მოგზაურობა სამშობლოს გარშემო - ცხრაწყაროს უღელტეხილიდან ბუღდაშენამდე
დასაწყისი იხ. მოგზაურობა მშობლიურ მხარეში
მეორე დაუვიწყარი გასვლა ჯავახეთში ბაკურიანიდან მოვაწყეთ. მწიფე ჟოლოთი და ველური მოცხარით შემოსილი აღმართის ავლის შემდეგ ცხრაწყაროს უღელტეხილი გადავიარეთ. ჩვენ წინ განუმეორებელი ჯავახეთის პეიზაჟი და მისი მარგალიტი - ტაბაწყური გამოჩნდა.
ჯავახეთი, სისხლხორცეულად ქართული, მრავალ ჭირვარამგამოვლილი, მხოლოდ მისთვის გამორჩეული ელფერისაა. ტბამრავალი და მთამრავალი, ახლა უტყეო, მაგრამ ალაგ-ალაგ ფიჭვის კორომებით, ნაყოფიერი, შავმიწა ნიადაგიანი პლატოებითა და ხევხუვ-კანიონებით, ალპურ-ბალახოვანი ველებითა და და ნოყიერი საძოვრებით, დახუნძლული ისტორიული ძეგლებით. განუმეორებელი სურათის შემქმნელი ყარყატებით / ლაკლაკებით / ჩაკლაკებით...
ადმინისტრაციულად აქაურობა ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. კარგი სანახავია ტბა ტაბაწყური - ღრმაწყლიანი, კამკამა, ლამაზი გარემოთი და უხვთევზიანი. გაღმა ფიჭვების ტევრია, მარცხნივ, ჰორიზონტზე თავკვეთილის მთაა. თავკვეთილი - ზუსტი სახელი მოუძებნია ჩვენს წინაპარს ამ ჩამქრალი ვულკანისთვის, რომელსაც დროდადრო ღრუბლის ფთილა მოადგება ხოლმე გვირგვინივით. აქაური სოფლების ძველქართულობის მოწმეა არაქართულ გარემოში აღმართული ტაძრები და მათ ეზოებში ქართულწარწერიანი საფლავის ქვები.
ამბავი ტაბაწყურს შეფარებული სომხებისა
დღეს ტაბაწყურში სომხები სახლობენ. მათი წინაპრები 1915 წელს თურქეთიდან აწიოკება-ჟლეტას გამოქცევიან და ჯავახეთისთვის შეუფარებით თავი. ტაბაწყურელი კაცი ყოფილა გავლენიანი პიროვნება ალექსი სანდოძე. აქ მისი ხელშეწყობით დასახლებულან. ამის შესახებ მისი შვილიშვილი ვენერა სანდოძე გვესაუბრება, რომელიც ძლივსღა მეტყველებს ქართულ ენაზე.
სოფელში ორი ქართული და ერთი სომხური ეკლესიაა. ეს უკანასკნელი ახალია, მოქმედი. ქართული ტაძრები კი ცხადია, ძველია. ერთი მათგანი, დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია "წითელი ტაძარი" X საუკუნისაა. იქვე ქართულწარწერიანი საფლავის ქვებია მიმოფანტული. ერთ მათგანზე იკითხება - "მინაძე".
ჯავახეთის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობა ზოომორფული საფლავის ქვებია ცხენებისა და ცხვრების გამოხატულებით. ასეთი ტიპის საფლავის ქვების გამოქანდაკება XIV-XV საუკუნიდან იწყება. ეკლესიის ეზოში მდგარი ვერძი თითქოს აქაურობისა და წითელი ტაძრის ერთგულ დარაჯად დაუტოვებია ადრინდელ მკვიდრ ქართველობას. ტაძარზე გამოკვეთილ ჩუქურთმებს შორის ყურადღება მიიპყრო ვაზისა და ყურძნის გამოსახულებამ. მიუხედავად იმისა, რომ ტაბაწყური სუბალპური და ალპური ზონების მიჯნაზეა და ვაზი აქ არ ხარობს, როგორც ჩანს, უსახელო ხუროთმოძღვარმა გვერდი ვერ აუარა აგრერიგად ქართულ მოტივს, ქართველთათვის საკრალურ მცენარეს.
იქვე, ტაძრისადმი შეწირული დერგი ანუ ხალამია - საზედაშე დერგი. ჩვეულებრივ, როგორც წესი, ზედაშე ღვინისა იყო. თუმცა განსაკუთრებით მთაში იცოდნენ ხორბლისა და ერბოს ზედაშეც. ალბათ ეს ტრადიციაც ეხმარებოდა და აქაურების ორმო-ხაროები სავსე იყო ხორბლით, ხოლო დერგები - ერბოთი.
ბურნაშეთსა და აზავრეთში
ტაბაწყურიდან ხრამისა და ფარავნის წყალგამყოფი სერები გადავიარეთ და ჯავახეთის პლატოს ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული სოფლების - ბურნაშეთისა და აზავრეთისკენ ავიღეთ გეზი.
ეს უკვე ჯავახეთის ბურნაშეთია. არის წალკა-თრიალეთურიც. სოფელი ფარავნის ტბის აუზშია, მდინარე ჭერულის (სომხები ჯერულს ეძახიან) პლატოს ჩრდილოეთით. ტაძარი X საუკუნისაა, დარბაზული, შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭით, მზის საათით. სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ტაძარი მოვლილია, რესტავრირებულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. ძალიან საინტერესო წარწერები აქვს. ეს გახლავთ კომპოზიცია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე შესაბამისი მავედრებელი ტექსტით: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა, ეგრე იხსენ ამის წმიდისა ეკლესიისა მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა".
სამეურნეო-ყოფით დეტალებს აცოცხლებს მეორე წარწერა ტაძრის შიგნით, რომლის მიხედვითაც ვინმე გიორგი ყანას სწირავს ბურნაშელ მღვდელს. ცხვრის რელიეფური ქანდაკებაა ამოკვეთილი ბურნაშეთის ტაძარზე. მასზე სიძლიერის გამომხატველი ყოჩი "იკითხება". დიახ, ასეა! ქართული ტაძრებიდან იდეოლოგიურ-საკრალურ იდეასთან ერთად ჩვენი ხალხის სამეურნეო-კულტურული ტიპი გამოსჭვივის: რქებაპყრობილი ხარები, ცხვარ-ვერძები, ვაზ-ყურძენი და სხვ.
უკვე აზავრეთში ვართ. სოფელი აზავრეთისწყლის პირას არის გაშენებული, თრიალეთის სამხრეთ ფერდობზე. აქედან იწყება ჯავახეთის ვრცელი, ნაყოფიერი პლატო. მაღალი ადგილია, 2100 მეტრი ზღვის დონიდან (თითქმის უშგულის სიმაღლე). მრავალი ფრესკული გამოსახულებითაა შემკული აზავრეთის ტაძარი. მისი მღიერ და ლიქენმოდებული, ყვითლად მომზირალი კედლები და ჩაქცეული გადახურვა დიდი ხანია რესტავრატორის მოლოდინშია. ბურნაშეთის მსგავსად, აქაც სპირალურად დაგრეხილრქიანი ყოჩია ფასადზე გამოქანდაკებული.
ამ სოფლის სახელის, აზავრეთის ეტიმოლოგიის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ეს სახელი სიტყვა აზავერიდან უნდა მომდინარეობდეს. აზავერი კი სულხან-საბას მიხედვით, "ხარია საკიდარი", ანუ სასაპალნე, ტვირთის საზიდარი საქონელია. მათ ძალას ადრე შუა საუკუნეებში განსაკუთრებით ფართოდ იყენებდნენ საოჯახო მეურნეობაში, მშენებლობის, მათ შორის ეკლესია-მონასტრების აგების დროს. შესაძლებელია შუა საუკუნეებში აქ, ამ სოფელში სწორედ აზავრები გამოჰყავდათ და ხედნიდნენ.
განვაგრძობთ მოგზაურობას ჯავახეთის ნაყოფიერ და ბარაქიან ზეგანზე. თვალში საცემია მთის შავმიწა ნიადაგები. ქართლში რომ იტყვიან, ღალიანი, კარაქივით მიწააო. ერთმანეთს ენაცვლება ქართულ მიწა-წყალზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები სომხური მოსახლეობით - ღადო და ლომატურცხი, ბარალეთი (ქართველებიც არიან დარჩენილი) და იხტილა (ქართული ღრტილა)... ქალი და კაცი, დიდი და პატარა მინდორშია გამოსული, შრომობენ... განთქმულ ახალქალაქურ კარტოფილს იღებენ, ლობიოს ცეხვავენ, თივას ამზადებენ, ხორბლისა და ქერის მომკილი ყანების ნაწვერალში პირუტყვს აძოვებენ. სელიც კი დაუთესავთ. გამრჯე ადამიანი ყოველთვის პატივისცემის განწყობას იწვევს.
ბაგრატ IV-ის პალატი ღრტილაში
შერეული ქართულ-სომხური სოფელია ბარალეთი. სოფლის ცენტრში დგას XI-XIII საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა წარწერით, სადაც ლაშა გიორგია მოხსენიებული. ეკლესიის ეზოში საფლავის ქვებზე იარაღია ამოკვეთილი, სავარაუდოდ, ჯილღას ტიპისა სახნის-საკვეთელით. აქვეა გამოსახული ხმალი, თოფი და საპირისწამლე. გამოსახულებების მიხედვით, ის XVIII-XIX საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა XIX-XX საუკუნეების მიჯნის ობელისკის ტიპის საფლავის ქვა, რომელიც წარწერის მიხედვით მადლიერ ბარალეთელებს დაუდგამთ მასწავლებელ პეტრე ხმალაძისთვის. ტაძრის სამრეკლოს სახურავზე უზარმაზარი ბუდეა, სადაც "დაფუძნებულან" ყარყატები, რომელთაც ჯავახეთში ლაკლაკებს / ჩაკლაკებს ეძახიან და რომელნიც ძალიან უხდებიან ამ კუთხეს. ბარალეთსვე ამშვენებს ტრადიციული ქართული ხალხური საცხოვრებელი - ბერძენაძეებისა და გოგოლაძეების მესხური ერდოგვირგვინიანი დარბაზოვანი.
ბარალეთთან ახლოსაა და მის სათემო საბჭოში შედის კიდევ ერთი ისტორიული სოფელი ღრტილა, რომლისთვისაც ამჟამინდელ მოსახლეობას იხტილა შეურქმევია. ღრტილას ტაძარზე რამდენიმე სამშენებლო ფენა იკვეთება: VIII-IX საუკუნეების, XI და XIV საუკუნეების კვალი. ღრტილაში ჰქონია ერთ-ერთი სამეფო პალატი ბაგრატ IV-ს, ხოლო 1046 წელს აქვე მომხდარა ქართველი და სომეხი სასულიერო პირების შეხვედრა, სადაც მთავარი საკითხი ყოფილა არა რელიგიური თემა და პოლემიკა სასულიერო საკითხებზე, არამედ სამხედრო მოქმედებაში ერთობლივი მოქმედების დაგეგმვა. ვვარაუდობთ, ბიზანტიის იმპერიის მძლავრობის წინააღმდეგ.
სამსარის ქვაბების იდუმალება
ბარალეთ-ღრტილადან სამსარის ქვაბებისკენ ანუ გამოქვაბულებისკენ გავეშურეთ. აქ შუა საუკუნეებში კლდეში ნაკვეთი დასახლება ყოფილა ასევე კლდეში გამოკვეთილი ეკლესიით. სამსარის ქვაბები სამსარის ქედის დასავლეთ ნაწილშია. იგი უფლისციხესთან, ვარძიასთან, ვანის ქვაბებთან, ივრის ქვაბებთან ერთად, კლდეში ნაკვეთ დასახლებათა წრეს მიეკუთვნება. აქ მძლავრი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა.
საინტერესო სანახავია საცხოვრებელი სენაკ-ოთახები, რომლებიც ერთგვარად იმეორებს ტრადიციული დარბაზული საცხოვრებლის კონსტრუქციულ ელემენტებს. კერძოდ, ზოგ მათგანს ერდოები გააჩნია კერიდან კვამლის გასასვლელად და სინათლის სხივის შემოსასვლელად. შემორჩენილი უნიკალური წარწერა ასე იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობლისაითა ესე წმიდაი ოდეს აღაშენეს მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩანდა". უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელ ჯავახეთში აქა-იქ თუ შეხვდებით ფიჭვის კორომებს... თვალის ერთი შევლებაც საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ სამსარის ქვაბებში საკონსერვაციო სამუშაოებია ჩასატარებელი ამ უნიკალური ძეგლის შესანარჩუნებლად.
მეგალითური აბული
სამსარიდან გეზი აბულის ციხისკენ ავიღეთ. გზად გავიარეთ ახალქალაქი ცნობილი ციხითურთ, ბავრა, კარტიკამი, თახჩია, თორია და მივადექით პატარა აბულის მთისძირს, გავშალეთ კარვები და დავბანაკდით სოფელ ეშტიადან სამიოდე კილომეტრში, ფიჭვის ტყე-კორომის პირას, დილის სისხამზე კი აბულის ფერდობს ციხისკენ შევუყევით. აბულის ციხე მთის ერთ-ერთ მწვერვალზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2670 მეტრზე. მდებარეობა საუკეთესოა, სტრატეგიულია. ყველა მიმართულებას და ყველა მხარეს აკონტროლებს!
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი უნიკალურია ქართულ ციხესიმაგრეთა შორის, შაორის ციხესთან ერთად. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ იგი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ამავე დროს ტიპური მეგალითური, ციკლოპურ ნაგებობათა კომპლექსია. მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, საფუძვლიანად შესწავლილი არ არის. სწორედ მისი საფუძვლიანად შესწავლა დაისახა მიზნად არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა და დაიწყო კიდეც ეს საქმე, "დევების ციხეზე" ბევრ სიახლეს გავიგებთ.
ვულკანურთან ერთად, აქაურობა მყინვარული წარსულისაა. ლანდშაფტიც მყინვარულია, მთელი არეალი მორენული ღვარებით არის სავსე. თითქოს ბუნებას უზრუნია ციხის ასაგებ საშუალებებზე, ყინვა-სიცხის მონაცვლეობას ათასწლეულების განმავლობაში შთამბეჭდავი მონოლითები უზარმაზარ ლოდებად დაუქუცმაცებია, მათი გადაადგილებაა საჭირო და დარან-სამალავებიც მზად არის. ასე, მშრალი წყობით, უდუღაბოდ აუგიათ ჩვენს წინაპრებს აბულის მწვერვალზე აკლდამები, ციხე-ბურჯები და თვით მძლავრი გალავანი. უზარმაზარი ლოდებით საცხოვრებელი სადგომებიც უშენებიათ, ამოუყვანიათ კედლები მშრალი წყობით და გადახურვაც ამავე წესით, თანდათანობით პირამიდულად დაუვიწროებიათ და გვირგვინიც მიუღიათ თავისი ერდოთი. ცხადია, ყველა გვირგვინი ჩაქცეულია და აღდგენას საჭიროებს. ესეც ჩვენი ტრადიციული ქართული, მესხური ერდოგვირგვინიანი საცხოვრებლის "წინაპარი".
ასეთი ხერხით შექმნილ ნაგებობებს მეცნიერებაში მეგალითური, იგივე ციკლოპური ჰქვია. ასოციაციით "გადმოვდივარ" თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ჯავახეთიდან, სოფელ ჭაჭკარიდან გადმოტანილ მეგალითებით ნაგებ დარბაზულ სახლში, რომელსაც ხალხში "დევების სახლს" ეძახიან. ანალოგია აშკარაა.
საქონელმრავალი ჯავახეთი
ყურადღებით დავათვალიერეთ მეგალითური ციხესიმაგრე, დარან-გვირაბებშიც შევიხედეთ, მიმოვიარეთ ფერდობები, სადაც ძროხამრავალი ჯოგ-ნახირი ბალახობდა ცხენზე ამხედრებული აქაური სომეხი მენახირის მწყემსობით. ცხრაწყარო-ტაბაწყურის მიდამოებში აზერბაიჯანელ მწყემსებსაც შევხვდით. იქვე გაუკეთებიათ ცხვრის ბინები იორმუღანლოელებს და ცხვრის ფარები თრიალეთის ფერდობებზე გაუშლიათ. ძველადაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობდა აქაური ქართული მოსახლეობა და საზაფხულო იალაღებზე საქართველოს სხვა კუთხეებიდან ამოსულიც.
გვახსენდება ეპიზოდი ხალხური "არსენას ლექსიდან" ფარსადან ბოდბისხეველის შესახებ: "როცა ქიზიყში დაცხება, / თრიალეთს წაასხამს ცხვრებსა"... მეტიც, ოსმალობის მძიმე დროს, როცა ეს ბარაქიანი მიწა-წყალი დაპყრობილი ჰქონდათ, ქართლიდან, კახეთიდან ქართველ მწყემსებს მაინც გადმოჰყავდათ საქონელი და აქაურობას საზაფხულო იალაღებად იყენებდნენ, ალბათ საზღაურის ფასად. ეს მიდამოები მაშინაც ხომ ადგილობრივ, ქართველ თავად-აზნაურთა ხელში იყო. ძლიერია სამეურნეო-ეკონომიკური ფაქტორი... საქონლის ჯოგ-ნახირისგან განოყიერებულ ალპურ საძოვრებზე, ღამის შხაპუნა წვიმის შემდეგ მზე რომ ამოიწვერა, სოკოც ამოჰყვა. სოკოზე ბევრგან და ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ გაოცებისგან გახალისებულს ამდენი და ამ ზომის ქამა და "ნაწვიმარა ფშუკუნა" სოკო არსად "ამიყვანია"!
ატოლი და ღიმიო,
ანუ ბუნების ნობათი
ბარაქიანი და მადლიანია ჯავახეთის მიწა. მაგრამ მოუსავლიანი წლებიც ყოფილა. აი, მაშინ პირდაპირ შვება იყო ტრადიციული, ველური მხალეული და საკვები მცენარეები, უმადაც და მწნილადაც. თუმცა რატომ მხოლოდ მოუსავლიანობისა და შიმშილობის დროს. "მაძღრობაშიც" შეუცვლელი იყო ვიტამინებით ხვავიანი "ბუნების ნობათი", განსაკუთრებით ნაზამთრალზე. ის კვლავაც ადასტურებს ჩვენი წინაპრების კვებითი კულტურის ღრმა ტრადიციებსა და რაციონალურობას. საყოველთაოდ არის გავრცელებული ხალხურ თქმათა სხვადასხვა ვარიანტები - "ატოლი და ღიმიო, / ჯავახეთის ხილიო..."
აქაური ველური მცენარეულობაა ღიმი და ატოლი, სვინტრი და თელახარშო, თერო და ფამფარა, ბალბა და წირანი, კოფჩხილო (სამცხეში ბატიფეხა) და ყველა კუთხეში ასე ნაცნობი ღოლო. ნაწნავებად დაწნული და ზამთრისთვის შენახულიც და დაუწნელიც, ნედლად და მისგან მომზადებული ღოლოს შეჭამანდი... თუმცა ჯავახური ხალხური კულინარია ცალკე თემაა, ღრმა და საინტერესო.
პატარა აბულიდან ფერდობ-ფერდობ დავეშვით, რადგანაც ამჯერად გეზი მადათაფისა და ბუღდაშენის ტბებისკენ გვეჭირა, კურსით - ეშტია, ყაურმა, ჯიგრაშენი, ნინოწმინდა, მადათაფას ტბა, გორელოვკა, ბუღდაშენის ტბა.
ფრინველთა საბრძანებელი
უამრავი წყლის ფრინველი ირევა მადათაფაზეც და ბუღდაშენის ტბაზეც. განსაკუთრებით თბილ თვეებში. ზოგი ადგილობრივია, ზოგიც გადამფრენი. პირდაპირ მისწრებაა ორნიტოლოგებისა და ამ სფეროთი დაინტერესებულებისთვის, მათ შორის უცხოელი სტუმრებისთვისაც. ორივე ტბა აღკვეთილად არის გამოცხადებული, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შემაღლებულ ადგილებზე, ფრინველთა სათვალთვალო და დასაკვირვებელი კოშკები მოუწყვია.
მადათაფა, იგივე მადას ტბა თხელია, წყალმარჩხი და მთელი მისი სანაპიროები და თავთხელიც წყლის მოყვარული მცენარეულობით არის დაფარული. მასში ჩაედინება მდინარე კურიანჩაი, რომელიც შემდგომ ბუღდაშენის წყალს ერთვის, ორივე კი ფარავნისწყალს ნინოწმინდასთან. ამ არემარეზე სამი სოფელია გაშენებული - ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.
წყლის ფრინველთა "ალიაქოთით" შეგვხვდა ბუღდაშენის ტბაც - წეროები და ყანჩები, გარეული იხვები და ბატები, ქოჩორა და წითელნისკარტა ყურყუმელები, ვარხვები და თოლია, უთვალავი თოლია. თვალსასეირო სანახავი იყო, ერთბაშად რომ წამოიშლებოდნენ და ფრთების ტყლაშუნით ტბის მოპირდაპირე მხარეს მიაშურებდნენ...
დუხობორები, გორლოვკა და აჭარელი ჯავახები
ბუღდაშენის ტბის სანაპიროზე სოფელი გორლოვკაა გაშენებული. მას საინტერესო ისტორია აქვს. XIX საუკუნის 40-იან წლებში აქ დაფუძნებულან და მოუძებნიათ წყნარი სავანე რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილ დუხობორებს. დუხობორები ანუ როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, "სულისთვის მებრძოლნი", პროტესტანტული სექტაა, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში XVIII საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა. ვორონეჟის, ტამბოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში ამ სექტის დამაარსებელნი იყვნენ გლეხი სილუან კოლესნიკოვი, ვაჭარი ილარიონ პობიროხინი და გადამდგარი უნტერ-ოფიცერი საველი კაპუსტინი. დუხობორებს დიდი პრობლემები ჰქონდათ ოფიციალურ ხელისუფლებასთან და ერთი სული ჰქონდათ, ცენტრალური გუბერნიებიდან მოეცილებინათ.
ცარისტულმა რუსეთმა პროტესტანტი სექტანტები საქართველოში, ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში ჩამოასახლა. დუხობორები შრომისმოყვარე და წესრიგის მომხრე იყვნენ, ჩამოსახლებისთანავე შექმნეს თავიანთი თემები, ერთგვარი კომუნები. მათი საქმიანობა შრომა და ლოცვა იყო. მათი დიდი გულშემატკივარი იყო ლევ ტოლსტოი, რომელიც გორლოვკელებს სკოლის დაარსებაშიც მიხმარებია.
ამ ოცდაათიოდე წლის წინ დუხობორები ჯავახეთიდან აიყარნენ. ნაწილი თავის ძველ სამკვიდროს, ტამბოვ-ვორონეჟის მხარეს დაუბრუნდა, დიდი ნაწილი კი ემიგრაციაში გაემგზავრა. კანადაში, საუკუნეზე მეტი ხნის წინ იქ დაფუძნებულ თავიანთ თანამოაზრეებსა და მეთემეებს შეუერთდნენ. წასულთა ადგილი მეზობლად მცხოვრებმა სომხებმა დაიკავეს. რამდენიმე სოფელში ქართველი ეკომიგრანტებიც ჩასახლდნენ და ჯავახეთის მრავალნატანჯი მიწა კანტიკუნტად შემორჩენილ ქართულ სოფლებში, ჯავახ ქართველებთან ერთად, აჭარელმა ქართველმა ბავშვებმაც აახმაურეს.
დავათვალიერეთ გორლოვკაში დუხობორების მორთულ-მოფერადებული ხატა-სახლები. იქვე, სტადიონიდან ბავშვების ჟრიამული შემოგვესმა, მივედით, სადაც ჯავახ, აჭარელ ბავშვებს სომეხ თანატოლებთან "პრინციპული" საფეხბურთო მატჩი გაემართათ. მაყურებლებისგან გამხნევებულმა ბავშვებმა უფრო აზარტითა და ჟინით უმატეს ტემპს. მოვეფერეთ ნორჩ ფეხბურთელებს, წარმატება ვუსურვეთ ჩვენს მომავალ თაობას და იმედიანი განწყობით დავტოვეთ მადლიანი ჯავახეთი, ჩვენი ჯავახეთი.
(დასასრული) ნოდარ შოშიტაშვილი
ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#107