"დრო რაც უფრო გადის, ვრწმუნდები, რომ ლალი ძალიან სწორ რჩევებს იძლეოდა... ლალი ჩემზე ბევრად ლამაზი იყო"
"ლალი ძალიან მეგობრული ბებია იყო, მასთან არანაირ თემაზე ლაპარაკი არ მიჭირდა. იმდენად ძლიერი იყო, ერეკლეს გარდაცვალების ამბავს რომ არ გაეტეხა, მგონია, მძიმე სენიც ვერ მოერეოდა", - ამბობს ნინი ბადურაშვილი და იხსენებს, რა პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა, როგორი მრჩეველი იყო და როგორ ამხნევებდა ახლობლებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში.
- სიცოცხლის ბოლო წუთამდე ლაღი იყო. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ჰქონდა, როცა მასთან მივდიოდი ან ვურეკავდი, ამ სირთულეებზე არასდროს მელაპარაკებოდა. ყოველთვის პოზიტივს გასცემდა და ადამიანებს კარგ განწყობაზე აყენებდა. ეს კი, დამეთანხმები, ბევრს არ შეუძლია. ლალის ადამიანები უყვარდა, ძალიან მეგობრული იყო, მისთვის არც ასაკს და არც სოციალურ სტატუსს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველასთან თანაბრად იყო, არავის გამოარჩევდა, ძალიან უშუალო გახლდათ. ტაქსის მძღოლმა მითხრა, ერთხელ ბებიაშენი სახლში მივიყვანე, იმდენად თბილი და უშუალო იყო, მისმა გარდაცვალებამ გული ძალიან დამწყვიტაო. ყველა კარგად იხსენებს და გულდაწყვეტით მელაპარაკება. საოცრად თავმდაბალი გახლდათ, ბევრი მისაბაძი თვისება ჰქონდა.
- მას პირად ამბებზე ხშირად ელაპარაკებოდი? - ყოველთვის, რადგან ამ თემაზე ლაპარაკი არ მიჭირდა. მიუხედავად ასაკისა, ის ჩემი თანამედროვე იყო. ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობდა, მაკვირვებდა. თავისუფლებას სწორი გაგება უნდა, ზუსტად ვიცოდი, რასაც მეუბნებოდა.
- რჩევას ხშირად გაძლევდა? - კი და ყოველთვის ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა, თუმცა ხშირად ვერ ვახერხებდი, მაინც ჩემი შეხედულების მიხედვით ვმოქმედებდი. წლები და გამოცდილება სულ სხვა რამეა და დრო რაც უფრო გადის, ვრწმუნდები, ლალი ძალიან სწორ რჩევებს იძლეოდა.
- როგორც მაყურებელი, კრიტიკული იყო? - თუ არ მოვწონდი, პირდაპირ მეუბნებოდა, დღეს კარგად არ გეცვაო ან რაღაც თუ არ მოეწონებოდა, აუცილებლად მიმანიშნებდა. ძირითადად მოვწონდი. მის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ჩემგან მაქსიმუმს მოითხოვდა.
- როდესაც მას გამსგავსებდნენ, ძალიან უხაროდა... - ეს მეც მახარებს. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ლალი ჩემზე ბევრად ლამაზი იყო. ბედნიერი ვარ, რომ მას ვგავარ. თავად კი მეუბნებოდა, შენ მე მჯობიხარო.
- როდესაც შორენას როლში ეკრანზე ნახე, შენი ემოცია როგორი იყო? - პატარა ვიყავი, პირველი ემოცია ნამდვილად არ მახსოვს. ლალი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ მისი ღირსება მხოლოდ სილამაზე არ გახლდათ. ის განათლებით მსახიობი კი არა, ფრანგული ენის სპეციალისტი იყო. კონსტანტინე გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ შორენას როლი მას ეთამაშა და ამ როლმა წარმატება მოუტანა. ალბათ რთულია, როცა არ ხარ მსახიობი და ისეთი ბუმბერაზი არტისტების გვერდით თამაშობ, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობენ. ლალიმ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს თავი კარგად გაართვა. ერთ-ერთ ბოლო ფილმში ბებიის როლი ითამაშა და პრიზი აიღო "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის". ნიჭიერი იყო. კარგი იქნებოდა, ბევრ ფილმში რომ გადაეღოთ. ბოლოს ერეკლეს უკანასკნელ ფილმში ითამაშა, მაგრამ მსახიობი მაინც შევცვალეთ, მიუხედავად იმისა, რომ მე მისი თამაში ძალიან მომეწონა. მისი არტისტიზმით გაოცებული დავრჩი.
- შეცვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ? - ეს როლი თურქ ქალს უნდა ეთამაშა.
- ამ ფილმს მაყურებელი როდის იხილავს? - გადაღებები და მონტაჟი უკვე დასრულებულია, საბოლოო შესწორებები იქნება და სავარაუდოდ, მაისში გამოვა.
- საბედისწერო ფილმი აღმოჩნდა. - ასე გამოვიდა.
- ლალი ყოველთვის აქტიური მოქალაქე იყო, ის საკუთარ პოზიციას ღიად და დაუფარავად აფიქსირებდა. ამავე დროს, იყო ძალიან ემოციური. რას გეუბნებოდათ, როცა შინ ამ თემაზე ელაპარაკებოდით? - მე და ერეკლე სულ ველაპარაკებოდით, ვაკრიტიკებდით, საშინელი დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ... ის გვეუბნებოდა, - თქვენ საკუთარ თავს მიხედეთ, ის ილაპარაკეთ, რაც გინდათ და რაც მოგწონთ, მე თავი დამანებეთო. ბოლოს მე და ერეკლე მივხვდით, კამათს აზრი აღარ ჰქონდა და შევეშვით. ის გულწრფელად ისე ფიქრობდა, მას მართლა სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა. ამავე დროს, ცოტათი ჯიუტიც იყო, ვერც შეეკემათებოდი, თავის სიმართლეს ისე გისაბუთებდა. სატელევიზიო ეთერებში "სპექტაკლებს" ბუნებრივად არ დგამდა.
- ელენესთან ურთიერთობაში როგორი იყო? - ისეთივე, როგორიც ჩემთან; ელენესაც ემეგობრებოდა.
- მის ხასიათში ყველაზე მეტად, რომელი თვისება იყო გამოკვეთილი? - ძალიან ძლიერი იყო. იოლი ცხოვრება არ ჰქონია. ადრეულ ასაკში გათხოვდა, კარგი ოჯახი შეხვდა, ლაღად ცხოვრობდა, მაგრამ მერე ჰქონდა სიძნელეები, ბევრი ბრძოლა გამოიარა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს, როცა უკვე ერეკლეც აღარ ჰყავდა, არ არსებობდა, მისთვის დაგერეკა, გეკითხა, როგორ ხარო? და არ ეთქვას, - კარგადო. რამდენი წელი გავატარეთ ერთად და ლალისგან ერთხელაც არ მსმენია "ცუდად ვარ". ბოლოს საავადმყოფოში, უკანასკნელ დღეებში, როცა ძლივს ლაპარაკობდა, მაშინაც კი გვამხნევებდა; გვეუბნებოდა, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს ეშველება. ვფიქრობ, ერეკლე რომ კარგად ჰყოლოდა, ეს სენი ვერაფერს უზამდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ არ მეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, სიცოცხლე აღარ უნდოდა. ერეკლე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ლალიც იცოცხლებდა. არ იმჩნევდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ყურადღებას არც აქცევდა. ბოლოს მთლიანად ერეკლეს ფილმზე იყო გადართული, გულშემატკივრობდა, უნდოდა, ძალიან კარგი გამოსვლოდა. საავადმყოფოში მოგვყვებოდა, გადასხმას იკეთებდა და ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა.
- მას ჯანმრთელობის პრობლემა თუ ჰქონდა, ცნობილი არც იყო. - იმიტომ, რომ ამაზე თავად არ ლაპარაკობდა. ერეკლეს რომ არ გაემწარებინა, მგონია, იმდენად ძლიერი იყო, ამ სენსაც კი დაამარცხებდა. ისე იცხოვრა, არავინ შეუწუხებია, დისკომფორტი არავისთვის შეუქმნია, პირიქით, ის თავად იყო ყველასთვის ბედნიერების მომტანი.
- თქვენ შორის გარეგნული მსგავსება რომ არის, ყველა თანხმდება; მას ხასიათითაც თუ ჰგავხარ? - ცოტათი ერეკლეს ვგავარ. ხანდახან ვწუწუნებ, მაგრამ ბოლო დროს, როგორც კი წავიწუწუნებ, მაშინვე ლალი მახსენდება, - როგორ უჭირდა, რამდენი პრობლემა ჰქონდა და სილაღეს მაინც როგორ ინარჩუნებდა. მინდა, მას დავემსგავსო... უზომოდ კეთილი იყო. ტანთ გაიხდიდა და სხვას მისცემდა, არაფერი ენანებოდა. ზოგჯერ სისულელეში გადასული სიკეთე სჩვეოდა. ამავე დროს, უბოროტო იყო. არასდროს მსმენია, ვინმეზე ერთხელ მაინც ბოროტი სიტყვა ეთქვას. ლალის ცხოვრებიდან ბევრი მაგალითის აღება შემიძლია.
თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"