ამერიკელების სპეცოპერაცია (რიგითი) პრეზიდენტ შევარდნაძის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

ამერიკელების სპეცოპერაცია (რიგითი) პრეზიდენტ შევარდნაძის გადასარჩენად

მესამე ნაწილი

2003 წლის ზაფხულში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უკვე 75 წელს იყო გადაცილებული, თუმცა დასვენებასა და პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ ჩქარობდა - მას კვლავ ქვეყნის მართვა სწყუროდა. თან რეალურად არაფრის შეცვლას არ გეგმავდა (ვფიქრობ, უკვე აღარ შეეძლო), მხოლოდ იმით გვამშვიდებდა, რომ 2005 წლისთვის "პოლიტიკურ მემკვიდრეს" დაასახელებდა. თან ჩვეული "ბიზანტიური პოლიტიკით" ხელს უწყობდა პრეზიდენტობის მსურველ პოლიტიკოსთა და ჩინოვნიკთა ამბიციების გაღვივებას, პარალელურად, მათ ერთმანეთზე წაკიდებასაც დიდი ოსტატობით ახერხებდა. "საპრეზიდენტო რბოლაში" გადამწყვეტი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები იყო: ის პარტია, რომელიც მეტ ხმას მიიღებდა, საპრეზიდენტო არჩევნებშიც წარმატებას მიაღწევდა.

ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის ადგილზე შესასწავლად, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დავალებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი 2003 წლის 5 ივლისს, დაუგეგმავი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.

თეთრი სახლის 3 ივლისის გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო: "ჯეიმზ ბეიკერის მისიის ძირითადი მიზანია, პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზების განხილვა. ბეიკერის ვიზიტი ასახავს შეერთებული შტატების მზადყოფნას, იმუშაოს საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რომელიც მოწოდებული არის განახორციელოს რეფორმები და ებრძოლოს კორუფციას ქვეყანაში".

პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებების გამართვამდე ჯეიმზ ბეიკერი 5 ივლისს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს (ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილს, შალვა ნათელაშვილს და სხვ.) შეხვდა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს. მაშინ ჯეიმზ ბეიკერმა პირდაპირ განაცხადა: "ამ არჩევნების ხარისხი უშუალოდ უკავშირდება ამერიკასთან ურთიერთობებს და აშშ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე". შემდეგ შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. აწ გარდაცვლილი ბატონი გელა ჩარკვიანი (რომელიც შევარდნაძისა და ბეიკერის პირისპირ შეხვედრას ესწრებოდა და საუბარს თარგმნიდა) იხსენებს, რომ ბეიკერმა შევარდნაძეს უსაფრთხოების გარანტიები მისცა: თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში "ახალი ხალხი" მოვიდოდა, ისინი შევარდნაძის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებდნენ. შევარდნაძემ ცივად იუარა (ალბათ, იმდენად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში).

besoalada1-1639127667.jpg
ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია

"ახალგაზრდა რეფორმატორებს" შორის გამოკვეთილი სამეული (ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი) იყო სწორედ "ახალი ხალხის" (ჯეიმზ ბეიკერის სიტყვებით) ლიდერი. 2003 წლის ზაფხულისთვის შევარდნაძის გადადგომის საკითხი აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებში არ იყო, დღის წესრიგში არსებული მთავრობის წევრების შეცვლა და შემოდგომაზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იდგა. იმავე პერიოდში აშშ-ის ელჩი საქართველოში - რიჩარდ მაილსი სიტყვით გამოვიდა აშშ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე. მისი თქმით, კორუფციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია, არაფერი კეთდება კლანურ სტრუქტურებთან დაკავშირებით, აშშ-ის დახმარება იკარგება, თითქოს, "შავ ხვრელებში" უჩინარდებაო, - ჩიოდა ელჩი.

ამიტომ ვაშინგტონში ფიქრობდნენ, რომ ამ არჩევნების შედეგად "ახალგაზრდა რეფორმატორები" გაიმარჯვებდნენ და შემდეგ მთავრობასაც ისინი დააკომპლექტებდნენ, ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძესა და "ახალგაზრდა რეფორმატორებს" შორის საქმიან ურთიერთობას აშშ-ის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა. 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი "ახალგაზრდა რეფორმატორების" რომელიმე წარმომადგენელი (ჩემი აზრით, 2003 წლის ზაფხულში აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობაზე ჯერ მყარად ჩამოყალიბებული არ იყო) გაიმარჯვებდა და ამ, ორწლიან პერიოდში მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანი, ევოლუციური, და არა - რევოლუციური, გზით შეცვლა. ამას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტიც. 2015 წელს რიჩარდ მაილსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "ჩვენ ედუარდ შევარდნაძეს ალტერნატიული გადაწყვეტილება შევთავაზეთ (აქ საუბარია 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე - ბ.ა.): ან გამოეცხადებინა არჩევნები შეუმდგარად და მოგვიანებით ხელახლა ჩაეტარებინა, ანდა გაეუქმებინა არჩევნები იმ ოლქებში, სადაც დარღვევები აშკარა იყო. ედუარდ შევარდნაძემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო ეს რიფები გადაეცურა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა… და ამ მოწოდებას ამომრჩევლებმა და დემონსტრანტებმა მხარი დაუჭირეს. მე ხან ერთ პოლიტიკოსს ვხვდებოდი, ხან მეორეს - როგორც ხელისუფლებიდან, ასევე - ოპოზიციიდან და ყველას ვარწმუნებდი, რომ ცვლილებები ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა მომხდარიყო".

საინტერესოა, თუ აშშ-ის ადმინისტრაცია პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას დიდი დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც არ მოითხოვდა, ვინ აგულიანებდა მ. სააკაშვილს და ვინ იდგა მის ზურგს უკან? ზოგადად, რამდენად მისაღები იყო მისი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურა? არაობიექტურობაში ცილი რომ არ დამწამონ, იმ ადამიანს მოვუსმინოთ, რომელიც ახლოს და ძალიან კარგად იცნობდა მ. სააკაშვილს. ეროსი კიწმარიშვილის სიტყვებით, 2005 წლისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციიდან სულ ორ ადამიანს განიხილავდნენ - მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას. სააკაშვილი თითქმის კამათის გარეშე გამორიცხეს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ აბსოლუტურად განუჭვრეტადი, პიარზე ორიენტირებული პოპულისტი იყო და მისი პრეზიდენტად გახდომა ქვეყნისთვის საფრთხილო იყო. ამიტომ ზურაბ ჟვანიას კანდიდატურაზე შეჩერდნენ.

besoalada2-1639127701.jpg
მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია და ე. შევარდნაძე

შევარდნაძე-ჟვანიას ტანდემი რეალურად ექვსი წელი (1995-2001 წწ.) მართავდა საქართველოს. ჟვანიას არ დასცალდა, თორემ შესაძლოა გადაეჭარბებინა კიდეც "დიდი ბაბუსთვის". თუმცა "ბაბუმ" ხეზე ასვლა არ ასწავლა თავის მოწაფეებს: საგარეო პოლიტიკა "ბაბუს" მიჰყავდა, "ძალოვან მინისტრებსა" და რეგიონების გუბერნატორებსაც თავად ნიშნავდა, "ეკონომიკური გუნდი" კი ჟვანიას კადრებს - "ახალგაზრდა რეფორმატორებს" გადააბარა.

პარლამენტში "პოლიტიკური თამაშის" ახალ წესებს ზურაბ ჟვანია აყალიბებდა, უფუნქციო სახელმწიფო მინისტრი კი, კარგ სუფრაზე ყველასგან მივიწყებული ჯონჯოლივით იყო. თუ პარლამენტი ჯერ მხოლოდ შევარდნაძის "დუბინკა" იყო (ის იქიდან "უწევდა ყურებს" ურჩ ან მოსახსნელად გამზადებულ მინისტრებს), შემდეგ უკვე ჟვანიამ დაიწყო საკუთარი თამაში და პარლამენტი საკმაოდ ძლიერ, უკვე ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური გამჭრიახობისა და მოქნილობის აღნიშვნასთან ერთად, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელი "ძლიერი პარლამენტი" საკმაოდ სუსტი იყო კორუფციასთან და ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლაში, თუ საქმე პარლამენტის რეკომენდაციით დანიშნულ ახალგაზრდა (როგორც წესი, გამოუცდელ და არაპროფესიონალ) კადრებს ეხებოდა.

ცუდია თუ კარგი, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სისტემის და "პოლიტკულტურის" ერთ-ერთი შემოქმედი ზ. ჟვანიაც იყო. მგონი, საკამათო არ უნდა იყოს, რომ "პოლიტიკური თამაშის" დღევანდელი წესები, ძირითადად, მისი შექმნილია, სადაც "სტალინური პრინციპი" - "პოლიტიკაში მთავარია არა ხმების რაოდენობა, არამედ - ის, თუ ვინ დათვლის ხმებს" - უმთავრესია.

აქ მინდა ერთი ამონარიდი მოვიყვანო გ. ჩარკვიანის მოგონებების წიგნიდან ("ნაცნობ ქიმერათა ფერხული"): ე. შევარდნაძე ეუბნება ბეიკერს - "მართლა, ჯიმ. შენ საუბარში ახსენე 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. თქვი, რომ ისინი უამრავი დარღვევით ჩატარდა და უპატიოსნობასაც ჰქონდა ადგილი. იცი, ვინ იყო ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსი?

ბეიკერი: "არა!"

შევარდნაძე: "ის კაცი, რომელიც დღეს ოპოზიციის სახელით გელაპარაკა".

გასაგებია, რომ აქ შევარდნაძე ზ. ჟვანიას გულისხმობდა. ამერიკელებთან ჟვანიას "ჩაშვებით" შევარდნაძე კიდევ ერთხელ ცდილობდა, ჩრდილი მიეყენებინა ყოფილი "მოწაფისთვის". ზ. ჟვანია ოპერატიული დამუშავების ობიექტი წლების მანძილზე იყო. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში აქტიურობდნენ, როგორც საქართველოს სპეცსამსახურები (შსს და უშიშროების სამინისტრო), ასევე - უცხო ქვეყნების საიდუმლო სამსახურები. ზურაბ ჟვანიამ თავადაც კარგად უწყოდა, რომ სპეცსამსახურების სამიზნე იყო. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ის ცდილობდა გაერკვია, თუ კონკრეტულად რა ძალები ცდილობდნენ მის კომპრომეტირებას. ამ პერიოდში ის ამ თემაზე საჯარო განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებდა. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, როდესაც უკვე ღიად ადანაშაულებდნენ რუსული ინტერესების გატარებაში, საპასუხოდ ის აცხადებდა: "ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ საქართველოს დასავლეთის სამყაროში შესვლის შანსი ჰქონოდა. ამის გამო ჩემზე რუსეთის სპეცსამსახურებიდან ათასი ზეწოლა იყო და მრავალი სიბინძურე ვრცელდებოდა. მოსახლეობისთვის ნათელია, ვინ სად დგას".

ე. შევარდნაძე ვადაზე ადრე გადადგომას არ აპირებდა. სულ სხვა გეგმები ჰქონდა ვლადიმერ პუტინს: მისთვის თავად შევარდნაძის პიროვნება იყო მიუღებელი. ამიტომ 2003 წლის ნოემბერში რუსეთის ინტერესებში იყო სრულმასშტაბიანი სახელწიფო გადატრიალების ორგანიზება და შევარდნაძის ჩამოცილება პოლიტიკური ველიდან. ასე რომ, ამერიკელებს შევარდნაძისთვის არ უღალატიათ, მათ მისი გადარჩენა სურდათ, თუმცა მოსკოვმა დაასწრო: მათ შეარჩიეს პოლიტიკოსი, ყველაზე რადიკალური მოთხოვნებით, ერთი შეხედვით, არაპროგნოზირებადი და გაუწონასწორებელი, თუმცა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ძაფებით (მისი სისუსტეები უკვე შესწავლილი ჰქონდათ) მართვადი ფიგურა.

და საქართველოს განვითარების ევოლუციური გზა, სამწუხაროდ, რევოლუციური და, უმეტესად, ბოლომდე გაუაზრებელ-არასტაბილური გზით შეიცვალა.

გაგრძელება