"ზაზა პირველად რომ მოვიდა ჩვენთან, ავხედე და... იმხელაზე გადავწიე თავი, აბადოკი მომძვრა"
"როლზე რომ დამამტკიცეს, ზაზამ მითხრა, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი ამოვშალოო"
როდესაც ზეინაბ დვალიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ელვირის დედის როლზე დაუმტკიცებიათ, ზაზა ფაჩულიას უხუმრია: ზეიკო, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი ამოვშალოო. საქმე ის არის, რომ ქალბატონი ზეიკო ზაზა ფაჩულიას სიდედრია და თავი შეირცხვინა კი არა, შესანიშნავად შეასრულა ჭირვეული და ტვინისმჭამელი დედის როლი.
- ამ სიბერეში, 25 წლის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. ერთ დღეს მირეკავს ეკა მჟავანაძე, არ გინდათ, "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაგიღოთ, ხვალ ქასთინგზე მობრძანდითო. ისეთი შოკი მივიღე, ენა ჩამივარდა. იმისი არ იყოს, ლატარიის გათამაშებისას, პირდაპირ ეთერში მანქანებს რომ იგებენ და უხმოდ ხვდებიან, ამაზე სულ ვგიჟდებოდი, ვამბობდი, მე რომ მოვიგო, ალბათ, ჩემი კივილი წაიღებს მთელ თბილისს-მეთქი და ახლა სიხარულისგან მეც დავმუნჯდი. მერე, როგორც იქნა, ამოვღერღე, ახლა გული გამიჩერდება-მეთქი. მეუღლეს რომ ვამცნე, ირონიულად გამოიხედა, სიტყვაც არ უთქვამს. მერე ჩემს დას დავურეკე, მულსაც, ვკიოდი... მოკლედ, ქასთინგზე ტექსტი წამაკითხეს, მეორე დღეს კი დამირეკეს, დამტკიცებული ხარო.
- ეკრანულ შვილს როგორ შეეწყვეთ?
- ძალიან კარგად. სკეტჩებით კი ვიცნობდი, მაგრამ როგორც მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობს.
- ისეთი დუეტი ხართ, გიყურებთ და ვფიქრობ, მტერი შემოვიდა თქვენს ოჯახში რძლად-მეთქი... - ზუსტად ეგეთები ვართ. ჩემი შვილები დამცინიან: დედა, შენ თამაში არ გინდა, ცხოვრებაშიც ეგეთი ხარო. ძალიან მკაცრი დედა ვარ, მოფერება, ენის მოჩლექა არ შემიძლია. გოგოსთან ვიყავი განსაკუთრებით მკაცრი. აბა, 9 საათზე შინ არ ყოფილიყო! სუხიშვილების წამყვანი მოცეკვავე რომ გახდა და გასტროლებზე დადიოდა, იქაც კი ვაკონტროლებდი.
- მკაცრი დედა გასაგებია, სიდედრი როგორი ხართ? - გადასარევი. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ისეთი სიძე შემხვდა. ზაზას ბევრ დადებითთან ერთად არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. სულ მაშაყირებს და ვგიჟდები ამაზე. პირველად რომ ჩავედი მათთან, "ატლანტაში" თამაშობდა მაშინ, გავგიჟდი. სახლში ყველაფერი დიდი აქვს - მაგიდა, თავისი ზომა საწოლი, სკამები... სტუმრები მოიწვია. ვაწყობ სუფრას და ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი, არ ეტეოდნენ სუფრასთან. მაშინ ვუთხარი, - იცი, რა, ცოტა პატარა სკამები თუ გექნება, ყველა დაეტევა-მეთქი. ამ სახლში პატარას ვერაფერს ნახავთ, სიდედრის გარდაო, სხარტად მიპასუხა. პირველად რომ მოვიდა ჩვენთან, ავხედე, ავხედე და აღარ დამთავრდა, იმხელაზე გადავწიე თავი, აბადოკი მომძვრა. მერე ვიფიქრე, არა უშავს, ახლა ჩემი ბიჭები გამოვლენ, ერთი 1.86-ია, მეორე - 1.88 და დედას ამოუდგებიან ღირსეულად-მეთქი, გამოვიდნენ და ისინიც არ გამოჩნდნენ ზაზას გვერდით.
ზაზა ყველაფერზე მაშაყირებს. მე ვარ ბებია, რომელიც ახალდაბადებულებთან ჩადის, მერე მეორე ბებია მცვლის. ასეთი შეთანხმება გვაქვს... ერთხელ თიკას და ზაზას მეოთხე შვილს, ნუცას ვასეირნებ ეზოში და ამასობაში ტოსტერში პური დამეწვა. კვამლზე სიგნალიზაცია ჩაირთო (სან-ფრანცისკოში ძალიან ხშირად ტყდება სახლები). ძიძამ გამომძახა, ზეიკო, არ ინერვიულო, პური დაიწვაო. მეც არ მივაქციე ყურადღება, ქართული სიმღერები მაქვს ჩართული, ნოსტალგიას ვარ მიცემული... ამასობაში მოვარდნილა პოლიცია და დამადგნენ იარაღით თავზე. გავშეშდი. ავუხსენით, რაში იყო საქმე. სახლი მოიარეს, დაგვაჯარიმეს და წავიდნენ. საღამოს ზაზა თამაშიდან მოვიდა. დაჯდა, მიირთმევს, მე კი დავადექი თავზე და ჩავირთე: - ვაიმე, იცი, ზაზა, რა მოხდა? თიკა მანიშნებს, მაგრამ ვერ ვჩუმდები - წარმოგიდგენია, ასე დამადგნენ იარაღით-მეთქი. აუფ, ვერ გესროლეს? თან სახლში არ ვიყავი და მე არ დამბრალდებოდაო... სული ვეღარ მოვითქვი სიცილისგან.
ერთხელ მარიამს ვასეირნებ. მიყურებს ცოლ-ქმარი და კვდებიან სიცილით. თიკა მეუბნება, დედა, ზაზა ამბობს, ნეტავ ეს ბავშვები სიმაღლით ზეიკოს ხომ არ დაემსგავსებიანო. იცი, რას გეტყვი, გოგოებისთვის შენი სიმაღლე კი არა, ჯობია, ჩემი სიმაღლე ინატრო-მეთქი.
- ისე, როგორი პირი უჩანთ? - ძალიან მაღლები არიან... ყოველ ზაფხულს ჩამოდიან, წელსაც იყვნენ. ახლა სან-ფრანცისკოში ცხოვრობენ და იქ იზეიმეს შობა-ახალი წელი. საშობაოდ ყოველ წელს სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი იღებენ ფოტოს და წელსაც არ დაარღვიეს ტრადიცია, სამახსოვრო ფოტოც გამომიგზავნეს. მოსალოცად რომ დავურეკეთ, ზაზამ, გაისად აუცილებლად მანდ შევხვდებით ახალ წელსო. ამბობს, მინდა ბავშვებმა ქართული ახალი წელი ნახონო.
- თქვენზე რას მიამბობთ? - ძირძველი ნახალოვკელი ვარ, ბებია-ბაბუებიანად. სადაც ახლა მეტრო "ნაძალადევია", იქ იდგა კერძო სახლები და იყო ტყიბულის, ხაშურის, საჩხერის, ხვანჭკარის ქუჩები. მე საჩხერის პირველ ნომერში ვარ დაბადებული. დღეს სულ სხვა სულია აქ...
დედაჩემს მსახიობობა უნდოდა და რადგან ოცნება ვერ აიხდინა, მე მიწყობდა ხელს. თავიდან რკინიგზელთა სახლში წრეზე შემიყვანა. იქ ვნახე პირველად სცენა. მე-8 კლასიდან არტოს ბაღში, მხატვრული აღზრდის სახლში დავიწყე სიარული. შეხვედრები გვქონდა მიშა ჭიაურელთან, ვასო გოძიაშვილთან... "ოთარაანთ ქვრივიდან" მონოლოგს ვკითხულობდი და სხვათა შორის, ძალიან შემაქო მიშა ჭიაურელმა, გოძიაშვილმა კი მითხრა, აუცილებლად მსახიობი უნდა გამოხვიდეო. სკოლა რომ დავამთავრე, ჩავაბარე თეატრალურში, იმ წელს მხოლოდ 2 ხუთიანი დაიწერა, ერთი მე მივიღე, მეორე - მარინა საღარაძემ. თეატრალურის პარალელურად მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი, არფაზე. მე და ჩემი პირველი მეუღლე ჯგუფელები ვიყავით და ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სოხუმის თეატრში გაგვანაწილეს. 8 წლის განმავლობაში წამყვანი მსახიობი გახლდით. სოხუმიდან 1984 წელს წამოვედი, რადგან ოჯახი დამენგრა და მშობლებმა აღარ გამაჩერეს. მერე მეორედ გავთხოვდი. ჩემს თანაკლასელს გავყევი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და როცა სისულელის გამო ვიჩხუბეთ, მაშინ მივიღე ნაჩქარევი გადაწყვეტილება - გავთხოვდი... მოკლედ, მეორე მეუღლემ, ახლა ოჯახს მივხედოთ და სიბერეში, ბებია რომ გახდები, მაშინ წადი სათამაშოდო... არ ამიხდა?!
- როგორ მოსწონს თქვენი პერსონაჟი? - ისეთი კაცია, შექება არ იცის, მაგრამ რადგან შენიშვნას არ იძლევა, ე.ი. მოსწონს. პირველად თიკას რომ ვუთხარი, როლზე დამამტკიცეს-მეთქი, ზაზამ დამიძახა, ზეიკო, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი ამოვშალოო. მოკლედ, ზაზაც უყურებს ამ სერიალს. ჯერჯერობით არ ამოვუშლივარ და ალბათ, არც აწი ამომშლის.