ოზკონაკის გიგანტური კარები და ბელჰას ამოუცნობი საიდუმლო
ოზკონაკის გიგანტური კარები და ბელჰას ამოუცნობი საიდუმლო
ქალაქ ჩავუშინის ნიკიფორე ფოკასის ეკლესიიდან გზა მიწისქვეშა ქალაქისკენ განვაგრძეთ. კაპადოკიაში 36-მდე მიწისქვეშა ქალაქი ყოფილა, რომლითაც ტურისტები ძალიან ინტერესდებიან. ეს ქალაქები ქრისტიანობამდელი დასახლებებია, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანების თავშესაფარად იქცა. თითოეულში მრავალი სართულია და უამრავი გვირაბი, რომელიც კარგადაა შესწავლილი. ოდესღაც ქალაქების მცხოვრებლები ამ გვირაბებით ერთმანეთსაც უკავშირდებოდნენ.
ოზკონაკის მიწისქვეშა ქალაქი (Özkonak Underground City) ძირითად სანახაობებს მოშორებულია, ამიტომ ხშირად რჩება ტრადიციული ტურისტული მარშრუტის მიღმა. მის მოსანახულებლად არც ქართველ ტურისტებს რჩებათ დრო. მაგრამ ჩვენი ჯგუფის "გენერალ-სიმუსი" თამთა ჭანტურია სიმუსებს მოდუნების საშუალებას წუთითაც არ გვაძლევს ხოლმე, ასე რომ, აქაც მის სუპერგეგმის დავემორჩილეთ და არც გვინანია.
ოზკონაკი ქალაქ ავანოსიდან ჩრდილოეთით, 14-15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ამ ქალაქში ბევრი გვირაბია ნაპოვნი, თუმცა ტურისტებისთვის მხოლოდ ერთია გახსნილი. დერინკუიუსა და კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქებისგან განსხვავებით, აქ სავენტილაციო მილები ყველა სართულიდანაა გაყვანილი. ფიქრობენ, რომ ეს ქალაქი კაბადოკიის ბიზანტიელებმა ააშენეს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ბევრად ძველიც იყოს. ოზკონაკის მიწისქვეშა კომპლექსი 1972 წელს შემთხვევით აღმოაჩინა ადგილობრივმა ფერმერმა ლათიფ აკარმა, რომელიც დაინტერესდა, მისი ფერმიდან სად ქრებოდა წყალი. მან მიწაში გათხარა ორმო და წყლის ნაცვლად აღმოაჩინა მთელი ქალაქი, სადაც თავისუფლად განთავსდებოდა 60 ათასი ადამიანი და 3 თვის განმავლობაში იცხოვრებდა კიდეც.
ოზკონაკის კომპლექსში 40 მეტრის სიღრმეზე 10 სართულია, ტურისტებისთვის კი მხოლოდ 4 სართულია გახსნილი. როგორც აგვიხსნეს, განსხვავებით იმ რეგიონის სხვა მიწისქვეშა ქალაქებისგან, ოზკონაკის გვირაბების თავზე გაკეთებული იყო ხვრელები, საიდანაც შემოსეულ მტერს მოსაგერიებლად მოსახლეობა ცხელ ზეთს ასხამდა. ხოლო კაპადოკიის სხვა მიწისქვეშა ქალაქების მსგავსად, ოზკონაკსაც ჰქონდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები, ჭა, მარანი, სამეურნეო განყოფილებები, სავენტილაციო სისტემა და ჩამკეტი გრანიტის ქვები, რომლის გადაგორებით იკეტებოდა შესასვლელი გვირაბი და ხალხი უსაფრთხოდ აფარებდა თავს მიწის ქვეშ.
ჰოდა, თითოეული ჩვენგანის გაოცება გენახათ, კაპადოკიის სხვა მიწისქვეშა ქალაქების გამღებ-ჩამკეტი კარები რომ არ გვქონდა ნანახი და ეს ყველაფერი პირველად რომ ვიხილეთ! უზარმაზარი ქვები იყო და მისი მასშტაბის - სიმაღლისა და სისქის დასაფიქსირებლად ფოტოს გადაღებისას საგანგებოდ დავდექით კარის გვერდით. თამთას თქმის არ იყოს, დღესაც კი ვერანაირი იარაღი ვერ გაანგრევდა ამ გოლიათს. გვირაბი იმდენაც დაბალი იყო, მოხრილ-მოკუნტულები მივუყვებოდით ხან აღმა, ხან დაბლა.
თურქი ტურისტი გოგონა ცუდად გახდა, როგორც ჩანს, კლაუსტროფობია სჭირდა და ლამის გული შეუღონდა. ისეთი შეფუთული იყო, ანკი როგორ უნდა ესუნთქა. ინგლისურად, ჟესტიკულაციითა და ქართულადაც კი ვეხვეწეთ მის მეუღლეს, ეგებ საყელო შეუხსნათ, ცოტათი რომ ისუნთქოს-თქო, მაგრამ ამაოდ. საბედნიეროდ, სიმუსებს არაფერი გაგვჭირვებია და არც გვქონდა უფლება - ავანოსის კერამიკის მუზეუმი უნდა გვენახა.
ავანოსისკენ წასულებმა, თამთას წყალობით, ოზკონაკთან ახლოს, 5 წუთის სავალზე, გზად კიდევ ერთი მონასტერი მოვინახულეთ - მისი ტრაფარეტი ჩვენმა მეგზურმა ოზკონაკში შენიშნა და რადგან უცნობი სახელწოდება ჰქონდა, საერთო გადაწყვეტილებით, კაპადოკიის კიდევ ერთი უცნობი ადგილის მონახულების შანსი ხელიდან არ გავუშვით.
ბელჰას მონასტერი (Belha Monastery) საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მერე ინტერნეტშიც ამოვიკითხეთ, რომ ადრეული ქრისტიანული ხანის, დაახლოებით, VI საუკუნის ძეგლი ყოფილა, რაც ამ ადგილს კაპადოკიის ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ცენტრად აქცევს. თუმცა სხვა ვერსიების აქვთ - დაწყებული, ჩვენი წელთაღრიცხვის IV-დან VIII საუკუნემდე. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კომპლექსი კიდევ უფრო ძველია და სანამ ქრისტიანულ მონასტერს გახდებოდა, იგი წარმართული თაყვანისმცემლობის მსახურების ადგილი გახლდათ - ზევსის ტაძარი იყო. იმასაც ამბობენ, რომ მას შეყვარებულებზე ლეგენდა უკავშირდება. კომპლექსში შედიოდა ეკლესია, რომელსაც ოდესღაც, თურმე, ფრესკები ამშვენებდა, სამზარეულო-სატრაპეზო, დიდი დარბაზი კრებისთვის, სავარაუდოდ, სკოლა, საძინებელი და მისაღები ოთახები, სამეურნეო ნაწილი - მარანი და სამაროვანი. ძეგლი ტურისტულ მარშრუტში არ არის, შესული, ამიტომ ინფრასტრუქტურაც მოუწყობელია. ზოგიერთი ოთახი ჩამონგრეულიცაა.
ბელჰაში დიდხანს ვერ გავჩერდით, ავანოსის დათვალიერებაც უნდა მოგვესწრო, მაგრამ გული კი დაგვწყდა, რომ ავჩქარდით - მერე შევიტყვეთ, რომ მონასტრის მონახულება საინტერესო თავგადასავლადაც შეიძლება ქცეულიყო... თუ ძალიან მოვინდომებდით, შეიძლებოდა მონასტრის ორი ნაწილის დამაკავშირებელი, 15 მეტრის სიგრძის გვირაბისთვისაც მიგვეკვლია. თურმე, გვირაბის ბოლოს მდებარე ოთახში, კედლებსა და იატაკზე ამოკვეთილი ხვრელები ჩანს. ზოგიერთი მოგზაური ამბობს, რომ ეს ხვრელები ემსახურებოდა პატიმრების ან დამპყრობლების ჯაჭვის შეკვრას, მაგრამ ამ ხვრელების რეალური დანიშნულება ჯერჯერობით საიდუმლოებითაა მოცულიო. მერედა, ნეტავ იცოდეთ, როგორ გვიყვარს სიმუსებს საიდუმლოებების ამოხსნა!!! თუ კიდევ წავედით, უეჭველად მოვინახულებთ ბელჰას მონასტერს, ქართველ ტურისტებს კი ვურჩევ, მისით დაინტერესდნენ. ნამდვილად ისიამოვნებენ.
ჩვენ კი ბელჰადან ავანოსისკენ განვაგრძობთ გზას დამ ის ამბებს მომდევნო ბლოგში გიამბობთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს