უკანასკნელი ხეობა, ბოლომდე რომ ებრძოდა შემოსეულ არაბებს
უკანასკნელი ხეობა, ბოლომდე რომ ებრძოდა შემოსეულ არაბებს
თურქეთში მომთაბარეობით ხან მიწისქვეშეთში დავძვრებოდით, ხან კლდეებზე და ხან ხეობებში. ამჯერად გზას სოღანლის ხეობისკენ გავუყევით. სოღანლს ადრე სოანდოსი ერქვა, თურმე. სახელწოდებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, იგი ითარგმნება, როგორც "ბოლქვიანი", მეორე ვერსიით კი, იგი წარმოიშვა სიტყვიდან SONA KALDI, რაც "უკანასკნელს" ნიშნავს. ანუ სოღანლის ხეობა ყოფილა კაპადოკიის უკანასკნელი ხეობა, რომელიც ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას შემოსეულ არაბებს.

სოღანლის ხეობაში 50-მდე ეკლესიაა. დღესდღეობით მხოლოდ ათამდე მათგანის დათვალიერებაა შესაძლებელი. ხეობა ორი მიმართულებით იშლება - ჩრდილოეთით და დასავლეთით.

ჩვენ ჯერ ხეობის შიგნით შევედით და პირველად TAHTALI KILISE - წმინდა ბარბარეს სახელობის კლდეში გამოკვეთილი, ულამაზესი ფრესკებით მოხატული ეკლესია მოვილოცეთ. იგი V-VI საუკუნისაა, მოხატულობა კი X საუკუნეს ეკუთვნის. წმ. ბარბარეს ეკლესიიდან უკან გამოვბრუნდით და კიდევ რამდენიმე ეკლესია დავათვალიერეთ, მათ შორის - VI ს-ის KARABAŞ KILISE ანუ "შავთავას ეკლესია", კარგად შემონახული XI ს-ის ფრესკებით, ასევე, YILANLI KILISE ანუ "გველების ეკლესია", რომლის მეორე სახელია CANAVAR KILISE ანუ "მტაცებლის ეკლესია".

თუმცა ეკლესიას კიდევ ერთი სახელი აქვს - წმ. გიორგის სახელობის, რაც ვფიქრობ, ყველაზე ზუსტი უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ეკლესიის ორენოვან აბრაზე ინგლისურად სწორედ წმ. გიორგის ეკლესიადაა მოხსენიებული. ეკლესიაში ორი საფლავია და მოხატულობაც შემორჩენილია.

პატარა მდინარით მეორე მხარესაც გადავედით და ბორცვზე ავედით ბილიკით, რომელმაც SAKLI KILISE-სთან ანუ "დამალულ ეკლესიასთან" მიგვიყვანა. იგი მართლაც დამალულია, რადგან ქვედა სართული მიწისქვეშაა მოქცეული და შეიძლება ვერც შეამჩნიო. იქვეა X ს-ის KUBBELI KILISE- "გუმბათიანი ეკლესია", რომელსაც უჩვეულო ფორმის გუმბათი აქვს და მსგავს კაპადოკიაში ვერსად ნახავთ. ეკლესიაში ორი სართულია და ქვედაში მხოლოდ სამაროვნებია.

სოღანლის ხეობაში, ეკლესიებს შორის, დაბლობზე რესტორანიც კი დაგვხვდა.

ცოტა წავიხემსეთ და მიწისქვეშა ქალაქ დერინკუიუსკენ (Derinkuyu ) გავემართეთ. ვიცი, წამდაუწუმ "გაოცებას" გავიძახი, მაგრამ მოდი და, ნუ გაოცდები ძვ. წ. II-I ათასწლეულების ამ, 8-იარუსიანი და 60 მეტრის სიღრმის ქალაქით, სადაც უძველეს ხანაში უნიკალური ინფრასტრუქტურა ჰქონიათ და რომელსაც 20 ათასი ადამიანის შეფარება შეეძლო, თავისი საკვებითა და შინაური ცხოველებით!

ჯერ ქალაქის მთელი ტერიტორია არც გამოუკვლევიათ, მაგრამ ფაქტია, სასულიერო სასწავლებლებიც ჰქონიათ, ღვინის მარნებიც და კიდევ ათასი რამ. დერინკუიუ 8-9-კილომეტრიანი გვირაბითაა დაკავშირებული კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქთან.

იმდენი ვიარეთ ზევით-ქვევით-წინ და უკან, მიწის ზემოთ გვარიანად დაქანცულები ამოვედით, მაგრამ შემართება არ დაგვიკარგავს და შეუსვენებლად განვაგრძეთ გზა სობესოსის ნაქალაქარისკენ (SOBESSOS).
