ვინ გაიმარჯვა "ჰომეროსისა" და "სნაიპერის" ბრძოლაში?
საბჭოთა აგენტი "ჰომეროსი" სპეცსამსახურების ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ყველაზე დიდი "მაოხრებელი". მისგან მიყენებული ზიანი მართლაც რომ ძალზე დიდი იყო: 1951-1961 წლების განმავლობაში მან გასცა რამდენიმე ათეული საიდუმლო ოპერაცია და საბჭოთა კავშირს გადასცა რამდენიმე ასეული უცხო ქვეყნის აგენტის ვინაობა. მხოლოდ 1961 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ "ჰომეროსის" ფსევდონიმის მიღმა იმალებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (მი-6) მაღალი რანგის თანამშრომელი - ჯორჯ ბლეიკი.
გეორგ ბეჰარი (შემდგომში ჯორჯ ბლეიკი) 1922 წელს დაიბადა როტერდამში (ჰოლანდია), მამა ეგვიპტელი ებრაელი, ხოლო დედა - ჰოლანდიელი კათოლიკე ჰყავდა. ამ საოჯახო მრავალფეროვნების დამსახურებით, გეორგს პოლიგლოტობის ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა (მან შეისწავლა და თავისუფლად ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ნიდერლანდულ ენებს), რამაც დიდად განსაზღვრა მისი მომავალი. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი და ავანტიურა იყო. თავად განსაჯეთ: 18 წლის ბეჰარი გერმანელებს ებრძოდა ჰოლანდიაში, 1943 წელს მან დიდი წვალებით შეძლო ინგლისში გამგზავრება (ამ პერიოდიდან მისი გვარი ჯორჯ ბლეიკი გახდა) და ორი წლის შემდეგ, უკვე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი, გერმანიაში ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა. 1948 წელს ბლეიკი კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა), კერძოდ, სეულში მიავლინეს, როგორც დაზვერვის რეზიდენტი. 1950 წლის ზაფხულში ჯორჯ ბლეიკი და სხვა ბრიტანელი დიპლომატები ჩრდილო კორეის ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. ისინი მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1953 წლის აპრილში დაბრუნდნენ ლონდონში. იმავე წლის სექტემბერში ჯორჯ ბლეიკი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის "Y" სამსახურის, ერთ-ერთი განყოფილების (ოპერატიული ტექნიკური სამსახური, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებდა) უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ დროს ის უკვე საბჭოთა აგენტი იყო.
როგორც შემდგომ ჯ. ბლეიკი იხსენებდა, 1951 წელს, ჯერ კიდევ ტყვეობაში ყოფნისას, მან თავად შესთავაზა სამსახური საბჭოთა დაზვერვას. ჯ. ბლეიკი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კატეგორიულად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ერთხელ, ტყვეობაში, კარლ მარქსის "კაპიტალის" კითხვისას, "გონება გაუნათდა", კაპიტალიზმის მთელი ბოროტება დაინახა და "კომუნიზმის სიდიადე" ირწმუნა. ბუნებრივია, ამ ზღაპრების არავის სჯერა.
სინამდვილეში, რამ უბიძგა ახალგაზრდა ბრიტანელ მზვერავს, რომელსაც წინ წარმატებული კარიერა ელოდა, საბჭოთა აგენტი და "თხუნელა" გამხდარიყო? ვფიქრობ, რომ ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია და ჯ. ბლეიკის გადაბირების საიდუმლო კვლავ რუსეთის სპეცსამსახურების არქივებშია ჩაკეტილი. ბრიტანეთის დაზვერვა ჯორჯ ბლეიკს ყველაზე საიდუმლო ოპერაციების ჩატარებას ანდობდა. 1954 წლის მაისში იგი ჟენევაში მიავლინეს, სადაც ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საბჭოთა კავშირის "მთავარი დიპლომატის", მოლოტოვის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 1956-1958 წლებში ბლეიკი ბრიტანეთის დაზვერვის ბერლინის რეზიდენტურაში მუშაობს და... საბჭოთა აგენტებს "ებრძვის", პარალელურად კი, ვითომდა საბჭოთა სამხედროებისა და დიპლომატების ბრიტანეთის მხარეს "გადაბირებას" ცდილობს. სწორედ ამაზე იტყვიან: "მგელს ცხვრის ფარა ჩააბარესო".
1959 წელს ჯორჯ ბლეიკი დააწინაურეს, ლონდონში მი-6-ის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს და "საბჭოთა კავშირის დირექტორატში" დანიშნეს. არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა "თხუნელას" ორმაგი ცხოვრება, რომ არა მეორე "თხუნელა", ოპერატიული ფსევდონიმით - "სნაიპერი". 1960 წლის დეკემბერში დასავლეთ ბერლინში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რეზიდენტურის კარი პოლონეთის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა - მიხეილ გოლენევსკიმ შეაღო, პაროლი წარმოსთქვა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ის უკვე ორი წელი ფარულად, "სნაიპერის" ფსევდონიმით უგზავნიდა ამერიკის დაზვერვას საიდუმლო დოკუმენტებს, თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მას "შავი დღისთვის" ჰქონდა გადანახული. "სნაიპერი" სასწრაფოდ გადააფრინეს ამერიკაში და მისგან მიღებული ახალი ინფორმაციის ანალიზი დაიწყეს. შედეგად გამოვლინდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოქმედი 250-მდე საბჭოთა და სხვა სოციალისტური ქვეყნის აგენტი. ერთ-ერთი მათგანი ჯორჯ ბლეიკი იყო.
ბედის ირონია იყო ის, რომ რამდენიმე თვით ადრე თავად საბჭოთა "თხუნელა" ბლეიკმა მიაწოდა კა-გე-ბეს სავარაუდო ინფორმაცია პოლონეთის კონტრდაზვერვაში ამერიკელების აგენტის შესახებ, თუმცა საბჭოთა ბიუროკრატია ხომ ყოველთვის გამორჩეული იყო: სანამ კა-გე-ბემ ინფორმაცია შეისწავლა და ამის შესახებ პოლონელებს აცნობა, ამერიკელების "თხუნელა" უკვე სამშვიდობოს იყო. 1961 წლის გაზაფხულზე ჯორჯ ბლეიკი დააპატიმრეს, მან სრულიად აღიარა დანაშაული და სასამართლომ 42 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დაუჯერებელი ფაქტი მოხდა: 1966 წლის ოქტომბრის ბოლოს მან ლონდონის ციხიდან გაქცევა შეძლო და რამდენიმე კვირაში მოსკოვს შეაფარა თავი. ამ ფაქტზე ზუსტი ინფორმაცია დღემდე უცნობია და დეტალები კვლავ საიდუმლოებითაა მოცული.
საპატიმროში ყოფნისას ბლეიკმა გააგრძელა არაბული ენის შესწავლა, ყოველდღიურად იოგას ვარჯიშებს ასრულებდა და აქტიურად იყო ჩართული ციხის "მშვიდობიან ცხოვრებაში" (გაზეთის გამოშვება, სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა და ა.შ.), რითაც მოადუნა ციხის ადმინისტრაციის ყურადღება. ბლეიკი 1990 წელს გამოცემულ მოგონებებში - "სხვა არჩევანი არაა" (რომელიც, ბუნებრივია, კა-გე-ბეს მიერ იყო რედაქტირებული) წერს: ციხიდან გაქცევა მსურდა, თუმცა კა-გე-ბეს იმედი არ მქონდაო. ისე ხომ არაა: "ქურდს ქუდი ეწვისო"? შემდგომ განვითარებული მოვლენებით დასტურდება, რომ "ჰომეროსის" გაქცევაში საბჭოთა სპეცსამსახურები ნამდვილად იყვნენ ჩართულნი. ბლეიკის ციხიდან გაქცევის მთავარი ორგანიზატორი, ირლანდიელი ანარქისტი და ინგლისის დაუძინებელი მტერი შონ ბერკი იყო, რომელიც 1967 წლის 7 იანვარს მოსკოვში, ასევე ფარულად, გაიქცა. "ჰომეროსის" ინგლისიდან აღმოსავლეთ გერმანიაში ავტოფურგონით ფარულად გადაყვანას კი ინგლისელი სოციალისტები და "მშვიდობის მომხრეთა მოძრაობის" აქტივისტები: პეტ პოტლი და მაიკლ რენდლი ხელმძღვანელობდნენ. "მშვიდობის მომხრეთა მოძრაობის" ორგანიზაციების დაფინანსების 90% საბჭოთა კავშირზე მოდიოდა, ამიტომაც ცნობილი ჭეშმარიტება - "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს", ამ შემთხვევაშიც წარმატებით მოქმედებდა. დაფინანსების სანაცვლოდ, საბჭოთა სპეცსამსახურები ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებში ხშირად იყენებდნენ ამ ორგანიზაციების აქტივისტებს.
საბჭოთა კავშირში ჯ. ბლეიკს დიდი სიხარულით შეხვდნენ (აბა, რა იქნებოდა, მან ხომ კა-გე-ბეს მოწინააღმდეგის 400-ზე მეტი აგენტის ვინაობა გადასცა, მათგან ბევრი შემდგომ სიკვდილით დასაჯეს): მიანიჭეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, დააჯილდოვეს ორდენებითა და მედლებით, მისცეს ბინა, შერთეს ცოლი(!), გამოუყვეს პერსონალური ავტომობილი და მუდმივი კონტროლი დაუწესეს, რადგანაც ბოლომდე არ ენდობოდნენ. თანდათან ჯორჯ ბლეიკი "სამუზეუმო ექსპონატად" იქცა, რომელსაც მხოლოდ საზეიმო შეხვედრებზე დაატარებდნენ.
საინტერსოა, რომ მოგონებებში, რომელიც სოციალისტური სისტემის კრახის შემდეგ გამოიცა, ბლეიკმა "შეძლო" და მისი აგენტურული მოღვაწეობის რეალურ ფაქტებს ოსტატურად აურა გვერდი: იგი "ბერლინის გვირაბის", ისევე, როგორც სხვა ოპერაციების შესახებ ძალზე ზოგადად ლაპარაკობს. ჯორჯ ბლეიკი 2020 წლის 26 დეკემბერს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა და თან მრავალი საიდუმლო გაიყოლა. "ჰომეროსმა" უდიდესი ზიანი მიაყენა დასავლეთის სპეცსამსახურებს, რითაც რუსეთის ხელისუფლება დღესაც ძალიან ამაყობს. ჯორჯ ბლეიკის დამსახურებებზე ცალკე პრეზიდენტმა პუტინმა "აღავლინა ხოტბა" და ცალკე - რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობამ. ვინ გაიმარჯვა "ჰომეროსისა" და "სნაიპერის" ბრძოლაში? ობიქტურად თუ შევხედავთ, "თხუნელების რბოლაში" გამარჯვება საბჭოთა "თხუნელამ" მოიპოვა: მის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იგი დააპატიმრეს ("სნაიპერმა" კი გაქცევა მოახერხა), ხუთი წლის შემდეგ კა-გე-ბეს დახმარებით ციხიდან გაქცევა შეძლო. საინტერესოა რამდენი "თხუნელა" ჰყავს ჩვენს მთავარ მტერ-მოწინააღმდეგეს საქართველოში და როდის გამოვავლენთ მათ? იხილეთ პირველი ნაწილი
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს