ლორეს ციხის "დალაშქვრა"
ახტალის შემდეგ კვლავ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის - ლორეს ძეგლების მონახულება განვაგრძეთ და ახპატის X-XIII საუკუნისა და X საუკუნის სანაინის (სანაჰინი) მონასტრები მოვინახულეთ. 1996 წლიდან ორივე მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სახელწოდება "სანაჰინის" მნიშვნელობა ხალხური ეტიმოლოგიით ასეა განმარტებული - "ეს უფრო ძველია, ვიდრე ის", ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის - ლაშა გაბელიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახელწოდება, სავარაუდოდ, აკონკრეტებს, რომ ეს უკანასკნელი იქვე, ახლოს მდებარე ახპატის მონასტერზე ძველია... ორივე მონასტერში ბევრი საფლავის ქვა ვნახეთ, ქართული წარწერით. ქართული წარწერები გვხვდება ეკლესიების ფრესკებზეც. ამ მონასტრებზე ქართველების აზრი იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი სომხური მონოფიზიტური სავანეებია, ნაწილი დარწმუნებულია, რომ - ეკლესიები ქართულია. ერთი ფაქტია, რომ ორივე მონასტერი ნამდვილად იმსახურებს ინტერესს...
აქაურმა ლანდშაფტმა ძალიან მომაგონა მდინარე ყვირილას ხეობაში, კლდეებს შორის მოქცეული ქალაქ ჭიათურის მდებარეობა, თუმცა ის სხვა მოგზაურობაა და მასზე სხვა ბლოგში გიამბობთ, მანამდე კი...
ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ხოლო ლოქის მთის სამხრით კერძოს მდინარენი, რომელნი დიან და მიერთვიან ტაშირის წყალსა, იგი ერთვის ლორის ციხესთან მდინარეს დებედას"... ასე აღმოვჩნდით ლორეს ციხესთან და მისი მშვიდობიანად, სიყვარულით "დალაშქვრა მოვიწადინეთ"... პირველად მის კარიბჭესთან აღმართული ინგლისურ-სომხური საინფორმაციო ტრაფარეტი შეგვეჩხირა თვალში - ტურისტებს ლორეს ციხეზე მოკლე ინფორმაციას აცნობდა. რამდენჯერმე ჩავიკითხეთ, მაგრამ საქართველოსა და დავით აღმაშენებლის "კვალს" ვერსად მივაკვლიეთ... როგორც ხდება ხოლმე... და ამან ძალიან აღგვაშფოთა!
კარიბჭის ირგვლივ, ულამაზეს მინდორსა და მთელ სივრცეში ციხის უზარმაზარი ლოდები ეყარა, დანგრეული ციხის ქვები... და ძალიან სევდიანი სანახავი იყო იქაურობა... და მაინც - ლამაზი!
ლორე - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი, რომლის ნანგრევებიც ქალაქ სტეფანავანის ახლოსაა შემორჩენილი. მდებარეობს ისტორიულ ტაშირში, მდ. დებედას მარჯვენა ნაპირზე. ლორე XI საუკუნის 20-იან წლებში ტაშირ-ძორაგეტის მეფემ, დავით I-მა - უმიწაწყლომ დააარსა. 1065 წლიდან იგი კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი გახლდათ. ციხე-ქალაქს ორი მხრიდან ხეობები იცავდა, მესამე მხრიდან - ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე, მიმდებარე ტერიტორიებით, საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე უწოდეს. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა - აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შემორჩა, XVI-XVIII საუკუნეებში კი საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. 1918-1921 წლებში ლორეს რეგიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო რაც 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მოხდა, თქვენც კარგად იცით - მას შემდეგ ლორე სომხეთისაა...
დღევანდელ ლორეს პროვინციაში კიდევ ერთი ქართული ძეგლი ვნახეთ - ნევანქი (ძელი ჭეშმარიტი). იქამდე მისაღწევად საკმაოდ რთული, ქვა-ღორღიანი და დაკლაკნილი გზა გავიარეთ, თუმცა ნამდვილად ღირდა ნახვად.
ვახუშტი ბატონიშვილს მასზე დაუწერია: "კვალად დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა - მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთვე". ეს ძეგლი გიორგი ჩუბინაშვილს VIII-IX საუკუნეებით დაუთარიღებია. მის კედლებზე, ჩუქურთმებთან ახლაც კარგად იკითხება ქართული ასომთავრული წარწერები...
ბინდისპირს ერევნის გზაზე კიდევ ერთი ეკლესიისკენ გადავუხვიეთ, სომხური იყო და ულამაზეს კანიონს გადაჰყურებდა. აბა, იქ გენახათ ფოტოსესია! ყველაფერი წითელ-ვარდისფერმა ცამ და შემოღამებამ კიდევ უფრო დაამშვენა და მცირედ მაინც მოგვეხსნა დაღლილობა. ერევანში ჩასულებმა, ვერ მოვისვენეთ, ღამის ერევანი რომ არ დაგვეთვალიერებინა. ნაწილმა სასტუმროში მოსვენება ამჯობინა, რამდენიმემ კი ქალაქის ცენტრში გავისეირნეთ. კარგადაც მოვიქეცით, თორემ მეორე დღის სომხეთ-ირანისა თუ სომხეთ-ყარაბაღის საზღვრებამდე ჩასვლა-ჩამოსვლა-დათვალიერებით ქანცგაწყვეტილებს, მკვდარივით ჩაგვეძინა...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს