ვაგრძელებთ კაპადოკიაში მოგზაურობას... - კვირის პალიტრა

ვაგრძელებთ კაპადოკიაში მოგზაურობას...

იხილეთ წინა ნაწილი

გორემეს მუზეუმში კიდევ დიდხანს გავჩერდით. მიუხედავად პაპანაქება სიცხისა, დაღლას არავინ ვიმჩნევდით. კიდევ იმდენი რამ გვქონდა სანახავი, თანაც იოლი არ იყო ამდენი საოცრების ნახვა, აღქმა და, შეძლებისდაგვარად, ნანახის დაფიქსირება. აკი გითხარით, იქაური ჟანდარმები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ - გაფაციცებით შემოგვყურებდნენ ხელებში, ემანდ, ფოტოაპარატისკენ ხელი არ წაგვეღო... მათი გაფაციცება მაინც ამაო აღმოჩნდა - ყველაფერი გადავიღე! წმ. ბარბარეს ეკლესია

ვაშლის ეკლესიიდან სამაფსიდიან წმინდა ბარბარეს სამრეკლოში (CHAPEL OF ST. BARBARA) გადავინაცვლეთ. ეს ეკლესია საინტერესო აღმოჩნდა იმით, რომ აქ ორი სხვადასხვა პერიოდის მოხატულობა დაგვხვდა - ჩვეულებრივი ფრესკები და ფრესკები, რომელიც პრიმიტიულია თავისი სტილით, უფრო ბავშვის ნახატებს წააგავს. ეს უკანასკნელი "ასაკით" ხატწერასთან ბრძოლის პერიოდს ემთხვევა, როცა აკრძალული იყო ქრისტიანულ სიმბოლიკაში წმინდანების გამოსახვა. წმ. ბარბარე (მარცხნივ) ნახატები ოხრითაა შესრულებული და სიმბოლურია. მაგალითად, მწერი, ე.წ. სარანჩა - ბოროტების სიმბოლოა, ჯვრებს შორის მოქცეული "სარანჩა" ნიშნავს, რომ "ბოროტება დამარცხებულია", მამალი ეკლესიის სიმბოლოა. ცენტრალურ აფსიდზე ქრისტეა, აქვეა ფრესკები: წმინდა გიორგი დრაკონით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამის გაქცევა ეგვიპტეში და წმინდა ბარბარე. წმ. ეკატერინეს სამრეკლო

იქვეა წმინდა ეკატერინეს სამრეკლოც (CHAPEL OF ST. KATHERINA), რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს. ეკლესიის აფსიდში ყოვლადწმინდა სამებაა გამოსახული, მის ქვემოთ წმინდა მამები - გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, ჩრდილოეთი ფრთის სამხრეთ კედლებზე გამოსახული არიან წმინდა გიორგი, წმინდა თეოდორე, წმინდა ეკატერინე და სხვა წმინდანები...

წმ. ეკატერინეს სამრეკლოს აფსიდი წმ. ეკატერინეს სამრეკლო. წმ. გიორგი და წმ. თეოდორე

მომდევნო იყო XI საუკუნის გველის (წმინდა ონოფრეს) ეკლესია (YILANLI (SNAKE) CHURCH (OF ST.ONOPHRIUS)). ეკლესიაში გამოსახულები არიან ცხენებზე ამხედრებული წმინდა გიორგი, გველეშაპს რომ ამარცხებს და წმინდა დემეტრე. გველის ეკლესია. წმ. გიორგი და წმ. დემეტრე სავარაუდოდ, სწორედ გველეშაპი მიიღეს გველად და ამიტომაც უწოდეს ეკლესიას გველის, თუმცა ეკლესიის დაფაზე, ანოტაციაში წმინდა გიორგი გველეშაპთან ერთად არის მოხსენიებული. აქ გვხვდება წმინდა იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის - წმინდა ელენეს, ასევე, თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) IV საუკუნეში მცხოვრები წმინდა ონოფრეს ფრესკები. ეს უკანასკნელი ნახევრად შიშველია გამოსახული. ისევ და ისევ ჟანდარმების გამო, აქ გადაღებული ფოტოები საუკეთესო ვერ გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილებას მაინც შეგიქმნით. გველის ეკლესია. წმ. კონსტანტინე და წმ. ელენე

საინტერესოა სატრაპეზო (LARDER/KITCHEN/REFECTORI), რომელიც მონასტრის სატრაპეზოს წარმოადგენდა. აქ არის გრძელი მაგიდა სკამებით, კედლებში პატარა თაროები, ცეცხლის დასანთები ადგილი და ყურძის საწური მარანი.

გორემეს დანარჩენ საოცრებებსა და "შენ ხარ ვენახის" ხატთან შეხვედრაზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ.

გველის ეკლესია. წმ. ონოფრე (მარცხნივ) სატრაპეზო სატრაპეზოს გრძელი მაგიდა და სკამები

(გაგრძელება იქნება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს