სტუმრად ქვის ოჯახში - ურღუპელი მამა, დედა და შვილი - კვირის პალიტრა

სტუმრად ქვის ოჯახში - ურღუპელი მამა, დედა და შვილი

იხილეთ წინა ნაწილი

წმინდა გიორგის სახლს ძლივს შეველიეთ და ამ უძველესი ქალაქის - ჩავუშინის "ქუჩებში" დავიწყეთ ხეტიალი.

ჩავუშინს, ქანების ჩამოშლის გამო, მხოლოდ უკანა კედელი აქვს შემორჩენილი. კლდეებში გაშენებული ქალაქი ქვაში გამოკვეთილი საცხოვრებლებით, სხვადასხვა დანიშნულების მღვიმეებითა და ეკლესიებით გორემედან ორ-ნახევარ კილომეტრშია და გორემეს ეროვნულ პარკს მიეკუთვნება. აქ ქრისტიანების განდევნის შემდეგ თურქები ცხოვრობდნენ, თუმცა, კლდეების ჩამოშლის საფრთხის გამო, 1953 წლიდან ქალაქი დაიცალა.

2-1638269658.jpg
ჩავუშინის ნაქალაქარის ფრაგმენტი

აქვე ვნახეთ VI საუკუნის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ულამაზესი ფრესკებით. ჩავუშინის ეკლესიებს, სავარაუდოდ, I-X საუკუნეებით ათარიღებენ. ფრესკების დიდი ნაწილი დაკარგულია, შემორჩენილ ფრაგმენტებს კი VII-VIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.

3-1638269705.jpg
ჩავუშინის ქუჩებში დავხეტიალობდით

ჩავუშინიდან გეზი კაპადოკიის ულამაზესი ქვის ქანდაკებების - ურღუპის სოკოებად ცნობილი ადგილისკენ ავიღეთ. ცოტა ხნით ქალაქ ურღუპშიც შევჩერდით, ურღუპის ციხესაც შევავლეთ თვალი, მაგრამ "სოკოებმა" მართლაც დაგვატყვევა. ჩვენმა შტურმანმა ზვიადმა განსაკუთრებული ფოტოსესია ერთად ამოსვეტილ სამ სოკო-ქანდაკებასთან მოგვაწყობინა. არ იკითხავთ, რა ერქვა სამეულს? - "ოჯახი - მამა, დედა და შვილი". დედა-სოკოს თქვენც იოლად ამოიცნობდით, რადგან გაცილებით პატარა "სოკო" - შვილი გულში ჰყავს ჩახუტებული, მამა-სოკო კი იქვე, ერთ ნაბიჯში იდგა. ბუნების შემოქმედება - ქვის ოჯახი... საოცარია, არა?

4-1638269793.jpg
ჩავუშინის უკანა კედელი

ე.წ. სოკოები ბერების ხეობაშიც ბევრია, პირველად, ხომ, სწორედ იქ მივედით, მაგრამ წვიმამ მოგვისწრო და საგულდაგულოდ დათვალიერება მომდევნო დღისთვის გადავდეთ. ოღონდ ის კი მახსოვს, რომ, ერთი შეხედვით, ბერების ხეობაში ასეთი ოჯახი არ დაგვინახავს. ამ ქვების წარმოშობასა და ბერების ხეობაზე მომდევნო წერილში გიამბობთ, მანამდე კი გზას კაპადოკიის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით, სოღანლის ხეობისკენ განვაგრძობთ.

5-1638269848.jpg
ჩავუშინის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

რაც მეტ რამეს ვნახულობთ, ვრწმუნდებით, რომ მართლაც ზღაპრულ ქვეყანაში მოვხვდით, სადაც მიწისქვეშეთიც, "მიწისზედეთიც" და ცაც კი - გაოგნებს!

6-1638269917.jpg
ჩავუშინის ეკლესია. მთავარანგელოზის ფრესკა

ჩვენს მარშრუტს "გამოჰყევით" და ერთი წამითაც არ დაგაეჭვებთ ჩემი სიტყვები.მუსტაფაფაშა-სოღანლის საავტომობილო გზაზე კეშლიკის მონასტრის ტრაფარეტი შევნიშნეთ და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მონასტრისკენ გადავუხვიეთ.

7-1638269967.jpg
ჩავუშინის მთავარანგელოზის ეკლესიის ფრესკები

კეშლიკის (KESHLIK) სამონასტრო კომპლექსი (VIII ს.) შუა საუკუნეებში მიუდგომელ და დაფარულ ადგილას მდებარეობდა, ახლა კი ცენტრალური ტრასის პირასაა. ამ ეკლესიას მეორე სახელიც აქვს - კარა კილისე ანუ შავი მონასტერი, ვინაიდან ჭვარტლისგან ფრესკები სულ გაშავებულია - ბერძნების წასვლის შემდეგ აქ ადგილობრივი თურქი მწყემსები ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე... მონასტერი გამოკვეთილია კლდეში და სულ მწვანეშია ჩაფლული.

8-1638270093.jpg
ქვის ოჯახი - მამა, დედა და შვილი

კომპლექსში შედის მიქაელ მთავარანგელოზისა და წმ. სტეფანეს ეკლესიები, აიაზმა, სასკოლო და სამეურნეო დანიშნულების ოთახები, სატრაპეზო, მარანი, საცხოვრებელ კელიები და სამალავი ოთახები. 1923 წლამდე ეკლესია მოქმედი იყო, ბერძნების გადასახლების შემდეგ კი წირვა-ლოცვაც შეწყდა.

9-1638270178.jpg
ეს კი ქვის დევია...

მონასტერს უვლის და ტურისტებს მეგზურობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ისტორიკოსი ჯაბირ ჯოშკუნერი, რომელიც ჩვენც შემოგვეგება. ძალიან შთამბეჭდავია იქაურობა. ფრესკებს მაინც შემორჩენია ფერები და ძველი დიდება, მხატვრობა ალაგ-ალაგ მოოქრულია.

10-1638270280.jpg
ქვათა ტყვეობაში

მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის ფრესკები XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება, წმინდა სტეფანეს ეკლესიაში კი სრულიად განსხვავებულია და თანაც - სამი ფენაა შემორჩენილი. მონასტერში დიდი ზომის სატრაპეზოა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია აიაზმა, ადგილი, სადაც ადრე ქრისტიანებს ნათლავდნენ. აიაზმას ერთ ერთ კედელზე სიცოცხლის ხეა გამოსახული.

11-1638270317.jpg
კეშლიკის მონასტერი

მონასტერში ისეთი სიმშვიდე და სილამაზე იყო, ძლივს მოვწყდით იქაურობას...

12-1638270353.jpg
წმ. სტეფანეს ეკლესიის ფრესკები
13-1638270402.jpg
წმ. სტეფანეს ფრესკების სხვადასხვა ფენა
14-1638270475.jpg
სკოლის მერხთან განვლილ მასალას ვიმეორებ

(გაგრძელება იქნება )