველა. „ოცნების“ შემთხვევაში კი, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება" - განუცხადა AMBEBI.GE ძაბირაძემ. (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება