სახელმწიფო ტერორი "ვარდების რევოლუციის" სახელით
2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ წლები გავიდა. მრავალი ახალი დოკუმენტი გახდა უკვე ცნობილი. თუნდაც იმ პროცესებში აქტიურად ჩართული და ინფორმირებული "რუსთავი-2"-ის მაშინდელი მფლობელის, აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილის მოგონებები, სადაც მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების (სამართლებრივი შეფასება სწორედ ამგვარი უნდა მიეცეს) შესახებაცაა მოთხრობილი. "...ეს რევოლუცია არავითარ ამერიკელებს და სოროსს არ მოუწყვია, ეს არის ლეგენდა, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობის გამო საზოგადოების რაღაც ნაწილმა აიტაცა და დღემდე ჰგონიათ, რომ აი, სოროსი და ბრაიზა, თუ მაილსი რომ არ ყოფილიყვნენ, საქართველოში არაფერი მოხდებოდა. ისიც ზღაპარია, რომ შევარდნაძემ სააკაშვილს ძალაუფლება ნებით გადააბარა..." - ასეთია ეროსი კიწმარიშვილის შეფასება. 2003 წლის ნოემბრის მოვლენები რუსეთის ხელისუფლებამ თავიდანვე გასაოცრად მშვიდად აღიქვა. იმდენად დიდი იყო შევარდნაძის თავიდან მოშორების სურვილი, რომ მათ ოპოზიციის აშკარა არაკონსტიტუციურ მოქმედებებზე თვალები დახუჭეს. 23 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის, პრეზიდენტ შევარდნაძისგან განსხვავებით, არ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
ამ დროს აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე იყო და იძულებული გახდა, სააკაშვილის კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა. 26 ნოემბრის პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც მიხეილ საკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად იყო წარდგენილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი მომავალ პრეზიდენტს ვაშინგტონის მხარდაჭერას დაჰპირდა. ასე მიიღო მ. სააკაშვილმა ორი, ურთიერთდაპირისპირებული ზესახელმწიფოსგან კარტ-ბლანში. განსხვავება ის იყო, რომ აშშ ღიად და ჩვენ სასიკეთოდ მოქმედებდა, ხოლო რუსეთი - ფარულად და ჩვენ საზიანოდ.
ჩემი აზრით, მაშინ რუსეთმა მოახერხა ქართველი ხალხის სამართლიანი საპროტესტო გამოსვლების თავის სასარგებლოდ წარმართვა და მისთვის სასურველი ახალგაზრდა, იმპულსური პოლიტიკოსის ჯერ ადგილობრივი მასშტაბის, შემდეგ კი - საერთაშორისო დონის "არმაგედონად" ჩამოყალიბება. შედეგად მივიღეთ საკმაოდ პარადოქსული მოცემულობა: წლების მანძილზე სააკაშვილს "ვაშინგტონის კაცს" ეძახდნენ, რომელზეც რუსეთი, სხვადასხვა სახის მანიპულაციებით, მძლავრ გავლენას ინარჩუნებდა. ყველა დოკუმენტზე ღირებული იმ ისტორიული რეალობის შესწავლა და ანალიზია, რაც 2004-2012 წლებში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო გადაწყვეტილებების შედეგად მივიღეთ. ვის აძლევდა ხელს? ვინ რა მოიგო? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ნათელი გახდება, თუ ვინ იდგა რეალურად იმ მოვლენების უკან.
პირველ რიგში, "აგვისტოს ომის" უმძიმესი შედეგები უნდა გავიხსენოთ, ყველა (მათ შორის - "ნაცრეჟიმის" ლიდერები) აღიარებს, რომ რუსეთი ამისთვის წლების მანძილზე ემზადებოდა. მით უფრო, არ უნდა ვყოფილიყავით ფრთხილად? ხელისუფლებას არ უნდა ჰქონოდა გათვლილი ყველა შესაძლო სცენარი? ან თუნდაც უკრაინაში პოროშენკოს ხელისუფლების დასუსტება და შემდეგ კი - არჩევნებში დამარცხება, რაშიც მ. სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, განა რუსეთის ინტერესებში არ იყო?
სააკაშვილის ხშირად გაუაზრებელი მოქმედებები დასავლეთშიც და საქართველოშიც "ვაშინგტონის დავალების შესრულებად" აღიქმებოდა. პუტინის ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა (და ცდილობს), ეს ილუზია შეენარჩუნებინა და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
"ვარდების რევოლუციის" გეოპოლიტიკური ვექტორი ცალსახად ასე გამოიყურება: ხელისუფლებაში მოვიდა მკვეთრად გამოხატული პროდასავლური, პროამერიკული პოზიციის მქონე ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი" - რუსეთის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა ამ აზრის დამკვიდრებას. ეს ვაშინგტონმაც დაიჯერა, სააკაშვილი ხომ სულ გაბადრული "დაფრინავდა" - მოსკოვში კი "მოსავალს იმკიდნენ": ისინი წაუგებელს თამაშობდნენ:
სააკაშვილი ამერიკელების კაცია, რუსეთის დაუძინებელი მტერი და მისი დამსახურებაა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება, მისი სამხედრო აგრესიის გამო იძულებულნი ვიყავით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გვეღიარებინა", - ფარისევლურად აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ კრემლში.
თბილისში ხელისუფლებაში მოსული "ცხელთავიანი" დილეტანტების (ხშირად აგენტების და "სასარგებლო იდიოტების") ანტირუსული ისტერია, ვითომდა, "საახალწლოდ ცხინვალში შესვლა", "ჟანგიანი რუსული ტანკების მარტივად განადგურება" და სხვა ამგვარი, საშიში და პოპულისტური განცხადებები, კრემლის გეგმებში ჯდებოდა. მოსკოვი სხვადასხვა გზით ახერხებდა ქართული ჯარის "მოჩვენებითი ძლიერების" ილუზიის ჩანერგვას საქართველოს ხელისუფალთა გონებაში, რათა ისინი სეპარატისტებთან სამხედრო პროვოკაციაში ჩაეთრია.
ყოფილმა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამგვარი ფაქტი გაიხსენა: "2003 წლის დეკემბერი იყო, ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მე ჯერ კიდევ მინისტრი. მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, საქმე მაქვსო. გადავედი და დამიწყო საუბარი გეოპოლიტიკაზე, გეოსტრატეგიაზე... გამიკვირდა მისგან, მერე უცებ მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ, რა იქნებაო? მე ვუთხარი, თბილისს დაბომბავენ-თქო და მაგაზე ახარხარდა, არ გეწყინოს და შენაირი მინისტრები რომ ჰყავდა ედუარდ შევარდნაძეს, იმიტომ ვზივარ ამ თანამდებობაზე ახლაო". თუ ეს სიმართლე არაა, ივანე მერაბიშვილს არ გაუჭირდება სათანადო არგუმენტებით მისი გაბათილება.
თუმცა ფაქტია, რომ 2004 წლის აგვისტოში იყო ცხინვალის რეგიონის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრის მცდელობა. შედეგიც, ალბათ, კარგად გვახსოვს. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მრავალგზის აფრთხილებდა, მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის მიერ დაგებულ საბედისწერო "ცხინვალის ხაფანგში" გაება. "ვაშინგტონის კაცი" სააკაშვილი ძალიან ხშირად არ ითვალისწინებდა ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს, შედეგი კი ყოველთვის კატასტროფული იყო. ვითომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა? აი, ერთი თვალსაჩინო მაგალითი.
"უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ" უკანასკნელ, 2005 წლის ანგარიშში ამგვარი გაფრთხილება მისცა მაშინდელ ხელისუფლებას: "ამჟამად, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შერწყმულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო დაზვერვა ექვემდებარება პრეზიდენტს. შიდა დაზვერვის ფუნქციის მქონე უწყების დაქვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, რომლის მოვალეობაშიც შედის საშინაო საქმეები და სამართალდამცავი ფუნქციები, იძლევა ადმინისტრაციულ უპირატესობებს და... ეს მოდელი ახდენს უზარმაზარი ძალაუფლების თავმოყრას ერთ ორგანიზაციაში, რაც ქმნის პოტენციურ საფრთხეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობა არ არის მკაცრი და გამჭვირვალე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დემოკრატიული ზედამხედველობის სისტემა იყოს საჯარო, რაც გამოიწვევს საზოგადოების ნდობას, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება, საშინაო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ფუნქციები ხორციელდება კანონიერად და შესაბამისი წესების დაცვით... ისტორიას ბევრი მაგალითი ახსოვს, როდესაც ქვეყნების პროგრესი სტაბილურობისა და კეთილდღეობისაკენ კალაპოტიდან იქნა ამოგდებული მოულოდნელი მოვლენების შედეგად". თითქოს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებააო, ისე ახდა გენერალ ჰარი ჯონსონის ხელმოწერილ დოკუმენტში მოყვანილი გაფრთხილება. ასევე, რეკომენდირებული იყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გარდაქმნა დემილიტარიზებულ, სამოქალაქო უწყებად, რაც დღემდე არაა განხორციელებული.
მართლაც, შსს-მ, უშიშროების სამინისტროს "გადაყლაპვის" შემდეგ, თანდათანობით შეიძინა პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები და მხოლოდ ერთ კაცს - პრეზიდენტ სააკაშვილს დამორჩილებულ სადამსჯელო აპარატად იქცა. სპეცსამსახურების მთელი რესურსები მიმართული იყო ჯერ პოლიტიკური ოპონენტების, შემდეგ კი - ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც სხვაგვარი აზრი ჰქონდა და არ ეთანხმებოდა მაშინდელ ხელისუფლებას. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერაციების აღკვეთა ვის ახსოვდა?
საბჭოთა "ბოროტების იმპერია" კა-გე-ბეს, როგორც მთავარ სადამსჯელო იარაღს, ისე იყენებდა. სამწუხაროდ, არც "ვარდების ხელისუფლების" კონტრდაზვერვა, კუდი და სოდი იყო კა-გე-ბეზე ნაკლები მონსტრი.
2004 -2012 წლებში საქართველოს სპეცსამსახურები პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად და პოლიტიკური სისტემის ნაწილად იქცნენ მმართველი პარტიის ხელში. ამ პერიოდში უამრავი კანონდარღვევა მოხდა. ასე უცბად დაივიწყა ზოგიერთმა, რამდენი პიროვნება და ოჯახი გახდა მაშინ მოგონილი ჯაშუშობის ბრალდების მსხვერპლი? რამდენს წაართვეს პირადი საკუთრება და ბიზნესი? სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ "აღიარებით ჩვენებას" ემყარებოდა და სხვა მტკიცებულებები არ არსებობდა - ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. "მტკიცებულებების" შექმნა და დანაშაულის "აღიარება" კი წამების გზით მიიღწეოდა. ესეც დავივიწყოთ?
"ნაციონალების" მმართველობის ცხრაწლიანი "ჯაშუშომანიის" ანალიზის შემდეგ იკვეთება საქართველოს სპეცსამსახურების ამ დანაშაულებრივი ქმედებების რამდენიმე რეალური მიზანი: კრიზისების გადაფარვა, "ჯაშუშების" გამოვლენა პიარისთვის, "ჯაშუშობის" ბრალდება დაკავებულების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად და ბოლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ფარული ამოცანების შესრულება.
პოლიტიკური პროცესების გადასაფარად უცხო ქვეყნის აგენტებს ეძებდნენ და "პოულობდნენ": სახელმწიფო კანცელარიაში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობაში, საქართველოს პრეზიდენტის პირად მფრინავებსა და ფოტოგრაფებში და ა.შ. დაკავებულ "აგენტებს" საშინელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ "აღიარებინებდნენ" დანაშაულს და პოლიტიკური სიტუაციის ასე თუ ისე ჩაწყნარების შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით, პირობით სასჯელს უსჯიდნენ და ათავისუფლებდნენ.
იმ წლებში სახელმწიფო უშიშროების ძველი სისტემა მართლაც "დაინგრა", მხოლოდ გამოცდილი კადრების სამსახურიდან დათხოვნის თვალსაზრისით. უშიშროების სამინისტროდან ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმებისა და შეფასების გარეშე გაათავისუფლეს პროფესიონალი და პატრიოტი კადრების დიდი უმრავლესობა. მათ მაგივრად კი სრულიად გამოუცდელ, მაგრამ პირადი ერთგულების საფუძველზე შერჩეულ ადამიანებს გაუხსნეს გზა. ამ დროს კი უცხო ქვეყნების, უპირველესად - რუსეთის, სპეცსამსახურები დაუსჯელად მოქმედებდნენ და მოქმედებენ საქართველოში. მათი აგენტურის "გამოვლენაც", თითქოსდა შეგნებულად, იმდენად არაპროფესიონალურად ხდებოდა, რომ ბოლოს ისევ ჩვენი ქვეყანა იყო დაზარალებული.
2006 წლის სექტემბრის ბოლოს განვითარებულმა "მზვერავების სკანდალმა", რაც საქართველოში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოთხი ოფიცრის და რამდენიმე მათი ადგილობრივი აგენტურის ნაწილის დაკავებამ გამოიწვია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სერიოზულად დაძაბა. ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება. თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების დაკავების, მტკიცებულებების ამოღებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესები და პროცედურები, ნამდვილად არაპროფესიონალურად და არადამაჯერებლად ჩაატარეს საქართველოს სპეცსამსახურებმა. ამ გაპიარებულმა სპეცოპერაციამ, რომელსაც რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია და რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა მოჰყვა, ისევ ჩვენი ქვეყანა დააზარალა.
მტრული ქვეყნის სპეცსამსახურები დიდი ხანია, ხელს უშლიან პატრიოტი და პროფესიონალი კადრების დაწინაურებას, რათა საკუთარ აგენტურას გაუკაფონ გზა. გულგრილობა და აჩქარება სპეცსამსახურების კადრების შერჩევისა და მომზადების პროცესში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემების შემცველია. სპეცსამსახურების საკადრო პოლიტიკაში უნდა გამოირიცხოს სუბიექტურობა და პროტექცია, გაიზარდოს ახალგაზრდა, პატრიოტი თანამშრომლების მომზადების დონე. თუმცა წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა უშიშროების აკადემია და, ფაქტობრივად, ამით ამოიწურა კადრების მომზადებაზე ზრუნვა. თუ არ ჩავთვლით შემდეგ შსს-ში გახსნილ ექვსთვიან მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა სპეციალობის უმაღლესდამთავრებულთათვის. ეს კი ნამდვილად არასაკმარისი იყო მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლების მოსამზადებლად. არანაკლები პრობლემები იყო თავდაცვის სამინისტროში. 2004-2005 წლებში პირდაპირი შეხება მქონდა თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის საკითხებთან. მაშინ პირადად დავრწმუნდი, თუ რა უმძიმეს დღეში იყო ჯარი და ჯარისკაცები. ის ცნობილი "რაგატკებიც" არ იყო, მტრის საფრენი აპარატებისთვის რომ ესროლათ. ჯარისკაცები, "პარტიზანებივით", სხვადასხვა უნიფორმითა და "კეტებით" დადიოდნენ, ყაზარმებში წვიმა ჩამოდიოდა. სამ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრთან მომიხდა მუშაობა და მათი კვლიფიკაციის დონე თანდათან უარესდებოდა. ერთ-ერთი ისეთ მორჩილებას გამოხატავდა სააკაშვილის მიმართ, რომ მის აშკარა აბსურდულ განკარგულებებსაც უსიტყვოდ ეთანხმებოდა. "უმაღლესმა მთავარსარდალმა" ბრძანება გასცა ორ თვეში ყველა ყაზარმაში კაპიტალური რემონტი დაიწყოს და დასრულდესო. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ: ჯერ საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი, ხარჯთაღრიცხვაა გასაკეთებელი, ტენდერია გამოსაცხადებელი, სამშენებლო კომპანიაა შესარჩევი, ხელშეკრულებაა გასაფორმებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამუშაოს დაწყება. უსიტყვოდ უქნია თავი. კერძო სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელების თავდადებისა და ნამდვილი პატრიოტიზმის წყალობით, 2004 წლის დეკემბრისთვის მოესწრო ათამდე ყაზარმის საკმაოდ მაღალი ხარისხის კაპიტალური რემონტი. მაგრამ რა? მომდევნო თავდაცვის მინისტრმა შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ გადაუხადა მშენებლებს (პრეზიდენტთან შეთანხმებულიაო), ვინც ჩივილი გაბედა, პროკურატურას დააჭერინა, ხოლო დასრულებული ყაზარმების ნაცვლად, თურქეთიდან შემოტანილი "სენდვიჩის კონსტრუქციებით" ახალი "ყაზარმების" მონტაჟი ბრძანა. აი, ნამდვილი "პროფესიონალიზმი", "პატრიოტიზმი" და "კორუფციასთან ბრძოლა"! ასეთი მაგალითები ძალზე ბევრი იყო "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ერთი კაცის ხუშტურებით "იმართებოდა" ქვეყანა.
საკადრო პრობლემები არსად გამქრალა და დღესაც სახეზეა. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გაითვალისწინებს აშშ-ის, ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყნის გამოცდილებას და კანონმდებლობით დააწესებს სპეცსამსახურებსა და თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა შერჩევის დროს "სიცრუის დეტექტორის" (პოლიგრაფის) გამოყენების აუცილებლობას.