"ავიცერი და ვეუბნები ადამიანებს, რომ ვაქცინაცია მათთვის საზიანო კი არა, ქვეყნისთვის და ხალხისთვის აუცილებელია. რა უნდა ვთქვათ კიდევ?" - კვირის პალიტრა

"ავიცერი და ვეუბნები ადამიანებს, რომ ვაქცინაცია მათთვის საზიანო კი არა, ქვეყნისთვის და ხალხისთვის აუცილებელია. რა უნდა ვთქვათ კიდევ?"

"აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია და იმედი მაქვს, არც შემდეგ დღეებში იქნება რამე გართულება"

"ასტრაზენეკას" გარშემო ბოლო დღეებში არა ერთი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. რამდენიმე ქვეყანაში "ასტრაზენეკით" ვაქცინაცია შეაჩერეს ან შეზღუდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს თრომბის განვითარების რისკთან. რას ამბობენ ამის შესახებ ქართველი ექიმები, როგორ გრძნობენ თავს აცრის შემდეგ და რას ურჩევენ სხვებს, kvirispalitra.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი:

- ეს ვაქცინა ძალიან რესპექტაბელურ კომპანიასთან ერთად შექმნა სამეცნიერო ინსტიტუციამ - მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ოქსფორდის ინსტიტუტმა, "ასტრაზენეკამ" კი საკუთარ თავზე მისი დამზადება და დისტრიბუცია აიღო. დღეის მდგომარეობით ეს ვაქცინა გაკეთებული აქვს 11 მილიონ ბრიტანელს და ევროკავშირის 5 მილიონ მოქალაქეს. ჯერჯერობით ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, რაც კი არსებობს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო, ბრიტანეთის პროდუქტებისა და წამლის სააგენტო, აცხადებს, რომ ამ ვაქცინას სარგებელი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე - შესაძლო ზიანი. 11 მილიონ ბრიტანელს არც სისხლის შედედება და არც რამე სხვა გართულება არ აქვს, გარდა ჩვეულებრივი სიმპტომებისა - ვაქცინებს, როგორც იცით, ახასიათებს ლოკალური ტკივილი, ხშირ შემთხვევაში, ტემპერატურა, ხანდახან მაღალიც, რომელიც 1 ან 2 დღეს გრძელდება, ასევე, სისუსტე, სახსრების ტკივილი…

ადამიანები ისედაც ავადობენ გულსისხლძარღვთა სისტემის თუ თრომბოემბოლიური დაავადებებით. 17 მილიონი აცრილი ადამიანი რომ შეადარეს მეორე 17 მილიონს, აცრილთა ჯგუფში ამ დაავადებების სიჭარბე არ აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე იმავე რაოდენობისა და ასაკის აუცრელ ადამიანთა ჯგუფში. ამიტომაც მსოფლიოს, მაგალითად, გერმანიას, საფრანგეთს, არ გადაუხედავს ვაქცინაციის პროგრამისთვის. შესაბამისად, ვიდრე რეკომენდაციები არ შეიცვლება, უნდა დავიწყოთ და წარმატებით ჩავატაროთ ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაშიც.

- თქვენ თუ დარეგისტრირდით უკვე?

- რა თქმა უნდა, დარეგისტრირებული ვარ და 17 მარტს, 5 საათზე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გავიკეთებ აცრას.

მარინა ენდელაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი:

- ძალიან კარგად ვარ, გუშინ მთელ დღეს, გვიანობამდე ვიმუშავე, გარდა ამისა, მყავდა სტუდენტების 2 ჯგუფი, მივხედე განყოფილებასაც. აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია და იმედი მაქვს, არც შემდეგ დღეებში იქნება რამე გართულება. ის პატარა სიმპტომებიც კი არ მქონია, რაც ზოგადად აცრებს ახასიათებს. ველაპარაკე დანარჩენებსაც და ყველა კარგად გრძნობს თავს. შეიძლება ტემპერატურა ხვალ-ზეგ წამოვიდეს, ეს არავინ იცის, მაგრამ გავიდა ერთი დღე და საგანგაშოს არაფერს ვგრძნობ. პირველი დღე უფრო საშიშია ალერგიული ფონისთვის, თუმცა ალერგია არ განვითარებულა.

- ე.ი. შიში საერთოდ არ გქონიათ? - მე ვიცნობ ამ ვაქცინას, ვიცი მისი მოქმედების მექანიზმი და დარწმუნებული ვარ, არაფერს ცუდს არ იწვევს. ამიტომ შიში არ მქონია იმის მიუხედავად, რომ ზოგადად, ალერგიული ვარ, ოღონდ - არა მედიკამენტებზე.

- როგორც იცით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. ბევრი იმასაც წერდა, პირდაპირი ეთერით კი აიცრნენ, მაგრამ ვინ იცის, ეს "ასტრაზენეკა" იყო თუ არაო? - ასეთ რამეს არც უნდა მოუსმინოთ, როგორ, არ ჩანდა? აცრამდე პირდაპირ ეთერში სპეციალურად ვუთხარი კიდეც, კარგად აჩვენეთ-მეთქი. გაადიდონ კადრი და ნახონ. როგორღა უნდა დააჯერო ამგვარად განწყობილი ადამიანები? ასეთ სისულელეებს ვინც ამბობს, მათ ვინმე უჯერებს?

მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი:

- ძალიან კარგად ვარ, აქტიურად ვიყავი მთელი დღის განმავლობაში, გვიანობამდე ვიღებდი პაციენტებს. მეტი დარწმუნება აღარ ვიცი, როცა თვითონ ავიცერი და ვეუბნები ადამიანებს, რომ ვაქცინაცია მათთვის საზიანო და საშიში კი არა, ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო და აუცილებელია. რა უნდა ვთქვათ კიდევ? აცრიდან ნახევარი საათის განმავლობაში ისხდნენ დარბაზში და ვაკვირდებოდით. 80 აცრილიდან არავის ჰქონდა რამე სიმპტომი. ხვალ, ზეგ და მაზეგ რა მოხდება, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

იხილეთ ასევე: "აცრას, რა თქმა უნდა, ვაპირებ... სხვა გზა არ გვაქვს - კორონა მომკლავს თუ აცრა, რა მნიშვნელობა აქვს?"

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)