"საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს ვერ გაუხსნის“ - კვირის პალიტრა

"საქართველო რუსეთს მეორე ფრონტს ვერ გაუხსნის“

"რუსეთი თუ ომს დაიწყებს, ალბათ, უკრაინას ბოლოს მოუღებს“

ბოლო დროს ყველაზე დიდ ყურადღებას რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომი იქცევს. ნუთუ რუსეთის მუქარა ბლეფია, სად არის დასავლეთის სუსტი და ძლიერი მხარეები და როგორია საქართველოს პოლიტიკა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- რუსეთი კარგად ხედავს, რომ დასავლეთი არ არის ერთსულოვანი, მათ შორის არც სანქციების დაწესების საკითხში. ხედავს, რომ დასავლეთს უკრაინის დაცვის არანაირი ვალდებულება არა აქვს და, როგორც ჩანს, ინფორმაციაც აქვს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სუსტია. აქედან გამომდინარე, მაზანდა ძალიან ასწია და მაქსიმუმს ითხოვს. მაგალითად, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის სანქცირება დასავლეთისთვისაც კატასტროფა იქნება.­ ამას ისმენს რუსეთი და იმედი უჩნდება, რომ ნატო არათუ ომს არ დაუწყებს, რადგან ეს მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, სანქციებსაც არ დაუწესებენ. სანქციები შესაძლოა ცალმხრივი იყოს - ამერიკამ დაუწესოს, მაგ­რამ ეს რუსეთისთვის კატასტროფა არ იქნება. მაგალითად, თუ ამერიკა არ მიჰყიდის აიფონს, წავა და "სამსუნგს" ან ჩინურ აიფონს იყიდის...

- თქვენი აზრით, რუსეთი მართლა აპირებს შეჭრას უკრაინაში, თუ ამ საბაბით ცდილობს დასავლეთის ანკესზე წამოგებას, რათა ამით სხვა სარგებელი ნახოს?

- არა მგონია, ომი ასე მარტივად დაიწყოს. სულ ცოტა, სურს მსოფლიოს თავისი ძალა აჩვენოს, ოდნავ მაინც უკან დაახევინოს და ნატოს დისკრიმინაცია მოახდინოს. მოლაპარაკება ახლახან დაიწყო და არა მგონია ამ დღეებში შეტევაზე გადავიდეს, ყოველ შემთხვევაში, სანამ შემდეგი­ შეხვედრა არ გაიმართება. თუ ომს დაიწყებს,­ ალბათ, უკრაინას ბოლოს მოუღებს და დანაკარგიც დიდი ექნება. ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ, რომ რუსეთისთვის ადამიანური თუ მატერიალური დანაკარგი არაფერია და ამაზე მიდის. მაგალითისთვის ჩეჩნეთის ომები გავიხსენოთ. თუ უკრაინაში ომს დაიწყებს,­ გააჩნია, რა მსხვერპლზეა წამსვლელი, უკრაინა როგორ დაიცავს თავს, რამდენად შეძლებს შეტევების მოგერიებას. უკრაინა აცნობიერებს, რომ თვითონ უნდა იომოს, არავინ დაეხმარება. დასავლეთი ეხმარება იარაღით, შესაძლოა სანქციები დაადოს რუსეთს, მაგრამ მის მაგივრად ვერ იომებს. რუსეთთან ატომურ ომს არავინ დაიწყებს და ძალიან კარგი, რადგან ამას მთელი მსოფლიო გადაჰყვება. ახლა მთავარი ის არის, უკრაინა რამდენად არის მზად, ბოლოს და ბოლოს აჩვენოს ძალა და დასავლეთის მიერ მიცემული იარაღით სერიოზული ზიანი მაინც მიაყენოს, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს. აქამდე დადის ყველაფერი - აქვს თუ არა უკრაინას ომის შნო თავისი ძალებით, მაგრამ დასავლეთის იარაღის დახმარებით.

- დასავლეთმა შეცდომა სად დაუშვა, რუსეთს დღეს ამის საშუალება რომ აქვს?

- ამერიკამ ორი სერიოზული შეცდომა­ დაუშვა - ავღანეთში დიდხანს დარჩა, რის გამოც რესურსები გახარჯა. მერე იყო ერაყის­ ომი. ყოველივე ამის გამო უზარმა­ზარი ზარალი ნახა და შეელახა პრესტიჟიც,­ რაც უფრო მნიშვნელოვანია. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდა სწორედ ერაყის ომის დროს დაიწყო­ - ომმა ნავთობი ძალიან გააძვირა და მოგებული რუსეთი დარჩა. ყოველივე ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მოხდა, ამიტომ რუსეთის ამ ზომამდე მისვლა მრავალი ფაქტორის დამსახურებაა.

- ნატოს, უფრო სწორად, წევრი ქვეყნების პოლიტიკას, რა როლი ჰქონდა ამაში? ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინასა და საქართველოს მაპ-ი არ მისცეს.

- როდესაც ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ, სხვა ვითარება იყო, რის შემდეგაც ორივესთვის, ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც, უარესობისკენ შეიცვალა, წაგვართვეს ტერიტორიები და უკრაინაში დღემდე ომი გრძელდება. ამ ვითარებაში უკრაინის ნატოში მიღება ზღაპარია. მაშინ უნდა მიიღონ აღმოსავლეთ უკრაინის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ამაზე უკრაინა ხელს არ მოაწერს. შესაბამისად, როდესაც გვესმის ვიშვიში, უკრაინამ გაგვასწრო, შეგვასწრო ნატოშიო, დიდი სისულელეა. უკრაინა გაცილებით მძიმე დღეშია. აშშ და გერმანია ნატოს კონტექსტში უკრაინას ხშირად რომ ახსენებენ, იმან განაპირობა, რომ უკრაინა გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია.

- დასავლეთში პოზიციების განსხვავებას რა განაპირობებს, მხოლოდ რეალობა თუ ცალკეული ქვეყნები ლიდერობას ცდილობენ?

- რუსეთის ქმედებებს ერთსულოვნად გმობენ, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებზე. კონტრზომებზე აშკარად აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი ქვეყანა თავისი მდგომარეობის გამო ლოიალურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ და ამით კრემლი ძალიან კარგად სარგებლობს. რაც შეეხება ლიდერობას, არა მგონია, ეს იყოს მათი ქმედებების განმსაზღვრელი. საქმე ის არის, რომ ევროპის ქვეყნები პრობლემას განსხვავებულად უყურებენ, ვიდრე ამერიკა. ამერიკა რუსეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მისგან შორს არის და არც ეშინია მისი. გერმანია ახლოსაა, ეკონომიკურად უფრო დამოკიდებული და პლუს, რუსეთის ეშინია. ამიტომ მათი დამოკიდებულება ერთნაირი ვერ იქნება.

- გასაგებია, რომ უკრაინა სუსტია, მაგრამ რუსეთი შეძლებს ჯერ ომს და მისი თანმდევი პროცესების გამკლავებას? ბლეფზე მიდის თუ მართლა აქვს ომისთვის რესურსი?

- ეს ძალიან საინტერესოა. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ჩამორჩება ამერიკისას, მაგრამ ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად დიქტატურაა, შიდა აფეთქების პრობლემა არა აქვს, არ აწუხებს­ არც მედიის, არც ოპოზიციის კრიტიკა. გარდა ამისა, მსოფლიოში სიძლიერით მეორე სამხედრო ძალაა თუნდაც ბირთვული­ იარაღის დამსახურებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაეროში აქვს ვეტოს უფლება. შესაბამისად, ვერასოდეს დაადებენ ისეთ სანქციებს, რაც ყველასთვის სავალდებულო იქნება. მაგალითად, ათი წლის წინ ირანსაც ლამის მთელმა მსოფლიომ დაუწესა სანქციები და ისე გაუჭირდა, მოლაპარაკებაზე წავიდა. რუსეთს გაერო მსგავს სანქციებს ვერ დაადებს­ მისი ვეტოს უფლების გამო. ამას ემატება უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსი, ვხედავთ, იზრდება ფასები ნავთობსა და გაზზე და ამის გამო მის ეკონომიკას დიდხანს არაფერი გაუჭირდება.

- ამ ფონზე ჩვენი პოლიტიკა რამდენად გამართლებულია?

- ჩვენ რეალურად არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, უკრაინას სიტყვიერი­ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. თუ ვინმეს სურს საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი­ გაუხსნას, ეს მისი პრობლემაა, რადგან რომც მოვინდომოთ, ვერ გავხსნით. ვიღაცებს კი უნდათ ომი, მაგრამ ვერ ვიომებთ.

რუსა მაჩაიძე

ასევე დაგაინტერესებთ: „ლავროვის დედა რუსი იყო, მამა კი - თბილისელი სომეხი" - დიპლომატი "მარმარილოს სახით"