რუსეთის სპეცოპერაცია შევარდნაძის "სახლში" გასასტუმრებლად - კვირის პალიტრა

რუსეთის სპეცოპერაცია შევარდნაძის "სახლში" გასასტუმრებლად

იხილეთ წინა ნაწილი

ედ. შევარდნაძის მმართველობის პერიოდი რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებით აქტიური ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებით გამოირჩეოდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, რუსეთის გე-ერ-უ (სამხედრო დაზვერვა), ეფ-ეს-ბე (პოლიტიკური დაზვერვა), ეს-ვე-ერი (საგარეო დაზვერვა) და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ფარული ოპერაციებით მთელ საქართველოს აკონტროლებდნენ. მათი აგენტურა მოქმედებდა ყველგან, უპირველესად კი - ე.წ. "ძალოვან სტრუქტურებში" და საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამიტომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების კრიტიკული შენიშვნების ამსახველი დოკუმენტების შინაარსი რუსეთის ხელისუფლებისთვის საიდუმლო არასდროს ყოფილა. მოსკოვი ამის მიხედვით გეგმავდა საკუთარ სტრატეგიასა და ტაქტიკას. მათ შევარდნაძის ხელისუფლება გარკვეული პერიოდი აწყობდათ, იმიტომ, რომ იმ პირობებში საქართველოს დესტაბილიზაცია არ იყო ძნელი საქმე. თუმცა ედ. შევარდნაძესთან რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას "ძველი ანგარიშები" ჰქონდა: "ძველი ცოდვებიდან" ისინი "თეთრ მელას" ვერ პატიობდნენ "ბერლინის კედლის" დანგრევასა და საბჭოთა იმპერიის დაშლას. შემდეგ პერიოდში კი მათ გაღიზიანებას იწვევდა: საქართველოს დასავლური კურსი, რუსეთის გვერდის ავლით საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობსადენების აგება, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ იძულებითი შეთანხმება და უარი საქართველოს ტერიტორიაზე "ანტიტერორისტული" სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე. ედუარდ შევარდნაძეს არ უნდა დავუკარგოთ ის დიდი დამსახურება, რომ მან, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდი, ღია და ფარული ზეწოლის მიუხედავად, შეძლო საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას: ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილურობა (რომელიც, დიდწილად, ასევე, რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული) იწვევდა ჩვენ მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. "მოჯადოებულ წრეში" ჩაკეტილი ქვეყანა 2002 წლის ბოლოს უკვე უფსკრულის პირას აღმოჩნდა: სოციალური და პოლიტიკური კოლაფსი სახეზე იყო, საჭირო იყო სასწრაფო და რადიკალური ცვლილებები. თუმცა შევარდნაძეს ეს უკვე აღარ შეეძლო. 2005 წლის აპრილში უნდა გამართულიყო საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს ახალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე ვაშინგტონიც და მოსკოვიც აქტიურად მუშაობდნენ. განსხვავება ის იყო, რომ ამერიკელები ღიად მოქმედებდნენ, რუსები კი - ფარულად.

მოსკოვი ამერიკელების აქტიურობას დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს. სამწუხაროდ, რუსეთის სპეცსამსახურებს ამომწურავი აგენტურული ინფორმაცია ჰქონდათ აშშ-საქართველოს სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის - უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების გეგმებზე და ცდილობდნენ, მაქსიმალურად შეეშალათ ხელი საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს კავშირების გაღრმავებისთვის. ფაქტია, რომ 1998 წლიდან შევარდნაძეს დასავლური კურსით მიჰყავდა ქვეყანა, თუმცა - ძალზე ნელი ტემპებით. ამ პირობებში პოლიტიკურ ინტრიგებში გამოწრთობილი შევარდნაძის ნაცვლად ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი მოსკოვისთვის ნამდვილად დიდი საჩუქარი იქნებოდა. მათ სჭირდებოდათ "მართვადი თოჯინა", თანაც ისეთი ფსიქოტიპის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული იქნებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს, სინამდვილეში კი მასზე ზემოქმედების ბერკეტები კრემლს ექნებოდა.

2003 წლის 2 ნოემბერს სერიოზული დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ის ბოლო წვეთი იყო, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა აავსო: ქვეყნის შიგნით და გარეთ ცვლილებებს ითხოვდნენ. სამწუხაროდ, მოხუცი პრეზიდენტი ადეკვატურად ვეღარ აღიქვამდა მოვლენებს.

მან ოც დღეში ბევრი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რაც თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. რუსეთს, რომელსაც შევარდნაძის "გამოსწორების" იმედი უკვე აღარ ჰქონდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ფარული მიზნების (უპირველესად - "თეთრი მელას" მოცილება) განხორციელება სურდა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთო, როგორც დიპლომატიური, ასევე - სპეცსამსახურების ხაზით.

მოკლედ გავიხსენოთ იმ მღელვარე დღეების ქრონიკა. 2003 წლის 9 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე შევარდნაძეს კანცელარიაში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი ეწვია, ხოლო ერთი საათის შემდეგ გაიმართა სატელეფონო საუბარი პუტინსა და შევარდნაძეს შორის. 10 ნოემბერს კრწანისში გაიმართა შეხვედრა "სამეულსა" (ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი) და შევარდნაძეს შორის. სააკაშვილი შეხვედრიდან გამოიქცა და ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც შევარდნაძეს დიქტატორი ეძახა და ნიკოლაე ჩაუშესკუს ბედი უწინასწარმეტყველა.

besoalada1-1639472454.jpg
სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე და შევარდნაძე

13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის რამდენიმე წარმომადგენელი მოსკოვში იმყოფებოდა და შეხვედრებს მართავდა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა წრესთან და იქაურ ქართველებთან (მათ შორის - იგორ გიორგაძესთან). იმავე დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ შევარდნაძესთან დიალოგის ყველა რესურსი ამოიწურა და მოლაპარაკებები აღარ შედგებაო.

14 ნოემბერს შედგა მორიგი სატელეფონო საუბარი შევარდნაძესა და პუტინს შორის. იმავე დღეს სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

17 ნოემბერს შევარდნაძემ განაცხადა, რომ არ გადადგება და მისი მთავარი მიზანი 2005 წლის აპრილში ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადაბარებაა. 21 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და თან დაამატა, 2005 წლის აპრილამდე პრეზიდენტის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური გზით შეცვლა საქართველოს "ბანანის რესპუბლიკას" დაამსგავსებსო. ჩემი აზრით, ეს ამერიკელების ოფიციალური პოზიცია იყო, ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას: შევარდნაძე დარჩებოდა, ოპოზიციას კი პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის (კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრის) პოსტები ექნებოდათ.

იმავე დღეს სააკაშვილმა საქართველოში ხავერდოვანი, მშვიდობიანი და უსისხლო რევოლუციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 21 ნოემბერს გავრცელდა რუსეთის ხელისუფლების ორაზროვანი მოწოდება შევარდნაძისადმი: არ დაუშვათ ძალადობა, გამოიჩინეთ მოთმინება და დათმობები აუცილებელიაო. 21 ნოემბერსვე გამოქვეყნდა ვაშინგტონის ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და აუცილებელი იყო სასწრაფოდ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავეთა დასჯა. მანამდე ახლად არჩეული პარლამენტის სხდომის ჩატარება ამერიკის ადმინისტრაციას მართებულად არ მიაჩნდა. თუმცა შევარდნაძემ ეს გაფრთხილება არად ჩააგდო და 22 ნოემბერს სხდომის ჩატარება გადაწყვიტა, ხოლო პარლამენტში ოპოზიციის შეჭრის შემდეგ იმავე საღამოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმავე საღამოს გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - კოლინ პაუელისა და შევარდანაძის სატელეფონო საუბარი. პაუელმა "შევის" მხარდაჭერა აღუთქვა. იმავე საღამოს, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი გამოფრინდა. მოსკოვში გადაწყვეტილება მიღებული იყო: შევარდნაძე უნდა წასულიყო, მის შემცვლელად კი "სამეულიდან" ერთ-ერთი უკვე შერჩეული ჰყავდათ. შევარდნაძის იძულებით გადადგომაში რუსეთის გადამწყვეტი როლი შემდეგი ფაქტებითაც დასტურდება.

23 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერების იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, თავად სააკაშვილმა განაცხადა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს, დაარწმუნოს ედუარდ შევარდნაძე, გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდანო, თან ისიც დაამატა, თუ რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა შეძლო შევარდნაძის დარწმუნება ამაში, "ეს იქნება რუსეთის ისტორიული მისია ამ ეტაპზე".

besoalada2-1639472483.jpg
ივანოვი და შევარდნაძე

ამ პროცესებში რუსეთის მთავარ როლს ადასტურებს აწ გარდაცვლილი გელა ჩარკვიანიც. აი, ერთი ფრაზა მისი მოგონებების წიგნიდან: "მოსკოვიდან ჩამოსული იგორ ივანოვის რამდენიმე დიპლომატიური მანევრის შემდეგ შევი გადადგა". ივანოვმა მიზანს მიაღწია: შევარდნაძემ დატოვა თანამდებობა და მიიღო გარანტიები, რომ მისი სამართლებრივი დევნა არ განხორციელდებოდა.

ახლა მთავარი იყო, თუ ვინ იქნებოდა საქართველოს ახალი პრეზიდენტი. თუ აშშ-ის ადმინისტრაცია ჟვანია-ბურჯანაძეს შორის ცდილობდა არჩევნის გაკეთებას, მოსკოვმა სააკაშვილზე დადო ფსონი. პროცესები უკვე ქუჩაში იყო გადასული, სადაც "არმაგედონის" (სააკაშვილის მაშინდელი მეტსახელი) რადიკალური და პოპულისტური გამოსვლები დიდ მხარდაჭერას პოულობდა. სააკაშვილი იმპულსური და ემოციური პიროვნება რომ იყო, ეს ყველამ იცოდა, თუმცა ამას ახალგაზრდული ასაკით ხსნიდნენ. რამდენად შეძლებდა ის ქვეყნის პრეზიდენტის ურთულესი ფუნქციების შესრულებას? აშშ-ის ადმინისტრაციაში მიაჩნდათ, რომ სააკაშვილის დამაბალანსებელი ძალა მომავალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უნდა ყოფილიყო.

რუსეთში კი ნამდვილი ისტერიკა სუფევდა, რუსი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების შეფასებები ამგვარი იყო: "საქართველოში ღიად ანტირუსული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში"; "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - იგორ ივანოვის შუამავლობის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. თბილისში ძალაუფლება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის - მიხეილ სააკაშვილის ხელში გადავიდა. ეს ორმაგად პარადოქსულია, ვინაიდან ხელისუფლებაში მოვიდა გამოხატული ანტირუსული განწყობების ძალა, რომელიც წარმოადგენს ნაციონალისტებისა და დემოკრატების ჰიბრიდს"; "ხავერდოვანი რევოლუციის" ავტორების ანტირუსული პათოსი კიდევ უფრო ნათელია, ვიდრე "თეთრი მელას" რიტორიკა, მათ აქვთ საკმარისზე მეტი ენერგია და... იმედია, რომ საქართველოსთან ომამდე საქმე არ მივა"; "აშკარაა რომ მოდის ხელისუფლება, რომელიც უფრო დაძაბავს ურთიერთობას აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთან და აჭარასთან, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება". მართლაც, რატომ დაუჭირა რუსეთმა მხარი სააკაშვილს? 2003 წლის 24 ნოემბერს, ორშაბათ, კრემლში ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში არის ბუნებრივი შედეგი სისტემური შეცდომების სერიისა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობის შიდა საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკაში. პუტინის სიტყვებით, რუსეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან. მან მოუწოდა საქართველოს მომავალ, კანონიერად არჩეულ ხელმძღვანელობას, ყველაფერი გააკეთოს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ტრადიციების აღსადგენად. რუსეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილი ჩანდა: მას სააკაშვილის იმედი ჰქონდა. ალბათ, მაშინ მოსკოვში უკვე იწერებოდა ზურაბ ჟვანიას განეიტრალების, "აგვისტოს ომის" და კიდევ ბევრი, საქართველოს ინტერესების საზიანო სცენარები.

ოდითგან ასეა: რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოში სერიოზულ, ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსებს გასაქანი არ მიეცეს. რუსეთს ყოველთვის ის სურს, რომ საქართველოს ხელისუფლებში, ყველა დონეზე, ახალგაზრდა, მაქსიმალურად გამოუცდელი და ეგზალტირებული ხალხი მოღვაწეობდეს. მათი ფარული მართვა ხომ იოლია.