სობესოსის უძველესი ნაქალაქარი კაპადოკიის სამხრეთში
წინა წერილში მიწისქვეშა ქალაქ დერინკუიუში მოგზაურობაზე გიამბეთ, მიწის ზემოთ ამოსულებმა კი შეუსვენებლად განვაგრძეთ გზა სობესოსის ნაქალაქარისკენ (SOBESSOS), რომელიც ჩვენი სასტუმროს მენეჯერის - მუსტაფას ბიძის ეზოში 2002 წელს შემთხვევით აღმოუჩენიათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. სობესოსი კაპადოკიის სამხრეთ ნაწილში, სოფელ SAHINEFENDI-ის შესასვლელთან მდებარეობს.
ეს არის IV საუკუნის (300-350 წ.წ.) რომაულ-ადრებიზანტიური ეპოქის ძველი ნაქალაქარი.
ამ ადგილის გათხრები ბოლო წლებში ჩატარდა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შესაბამისად, დღემდე არ არის დადგენილი ქალაქის საზღვრებიც. ნასახლარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 70-ზე მეტი საფლავი და თითოში 4-5 მიცვალებული ერთადაა დამარხული. ყველა მათგანი მამაკაცი ყოფილა, რითიც ივარაუდეს, რომ ეს მეომრების სასაფლაო იყო.
სობესოსის ნაქალაქარი რამდენიმე ნაწილისგან შედგება.
აქ არის IV-V ს.ს-ის 400 კვ. მეტრის დიდი დარბაზი სხვადასხვა სივრცით.
მოზაიკის ოთახი, სადაც შემორჩენილია მოზაიკის რამდენიმე დიდი ფრაგმენტი.
ზოგიერთ ორნამენტში ჩაქსოვილია სვასტიკა.
ამავე დარბაზში გვხვდება რომაული აბანო, სადაც არის თბილი და ცივი წყლის განყოფილება, მასაჟის ოთახი და რომელსაც მარმარილოს იატაკი ჰქონია. სხვათა შორის, აბანოს მოზაიკის დეტალებშიც ნათლად ჩანს სვასტიკა.
ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება ოთახი საფლავით
აქვე გვხვდება VI ს-ის ეკლესიის ნანგრევები. ნაქალაქარი მწვანეშია ჩაფლული და შესანიშნავი პეიზაჟი აკრავს.
ერთი დღისთვის კვლავ ბევრი ემოცია და შთაბეჭდილება დაგვიგროვდა, დაბინდდა კიდეც და შინისკენ ანუ ჩვენი სასტუმროსკენ გამოვემართეთ. იმის ძალა კი მაინც გვეყო, რომ ღამის გორემეში გვესეირნა, გორემეს უმაღლესი წერტილიდანაც გადმოგვეხედა და ღამის ქალაქის ჩირაღდნებით დავმტკბარიყავით.