მიწისქვეშეთის "ტყვეობაში" ჰალისის პირას, სადაც თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსი დაამარცხა - კვირის პალიტრა

მიწისქვეშეთის "ტყვეობაში" ჰალისის პირას, სადაც თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსი დაამარცხა

იხილეთ წინა ნაწილი

ბელჰას მონასტრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოვედით. საერთოდაც, მთელი დღეები იყო ერთი დიდი შთაბეჭდილება, რომელიც ძალიან მინდა, თქვენც განიცადოთ, თანაც - არა მარტო მონათხრობით, არამედ - ვიზუალურადაც. ამიტომაც გავაბნიე თურქეთის 9-დღიანი ტურის თუნდაც თითო დღის ამბები პატარ-პატარა წერილებად. ამჯერად ავანოსის კერამიკის მუზეუმისკენ გავეშურეთ.

ავანოსი უძველესი დროიდან კერამიკის ცენტრადაა ცნობილი. დღეს იგი უკვე ქალაქია, მაგრამ ოდესღაც პატარა დაბა ყოფილა. კარგ დოქს ნატეხებითაც ამოიცნობ

როგორც ჩვენმა მეგზურმა თამთა ჭანტურიამ გვიამბო, მდინარე კიზილ-ირმაკი (ნაწილობრივ სახელსაც დამესესხნენ!) ავანოსს ორ ნაწილად ჰყოფს. სიტყვა "კიზილი" თურქულად, თურმე, "წითელს" ნიშავს და ეს ის წითელი მდინარეა, რომელსაც ადრე ჰალისი ერქვა. სწორედ აქ, ჰალისის ისტორიულ ველზე დაამარცხა თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსი. მდინარეს მართლაც გადაჰკრავს მოწითალო ფერი, ვინაიდან ნაპირებზე დიდი რაოდენობით წითელი თიხაა და ხეთების ხანიდან მოყოლებული, სწორედ ამ თიხამ გაუთქვა ავანოსს კერამიკის ცენტრის სახელი. ქალაქი განთქმულია ხალიჩებით და - ონიქსის და ალებასტრის ნაკეთობებითაც. ენეოლითის ხანის ექსპონატები სამხრეთ ანატოლიიდან

სხვადასხვა დროს ავანოსს ხეთები, ასირიელები, სპარსელები, რომაელები, ბიზანტიელები და ბოლოს - სელჩუკ-ოსმალები მართავდნენ. არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც ავანოსთან ახლოს, ზანკ ჰიოიუკში ჩატარდა, დაადასტურა აქ ნეოლითური დასახლების არსებობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წელს. სწორედ მდინარე ჰალისის ნაპირთას, ველზე, დაამარცხა თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსი

1202 წელს კონიის სულთნის - ქეი-ქუბად I-ის ბრძანებით, ავანოსში აშენდა მეჩეთი ალადინ ჯამი, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საინტერესო ისტორიულ ძეგლად მიიჩნევა.

ადრე ბრინჯაოს ხანის ნიმუში

ავანოსი ძალიან ლამაზი ქალაქია - მწვანეში ჩაფლული, ირგვლივ ხეხილის ბაღებითა და ვაზის ზვრებით. მას კაპადოკიის "უმწვანეს ადგილს" უწოდებენ. ქალაქის შესასვლელში კერამიკის ძეგლი დგას წარწერით: "ავანოსისკენ გზა ბრმამაც კი იცის, კარგ დოქს კი ნატეხებითაც ამოიცნობო". ავანოსშიც მიწის ქვეშ აღმოვჩნდით - კერამიკის მუზეუმი, რომლის დასათვალიერებლადაც მივიჩქაროდით, მიწისქვეშა მუზეუმი ყოფილა. მიწისქვეშა მუზეუმში 'სამაიაც' კი შევასრულეთ

ისე მივეჩვიეთ დედამიწის ქერქის მეტ-ნაკლებად სიღრმეში სიარულს, მუზეუმი კი გაჩახჩახებული და ულამაზესი კერამიკის ექსპონატებით ისეთი დამშვენებული დაგვხვდა, რომ მზის სხივი არც მოგვისაკლისებია. აქ ყველაზე ძველი ექსპონატი 7000 წლისაა. ისეთი ცოცხალი თვალები ჰქონდა, გვეგონა იქვე გაჭენდებოდა ძალიან დაგვაინტერესა მუზეუმის თანამშრომლების მასტერკლასმა - პატარა ოთახში გვაყურებინეს, როგორ იძერწება თიხისგან კერამიკის ნივთები. შეგიძლია, თავადაც სცადო, თუნდაც, დოქის გაკეთება. ზღვის თემას მუზეუმში ბევრგან შეხვდებით

იქვეა მაღაზიები, სადაც, რა გინდა სულო და გულო, კერამიკის ნაკეთობა რომ არ იყიდებოდეს, თუმცა ფასი, სულსა და გულს რომ გაუხარდება, ისეთი სულაც არ აქვს. მაინც ვერ მოვითმინე და სამახსოვროდ კერამიკის პატარა ბროწეული შევიძინე, თანაც - ფასდაკლებით. ავანოსის მუზეუმში მასტერკლასიც ჩაგვიტარეს

სხვათა შორის, გარდა სილამაზისა, ავანოსი საინტერესო ქალაქიც არის. მაგალითად, მდინარე კიზილირმაკზე გადებულია ქვის ხიდი, რომელიც 1900 წელსაა აშენებული; ასევე, აქ არის მთელ კაპადოკიაში ერთ-ერთი უძველესი - VI საუკუნის ეკლესია; ავანოსშივეა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მუზეუმი - თმის მუზეუმი, რომლის ნახვაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. მიწისქვეშეთში ფერთა გამამ დაგვატყვევა ასევე, ავანოსიდან 2 კმ-შია კარავანსერაი სარუჰანი (ჩარავანსერაი შარუჰან), სადაც დერვიშების ცნობილი "ცეკვის საღამოები" ტარდება.

იმ დღეს მართლა სულ მიწისქვეშ კი არ გვივლია, კლდეში გამოკვეთილი ქალაქი ზელვეც დავათვალიერეთ და ფაშაბაღსაც ხეირიანად ვნახავდით, თავსხმა წვიმასა და ბინდს რომ არ შეეშალა ხელი. ზელვეზე და კიდევ რამდენიმე გასაოცარ ადგილზე მომდევნო წერილებში გიამბობთ, ასე რომ, დამელოდეთ - ჩემი ზურგჩანთა უძიროა და წერილი არასდროს გამოილევა.

იხილეთ გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს