"გახარიას არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს" - კვირის პალიტრა

"გახარიას არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს"

გასულ კვირას არაერთი ვერსია მოვისმინეთ, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი. აქამდე თითქოს ვარაუდობდნენ, რომ ის როგორც პანდემიასთან ბრძოლისას, პროცესებს ახლაც კულისებიდან დააკვირდება. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ "ოცნებას" სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, ვფიქრობ, გააქტიურდება. ჯერჯერობით მისი ჩართვის აუცილებლობა არ ჩანს. მეორე მხრივ, ეფექტიან ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი გახარია, მაგრამ მისი ლიდერობა მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული.

ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და ისევე წავიდეს, როგორც მისი წინამორბედები. საზოგადოებაში შეიძლება გახარიასადმი სიმპათია არის, მაგრამ ის მაინც მეორე კაცად აღიქმება.

იქნება სიაში თუ არა, ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" მაინც პირველია. მეტიც, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილია.

როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და კვირიკაშვილი გაუშვა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ არ დავბრუნებულიყავი, კვირიკაშვილი პარტიას მართმევდაო. ეს ზუსტი ციტირება არ არის, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო - ანუ კვირიკაშვილმა აქ თავისი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, იქ აშშ-თან საქმეების დაწყობა, რაც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონა. გახარიას კი ამ ყველაფრისთვის არც საშუალება და არც დრო არ ჰქონია, მინისტრებიდანაც არავინ არის მისი შერჩეული. როგორც ამბობენ, საარჩევნო სიის შედგენაშიც დიდად არ მონაწილეობს და სწორედ ივანიშვილი აკომპლექტებს. მოკლედ, გახარიას დამოუკიდებელი თამაშის წამოსაწყებად თავისი გუნდი არა ჰყავს, არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს.

მოკლედ, მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ გახარიას ლიდერობაში ივანიშვილი საფრთხეს ხედავს. ჯერჯერობით ეს გახარიასგან არ ემუქრება. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "თუ ივანიშვილი არსად გამოჩნდება, მთელ დივიდენდებს გახარია წაიღებს" - აპირებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვას?!