"შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული" - დედაღვთისმშობელი, მეფე დემეტრე I, ფრესკა და... წუთებში განცდილი საუკუნეები...
გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმის გამოქვაბულებში, ეკლესიიდან ეკლესიაში ვინაცვლებდით და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით სანატრელი "შენ ხარ ვენახის" ფრესკასთან შესახვედრად... იქამდე კიდევ საინტერესო ადგილები გველოდა. თუნდაც ბნელი ეკლესია (KARANLIK (DARK), სადაც კიბით ხვდებით და სადაც მხოლოდ ერთი სარკმლიდან შედის სინათლე. აქ ადრე მტრედების ბუდეები ყოფილა და ამის გამო, სკინტლისგან ფრესკების გაწმენდა-რესტავრაციას 10 წელიწადი დასჭირდა. ეკლესია ორსართულიანია. ფრესკებზე გამოსახულია: იესოს დატყვევება, საიდუმლო სერობა, შობა, მოციქულები და ა.შ.
მომდევნო იყო სანდლებიანი ეკლესია (ÇАРIKLI KILISE), რომელსაც ასე უჩვეულოდ იმიტომ უწოდეს, რომ მის შესასვლელთან ორი ნაფეხური შენიშნეს. აქ ფრესკებზე გამოსახულია წმ. მარიამი ყრმით, ლაზარეს აღდგინება, ანგელოზები ქრისტეს საფლავის გარშემო, იუდას ღალატი და ა.შ.
ყველაზე დიდი დრო TOKALI KILISE-Si - ბალთიან ეკლესიაში (X ს.) დავყავით. იგი ღია ცის ქვეშ მუზეუმის უდიდესი ეკლესიაა. აქ კარგად შემონახული, ძალიან ნათელი ფერის ფრესკები დაგვხვდა. ამბობენ კიდეც, რომ ამ ეკლესიის ფრესკებით კაპადოკიის ფერწერამ ბრწყინვალების პიკს მიაღწიაო. მართლაც გასაოცარი ფრესკები ვნახეთ, მაგრამ... უპირველესად, თვალი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი ფრესკისკენ გაგვექცა... უფრო ზუსტად, თვალი კი არ გაგვექცა, ღვთისმშობლმა თავად შემოგვანათა შორიდან! ეს გახლდათ ღვთისმშობლის ფრესკა "შენ ხარ ვენახი"! ამ სახელწოდების ხატი, ალბათ, ბევრს გაქვთ შინ ან, სულაც, ახლობლის ოჯახში გინახავთ, ხოლო ეკლესიაში ან ტელევიზიით ბევრჯერ მოგისმენიათ ამავე სახელწოდების საგალობელი, რომლის ტექსტიც - იამბიკო, დავით აღმაშენებლის უფროსმა ვაჟმა, შემდგომში საქართველოს მეფემ - დემეტრე I-მა სამეფო ტახტის მოსურნე ძმის მიერ იძულებით ბერად შედგომის პერიოდში დაწერა. ბედნიერებაა, რომ XI საუკუნიდან მოყოლებული, ლექსმა ამდენ საუკუნეს გაუძლო და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი საგალობელი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღემდე იგალობება. ბალთიან ეკლესიაში ჟანდარმები განსაკუთრებით "ყურადღებიანები" სწორედ ამ ფრესკის მიმართ იყვნენ. ალბათ, კარგად იციან, ღვთისმშობლის სახელგანთქმულ ფრესკას ბევრი მომლოცველი ჰყავს და ბევრიც მოინდომებს მასთან ან მისთვის ფოტოს გადაღებას. თავდაპირველად მოვეფერეთ და მოვესიყვარულეთ ჩვენს ძვირფას დედას, ხმადაბლა გალობაც ვცადეთ - "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული" ... და წუთებში, მგონი, ერთბაშად ყველა საუკუნე გამოვიარეთ. ბალთიან ეკლესიაში მართლაც სრული მობილიზება დამჭირდა, რომ როგორმე ფრესკისთვის ფოტო გადამეღო. იმდენ ხანს ვუტრიალე, რომ ჟანდარმების "ყურადღებაც" დავიმსახურე, მაგრამ მაინც ვაჯობე და ერთი კი არა, რამდენიმე კადრიც კი გადავუღე იმის შიშით, ბრმად გადაღებულზე ვაითუ მიზანს ავცდე-მეთქი. თამთამ სცადა, მეც გადავეღე ფრესკასთან, მაგრამ ჟანდარმა მაშინვე იქაურობის დატოვება მოსთხოვა. მართალია, ამ შემთხვევაში არ გამომართლა, მაგრამ მაინც, ასე მეგონა, თურქ ჟანდარმებზე გამარჯვებული წამოვედი ბალთიანი ეკლესიიდან... ღვთისმშობლის ფოტოებით.
იმ დღისთვის მეტისმეტად ბევრი ემოცია დაგვიგროვდა, ამიტომ მცირედი შესვენება წყალივით გვჭირდებოდა.
გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმიდან თავქვე დავეშვით, იქვე, სუვენირებთან, მაინც შევყოვნდით და ვიდრე ჩემი მეგობრები დახლებთან ფუსფუსებდნენ, თურქმა ალიმ, ლამის, ხელი მთხოვა: ინგლისურ-თურქულად პირად ცხოვრებაზე გამომკითხა და რომ გაიგო, გათხოვილი არ ვიყავი, გაიბადრა, - შენც სინგალ, მეც სინგალო" (ანუ შენც მარტო ხარ და მეცო!) და - სასწრაფოდ თავშალი მომაზომა, ფატაც დამახურა და პაპარაცი თამთა ჭანტურიაც მომენტს არ უშვებდა ხელიდან! მის ვაჟს, ჩვენს ლაზარე კვირტიას წარბი რომ არ აეწია და გაკრეჭილი ირმასთვის (ანუ ჩემთვის) და თავისი დედისთვის (ანუ თამთასთვის) რომ არ დაებღვირა, მგონი, ქორწილსაც გამოვკრავდით ხელს. გულიანად კი ვიცინეთ. ალიმ სამახსოვრო საჩუქარი მომიძღვნა და მომავალი შეხვედრის იმედად გამომემშვიდობა. ჩვენ კი მანქანისკენ გავეშურეთ: ჯერ მხოლოდ შუადღე იყო და ხანმოკლე დასვენების შემდეგ კიდევ ბევრი ადგილის მონახულებას ვაპირებდით.
(გაგრძელება იქნება)
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს