"არ ვამბობ, რომ ჩემი ძმები ანგელოზები იყვნენ, მაგრამ მეთოდი, როგორც ჩემს ოჯახს გაუსწორდნენ, ამაზრზენია - დედას საკონტროლოდ სახეში ესროლეს"
ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაიხსენეს თორაძეების მკვლელობის ისტორია. ჩვენს არქივში ინახება სტატია, რომელიც ამ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან:
ვერის სასაფლაოზე დატრიალებული ტრაგედია
ეს შემზარავი ტრაგედია თბილისში 1992 წლის 3 მარტს დატრიალდა, თუმცა, წლების განმავლობაში ვერის სასაფლაოსთან ამოწყვეტილი ოჯახის შესახებ საუბარს ყველა გაურბოდა.
თორაძეები ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ბიჭები უბანში გავლენით სარგებლობდნენ და როგორც ამბობენ, "მხედრიონს" დაუპირისპირდნენ - თორაძეებმა უარი თქვეს იმ კანონებზე, რომლითაც "მხედრიონი" კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებას ცდილობდა. ითქვა ისიც, რომ თორაძეებისა და "მხედრიონის" დაზავებას "კანონიერი" ქურდი" პაატა ჩლაიძე ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.
1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, "მხედრიონმა" ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ვერის სასაფლაოსთან თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს.
ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები.
ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა.
ამ დრომდე დუმდა სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ოჯახის წევრი თამარ თორაძე, რომელმაც "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- ოფიციალური ვერსიით, ვერის სასაფლაოსთან მამაჩემის ავტომობილიდან, სადაც ჩემი ძმა და დედა-მამა ისხდნენ, პოლიციის პიკეტს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის დროსაც დაიღუპა ორი შვილის მამა, ვინმე ბიბილაური თუ ბიბილური, ხოლო საპასუხო ცეცხლით, დედა, მამა და ძმა ლიკვიდირებულნი იქნენ. არადა, მამა მანქანაში არათუ იარაღს, არამედ დანასაც არ იქონიებდა, ამას კატეგორიულად უკრძალავდა შვილებსაც. ოფიციალურმა ვერსიამ ასევე დამალა, რომ დედას საკონტროლოდ სახეში ესროლეს.
არაფერი უთქვამთ კიდევ ორი ძმის, იმედოსა და კახას დახოცვაზე, რომლებიც მეზობლის ბინაში უიარაღოები, ხელებაწეული დახვრიტეს. როგორ ფიქრობთ, ამისთანა სიტუაციაში ვინმე რამეს გამოიძიებდა?
მოგვიანებით ითხოვდნენ, დანაშაულთან დაკავშირებით დამესახელებინა ერთი პირი, რაზეც უარი ვთქვი, რადგან მივხვდი, ვიღაცებს ჩემი გამოყენება სურდათ.
- ფიქრობთ, რომ სიმართლის თქმის დრო დადგა?
- მთელი ბავშვობა ჩუმად ვავსებდი დღიურს. სწორედ ამ ჩანაწერების მიხედვით არის შექმნილი ჩემი წიგნი... რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩემი ოჯახის ამოხოცვაში მონაწილეობდნენ, ზოგი გარდაცვლილია, ზოგიერთი ემიგრაციაშია, ზოგი თითქოს ჩამოშორებულია აქტიურ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ მაინც საკმარისზე მეტი კავშირი აქვთ, რომ დანაშაულისთვის პასუხი არავინ მოსთხოვოს. იხილეთ სრულად