კიზ კალესის ქალწულის ციხის ლეგენდები - კვირის პალიტრა

კიზ კალესის ქალწულის ციხის ლეგენდები

იხილეთ წინა ნაწილი

იჰლარას ხეობიდან კიდევ უფრო სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ გავეშურეთ. გვინდოდა, ორი დღით მაინც „გვეგემა“ ზღვის მარილი და პაპანაქება სიცხეში ცოტათი გავგრილებულიყავით. თუმცა დასასვენებლად ნამდვილად არ გვეცალა, რადგან კიდევ ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას ვაპირებდით. შესაბამისად, ანტალიასა და ბოდრუმს კი არ მივადექით, კილიკიისკენ, მერსინის პროვინციის ერთი უძველესი საკურორტო ქალაქის - კიზ კალესის მოსანახულებლად გავწიეთ. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელის, თამთა ჭანტურიას ინფორმაციით, იმ ქალაქის ზღვაში აღმართული ციხე-სიმაგრე უნდა გვენახა. უსაშველოდ გაიწელა გზა, დაუსრულებელი აღმოჩნდა თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, მერსინი. სხვათა შორის, ის სწორედ ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანი გახლავთ, რომლის შემოგარენშიც არცთუ დიდი ხნის წინ ხანძარი მძვინვარებდა. მერსინის გავლაში, მგონი, გულიც კი დაგველია, მაგრამ ზღვის დანახვამ ერთბაშად დაგვამშვიდა. ბოლოსდაბოლოს ჩვენს მიზანს - ქალაქ კიზ კალესსაც მივადექით. იმ ღამით სასტუმროში მოვისვენეთ, მეორე დილიდან კი ციხის გასწვრივ, სანაპიროსკენ ფეხით გავემართეთ. ზღვაში ბანაობის სიამოვნებაზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ ციხე-სიმაგრეებზე გიამბობთ. ერთი მათგანი, სახელად ქალწულის ციხე, ზღვაში, პლაჟიდან 200 მეტრში, პატარა კუნძულზეა აგებული. მის პირდაპირ, პლაჟზე მეორე ციხეა - კორიკოსი, რომელიც ძვ. წ. 197 წელს აუგიათ და ოდესღაც უერთდებოდა კიდეც კიზკალესს. დღეს ეს შემაერთებელი ხიდი დანგრეულია და თავად ციხეც - ძალიან დაზიანებულა.

ქალწულის ციხე
ქალწულის ციხე

ქალწულის ციხეზე კი ლეგენდა არსებობს: ერთმა მკითხავმა კიზ კალესის მეფე გააფრთხილა, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი გველის ნაკბენით მოიწამლებოდა და მოკვდებოდა და, სამწუხაროდ, თავად ხელისუფალიც ვერ შეცვლიდა ამ ბედისწერას. მკითხავის სიტყვებით შეძრწუნებულმა მეფემ ბედისწერის შეცვლა მაინც სცადა. მან ზღვის პატარა კუნძულზე ააგო ციხე, სადაც გველები ვერ დაიბუდებდნენ და ქალიშვილიც იქ გაუშვა საცხოვრებლად, მაგრამ ამით ქალიშვილს მხოლოდ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, თუმცა ბედისწერა ვერ შეცვალა - გველი იმ ხილით სავსე კალათაში იმალებოდა, რომელიც კუნძულის სტუმარმა მეფეს მიართვა. ქალიშვილს გველმა უკბინა და დაიღუპა, მეფე კი მარტოდმარტო დარჩა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მსგავს ლეგენდას, თურმე, თურქეთის სხვადასხვა ადგილებშიც ხშირად ჰყვებიან. სხვათა შორის, ძვ. ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი, თურმე, კიზ კალესის ამ კუნძულს კრამბუზად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ აქაურობას ხშირად "სტუმრობდნენ" ხოლმე მეკობრეები.

ციხე-სიმაგრე კორიკოსის ნანგრევები
ციხე-სიმაგრე კორიკოსის ნანგრევები

დავაპირეთ, ციხემდე გაგვეცურა, რაც სულაც არ წარმოადგენდა სირთულეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც წყლის ველოსიპედებით გასვლა ვარჩიეთ, რადგან ციხის დათვალიერებას ვაპირებდით და ამით დროს მოვიგებდით – იმ დღეს კიდევ ბევრი რამ უნდა გვენახა. მივადექით კიდეც ციხეს, ველოსიპედებით რამდენჯერმე შემოვუარეთ, მაგრამ ვერც შესასვლელი ვუპოვეთ და ვერც გამოსასვლელი. ბოლოს ერთი მხრიდან ფეხშიშველები ავძვერით, ციხის სველ ქვებზეც ვისრიალეთ, კედელ-კედელაც ვიბობღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შიგნით ვერ შევაღწიეთ: რკინის გისოსებს მიღმა მყოფს თურქ "მეციხოვნეებს" ვერც ინგლისურად და ვერც ჟესტების ენაზე ვერაფერი გავაგებინეთ და ვერც მათგან გავიგეთ რამე.

ქალწულის ციხემდე წყლის ველოოსიპედებით გავედით
ქალწულის ციხემდე წყლის ველოსიპედებით გავედით

ისე, სიმართლე გითხრათ, ჩვენ გარდა, არც არავინ ლამობდა იქ შეღწევას და ვივარაუდეთ, რომ რაღაც მიზეზით კარიბჭე დაკეტილი ჰქონდათ. კიდევ კარგი, მცირე "სტრატეგიული" ინფორმაცია მაინც გვქონდა ქალწულის ციხეზე - ვიცოდით, რომ მისი კედლები აღჭურვილი იყო ხვრელებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ციხე სიგრძით 192 მ-ს, ხოლო ყველაზე ფართო ადგილას - სიგანით 75 მ-ს შეადგენდა; გალავანში რვა მრგვალი და ოთხკუთხა საფორტიფიკაციო კოშკი იყო, დასავლეთ კედელზე კი მდებარეობდა სვეტებიანი დარბაზი. ეზოში, თურმე, სამლოცველოსა და ცისტერნების ნაშთებიც არსებობდა. მოკლედ, მომავალში მის დასალაშქრად გაცილებით მომზადებულები გავემგზავრებით და ვფიქრობ, "ავიღებთ" კიდეც!

ქალწულის ციხეზე მცირე „სტრატეგიული ინფორმაცია მაინც გვქონდა“
ქალწულის ციხეზე მცირე „სტრატეგიული" ინფორმაცია მაინც გვქონდა

იმ მზიან დღეს კი კვლავ ზღვასა და პლაჟს დავუბრუნდით, ცოტა შევისვენეთ, გავირუჯეთ და ტრადიციული ექსკურსიები განვაგრძეთ...

(გაგრძელება იქნება)