"ორი რუსეთი არ გვაკლდა თითქოს და დღეს დილიდან ორი ამერიკა დამხვდა" - როგორ ეხმაურებიან სოცქსელში სენატორების განცხადებებს - კვირის პალიტრა

"ორი რუსეთი არ გვაკლდა თითქოს და დღეს დილიდან ორი ამერიკა დამხვდა" - როგორ ეხმაურებიან სოცქსელში სენატორების განცხადებებს

23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.

სენატორების განცხადებებს შეფასებები უკვე მოჰყვა საქართველოში. გთავაზობთ რამდენიმე მათგან სოციალური ქსელიდან:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: მოკლედ, ორობით სისტემაში ვცხოვრობთ:

ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა;

დანიელსონის მეორედ მოსვლა;

გახარიას მეორედ მოსვლა;

ბიძინას მეორედ მოსვლა;

ბიძინას მეორედ წასვლა;

ბიძინას მეორედ-მეორედ მოსვლა;

ორი კობახიძე;

ორი ევროპა;

წუხელ ორი ამერიკაც აღმოვაჩინეთ...

#ორისაქართველო

ვახო სანაია, ჟურნალისტი: ე ბიჯო, ჩაუგდეთ ვინმემ ამ სენატორებს იმ სიმღერების ათეული, რასაც საქართველოში უსმენენ და დახურავენ სხდომას.

ასე მგონია, პანტიანში ვარ და ფეხბურთს ვუყურებ.

ელენე ხოშტარია, პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი: სენატში ფაქტიურად მურუსიძეზე და ჟვანიაზე ლაპარაკობენ

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: ვფიქრობ, მთავარი ფრაზა, რომელიც სენატში საქართველოს საკითხის განხილვის დროს ითვქა, არის ეს:

"არ შეიძლება ჩვენ უფრო გვინდოდოეს რეფორმები, ვიდრე მათ."

ოქროს სოტყვებია

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

ხელახლა ვუსმინე სენატის განხილვას და საოცარი შეჯამება გამოვიდა ღმერთმანი - ესე იგი, ამ ხელისუფლების პირობებში: სასამართლო დამოუკიდებელი არ არიო; საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი არ არიო; ზღვარია წაშლილი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორისო; ამომრჩეველი დაშინებულიაო; საქართველოს პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე დღეს არსებული რუსეთის გავლენის დონე, პირდაპირ სამხედრო ზეწოლაზე არანაკლებ საშიშიაო; სასამართლოზე და პოლიტიკაზე ოლიგარქატის გავლენააო და ყველაფერი ამის მერე, ბოლოს ასე დაამთავრეს - ასეთი ხელისუფლება, წყალი არ გაუვა, დასავლური გზის, ნატოს და ევროკავშირის ერთგულიაო  და რია ვიცი, აბა: ტუტ პომნიუ, ტუტ - ნე პომნიუს, გავს ეს ამბავი უფრო სწორად: ცხვირი გავს - გავს, პირი გავს - გავს, მარა მაინც რომ არაა ჩვენი/მათი სავლე - მაგაშია ამბავი

მამუკა გამყრელიძე, პოლიტიკოსი: გასაგები მიზეზების გამო, ქართული პოლიტიკის ორივე მხარე შეეცდება სენატში გუშინდელ განხილვებზე გაჟღერებული გზავნილების სათავისოდ წაკითხვას და საკუთარი ამომრჩევლისთვის ისე მიწოდებას. პოლიტიკაა და არ უნდა გაგვიკვირდეს.

სინამდვილეში გზავნილები იყო საკმაოდ მკაცრი ორივე მხარისათვის. მოძებნონ გამოსავალი. გადააბიჯონ საკუთარ ამბიციებს. წავიდნენ კომპრომისებზე, რადგან "ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის." ეს გახლავთ ციტატა სენატორ შაჰინის სიტყვიდან.

მთავარი გზავნილი კი, ქართულ საზოგადოებას ეკუთვნის. აქვს თუ არა საქართველოს დემოკრატიზაციის მიმართულებით პროგრესის რესურსი? იმსახურებს თუ არა ის იმ მხარდაჭერას (მათ შორის ფინანსურს), რომელსაც მას დასავლეთი უწევს?

დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი: ორი რუსეთი არ გვაკლდა თითქოს და დღეს დილიდან ორი ამერიკა დამხვდა საინფორმაციო-პოლიტიკურ ბანაკებში. ერთ ბანაკში ამერიკა ხელისუფლებას უჭერს მხარს და ოპოზიციას აკრიტიკებს, მეორე ბანაკში კი ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებს და ხელისუფლებას ახურავს. ხოლო პირადად მე რაც ვნახე, ის ამერიკა საერთოდ მესამეა, რომელიც მიიღება პირველი ორის დაჯამებით.

#2კიარა3გამოვიდა