ანტიკური ელეუსა სებასტეს რომაული წარმოდგენები
ქალწულის ციხის ამაო "დალაშქვრის" შემდეგ ვისადილეთ და ჩვენი ქალაქიდან 5-7 წუთის სავალზე, შემაღლებულ ადგილას, ანტიკური ქალაქის - ელეუსა სებასტეს ნანგრევები დავათვალიერეთ. ისიც ზღვის სანაპიროდან იშლებოდა და თანდათან მაღლა იწევდა, მთის ფერდობზე.
ქალაქის ნანგრევებიდან ხელისგულივით მოჩანდა ჩვენი კიზ კალესი და, ცხადია - ქალწულის ციხეც. ერთ დროს - რომაულ და ბიზანტიურ ხანაში ელეუსა სებასტე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ყოფილა. 1995 წლიდან იქ იტალიელების არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, არქეოლოგ ევგენია შნაიდერის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგად გამოჩნდა და გაიწმინდა რომაული ამფითეატრი, ბიზანტიური სასახლის ტერიტორია, ეკლესია, აგორა, აბანოები და კიდევ რამდენიმე ნაგებობა. ჩვენი იქ ყოფნისას მთელი ქალაქი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გათხრილი, მაგრამ რაც ჩანდა, ისიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
ანტიკურ ქალაქს თავდაპირველად მხოლოდ ელეუსა ერქვა. ქალაქის ნანგრევები უდიდეს ქალაქ მერსინთან ახლოს მდებარე სოფელ აიაშთანაც კი აღმოუჩენიათ და უმეტესი ნაწილი ქვიშითაა დაფარული.
ელეუსა სებასტეში აღმოჩენილი პირველი დასახლების კვალი, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით თარიღდება. სტრაბონის აღწერით, ძველი დასახლება მდებარეობდა ნაყოფიერ კუნძულზე, რომელიც შემდეგ ხმელეთს შეერთებია და ასე შექმნილა ნახევარკუნძული.
ჩვ. წ. დაახლოებით, 25 წ. რომის იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს კილიკიის ნაწილი და მცირე სომხეთი გადაუცია კაპადოკიის მეფის - არქელაოს ფილოპატორისთვის. რომაელებმა არქელაოსსავე მისცეს კილიკიის ტრაქეის ანუ მთიანეთის ნაწილი ელეუსას გარშემო, ხოლო მთელი რეგიონი - მეკობრეების სათარეშოდ და თავშესაფრად დატოვეს.
არქელაოსმა ქვეყნის დედაქალაქი ელეუსაში გადაიტანა, აქ ააშენა სასახლე, ხოლო ქალაქს იმპერატორ ავგუსტუსის პატივსაცემად სებასტე ანუ ლათინური "ავგუსტუსის" ბერძნული შესატყვისი - "სებასტე", ქართულად - "წმინდა" უწოდა. სებასტემ განვითარების პიკს მიაღწია 74 წლის შემდეგ, როდესაც რომის იმპერატორმა ვესპასიანემ კილიკია მეკობრეებისგან გაასუფთავა.
VI საუკუნეში, მეზობელი კორიკოსის აღზევებასთან ერთად, სებასტე დაკნინებულა...
ნახევარკუნძულზე მდებარე ტერიტორიის გათხრების დროს აღმოაჩინეს რომის იმპერიის აყვავების პერიოდის პორტიკი, რომელიც ჩრდილოეთ პორტის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს. როგორც ჩანს, V საუკუნეში თავდაცვითი კედლები კიდევ უფრო გამაგრდა, პერიმეტრის შიგნით კი აშენდა დიდი სასახლე, რომელიც, სავარაუდოდ, ბიზანტიელი მთავარსარდლის რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლე უხვად ყოფილა მორთული. ცენტრში იყო დიდი მრგვალი ფორმის ოთახი კოლონადით, რამდენიმე სართულით, რომელსაც მრავალი დარბაზი და საცხოვრებელი ოთახი უერთდებოდა.
სასახლის კომპლექსი ნაწილობრივ, დაახლოებით, 530 წელს განადგურებულა და საბოლოოდ VII საუკუნის დასაწყისში მიუტოვებიათ.
დღევანდელი მაგისტრალის მოპირდაპირე მხარეს დგას ამფითეატრის პატარა ნაგებობა - სკამების მხოლოდ 23 მწკრივით, რომლის საფეხურები და დეკორაციები საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ გაუძარცვავთ. ამფითეატრის მშენებლობა II საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებულა და იმპერატორ მარკუს ავრელიუსისა და ლუციუს ვერუსის (161-169) მეფობის დროს დასრულებულა.
ამფითეატრის ქვის რიგები ზოგან კარგად იყო შემონახული, ზოგან - ნახევრად შეჭმული. მის ერთ მხარეს ქვის ნაკეთობების აღდგენა დაუწყიათ. უნდა გენახათ, როგორ დავიპყარით სიმუსებმა ამფითეატრის "სავარძლები". მაშინ პანდემია არ იყო, თორემ წარმოსახვითი თეატრალური წარმოდგენის "მიმდინარეობისას", რომელსაც სახელად "რომაული ლეგენდები" დავარქვი, არც დისტანციის დაცვა გაგვიჭირდებოდა და არც მობილურების რეკვით შეწუხდებოდა ვინმე - ჩვენ მხოლოდ 9-ნი გახლდით, ამფითეატრის 23 რიგში მიმობნეულები და უჩუმრად ვიცვლიდით სავარძლებსა და საუკუნეებს.
ამფითეატრის გვერდით ყოფილა აგორა, ადგილი, სადაც სახალხო კრება იმართებოდა ხოლმე, ხოლო მის შიგნით მდგარა დიდი ეკლესია ულამაზესი მოზაიკით დამშვენებული იატაკით, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაზიანების ასაცილებლად დღეს ნაწილობრივ ქვიშითაა დაფარული.
ელეუსა სებასტეს ნანგრევებს შორის არის, თურმე, აბანოს დიდი კომპლექსი და კილიკიის ერთ-ერთი უდიდესი ნეკროპოლისი, სადაც დღემდე ასამდე სხვადასხვა სახის სამარხია შემორჩენი.
აბანოს კომპლექსი და ნეკროპოლისი ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ რაც ვნახეთ, მანაც უდიდესი შთაბეჭდილება დაგვიტოვა.
(გაგრძელება იქნება)
ირმა ხარშილაძე