"ბულია გინებით შემოვარდა, ხვიჩა გამოიქცა და სხვენზე ჩაიკეტა" - რატომ მოკლა ქართველმა ქართველი თურქეთში? - მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები - კვირის პალიტრა

"ბულია გინებით შემოვარდა, ხვიჩა გამოიქცა და სხვენზე ჩაიკეტა" - რატომ მოკლა ქართველმა ქართველი თურქეთში? - მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

თურქეთში 32 წლის გიორგი სიხარულიძე ქართველმა მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობა სტამბოლის გარეუბანში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში 17 იანვარს მოხდა, ბინაში ქართველები იყვნენ შეკრებილები და მკვლელობის თვითმხილველები ჰყავს, უკვე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ბულია.

გიორგი სიხარულიძის ნათესავი:

- გიორგი დედაჩემის ბიძაშვილია. 6 წელია, რაც თურქეთში სამუშაოდ წავიდა და მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. ერთ-ერთ ქარხანაში ფიზიკურად მუშაობდა. შრომობდა და თავს ირჩენდა. თურქეთში ქართველებთან ერთად სახლი ჰქონდა ნაქირავები, გიორგისთან ერთად კიდევ 4 ქართველი ცხოვრობდა: მაია ბარათაშვილი, ეკა მამფორია, ხვიჩა წიფურია და მისი მეუღლე, ეკა ბულია. ეს შემზარავი მკვლელობა 17 იანვარს მოხდა. ჩვენი მეორე ბიძაშვილი თურქეთშია, ოღონდ სხვა ქალაქში ცხოვრობს და მასთან დილის 5 საათზე დაურეკავთ - გიორგი დაჭრილიაო. ბიძაშვილმა მათ სთხოვა სასწრაფო დახმარება გამოეძებინათ, ისინი ეუბნებოდნენ, გამოვუძახეთ, მაგრამ არ მოვიდაო. მერე გაირკვა, რომ სასწრაფოსთვის არც კი დაურეკავთ, არ გამოუძახიათ, თორემ გიორგი გადარჩებოდა.

გიორგის მკვლელობის ამბავი რომ გავიგე, მასთან ერთად ბინაში მცხოვრებ მაია ბარათაშვილს ვესაუბრე, თქვა, ვიძინებდით, როცა სადარბაზოდან ზარის ხმა გაისმა, გიორგიმ ფანჯრიდან ორჯერ გასძახა, რომელი ხარო, მაგრამ არავინ უპასუხა, ამის შემდეგ წავიდა გასარკვევად, თუ ვინ იყო, კართან ვიღაცამ დანა ჩაარტყა და გაიქცაო. მაია ბარათაშვილმა რეალობა იცოდა, მაგრამ ჩვენ, ოჯახის წევრებს თავიდან სიმართლე დაგვიმალა. ამის შემდეგ, გიორგისთან ერთად იმ სახლში მცხოვრებ ხვიჩა წიფურიას და მის მეუღლეს დავუკავშირდი, ხვიჩამ მითხრა, 17 იანვარს სახლში რომ დავბრუნდი, ბინაში სუფრა იყო გაშლილი, გიორგი, მაია ბარათაშვილი, ეკა მამფორია და ზვიად ბულია სუფრასთან ერთად ისხდნენ და ღვინოს სვამდნენო. როგორც მისი ნაამბობიდან ჩანს, ხვიჩაც კარგად იცნობდა ზუგდიდელ ზვიად ბულიას და თურმე, სწორედ მათ მოუვიდათ ერთმანეთთან შელაპარაკება.

ამის შემდეგ ბულია ისევ ხვიჩამ გააცილა, მაგრამ ამ ამბიდან ერთ საათში ზვიად ბულია კვლავ უკან დაბრუნდა. კარზე მართლა იყო ზარი, გიორგის ხვიჩასთვის უთქვამს, ამ შუაღამისას ნეტა ვინ უნდა მოსულიყოო და კარის გასაღებად ხვიჩა ჩასულა. როგორც კი კარი გააღო, ზვიად ბულია გინებით შემოვარდა, მაგრამ ის კართან წაბორძიკდა, ამასობაში ხვიჩა გამოიქცა, სხვენზე ავიდა და იქ ჩაიკეტა. ხვიჩა ამბობს, მე სხვენში ჩავიკეტეო. როგორც ირკვევა, გააფთრებულ ზვიად ბულიას კართან გიორგი შეხვდა და უცებ მას დაარტყა დანა. შესაძლოა, სიბნელეში ხვიჩა ეგონა, თუ გამიზნულად დაარტყა დანა გიორგის, ესეც არ ვიცით. ყველა ამბობს, მას გიორგისთან კონფლიქტი არ ჰქონიაო. გიორგი დანით დაჭრა და ამის შემდეგ ხვიჩას დაუწყო ძებნა, რომელმაც ამასობაში თავის ოთახში მეუღლესთან ერთად შესვლა და კარის ჩაკეტვა შეძლო. ზვიად ბულია შეიჭრა იმ ოთახში, ჩაამსხვრია მინები და დაჭრა ხვიჩა წიფურიაც, ამის შემდეგ იქიდან წავიდა და მიიმალა.

დაჭრილი გიორგი სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ რატომღაც 4 ადამიანიდან არცერთმა არ დარეკა სასწრაფოში და არ გამოიძახა არც პოლიცია. თურმე ჭრილობაზე ცივ ნაჭერს ადებდნენ, არადა ბიჭი სისხლისგან იცლებოდა. როცა მაია ბარათაშვილს ვკითხე, მაშინვე სასწრაფო რატომ არ გამოიძახეთ-მეთქი, მითხრა, არ ვიცოდი, სად უნდა დამერეკაო. როგორც ჩანს, დაჭრილმა გიორგიმ თავი ცუდად იგრძნო და ეტყობა შეშინებული გაიქცა ბინიდან და სცადა შველა სხვებისთვის ეთხოვა. დაბლა სართულზე წაქცეულა, არც თურქებმა გამოხედეს დაჭრილს, მაგრამ ეტყობა სასწრაფო და პოლიცია თურქებმა გამოიძახეს, როცა სასწრაფო მოვიდა, ბიჭი უკვე სისხლისგან დაცლილი დახვდა. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დროზე რომ გამოეძებინათ, ექიმები მის გადარჩენას ალბათ შეძლებდნენ. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ჩემს ბიძაშვილს 5 საათზე დაურეკეს და როგორც ირკვევა, ორი საათი იქ იწვა საცოდავად დაჭრილი ბიჭი და არც ერთ მათგანს არ დაურეკავს, არც სასწრაფოში და არც პოლიციაში. უყურადღებობით არის გიორგი გარდაცვლილი, დროზე რომ გადაეყვანათ, იქნებ გადაერჩინათ. ის ქალები ჰყვებიან, გაქცეული ზვიად ბულია "მესენჯერში" რეკავდა და გვეუბნებოდა, ახლა არ მითხრათ, რომ გიორგი მოკვდა, ის ყველაზე მეტად მიყვარდა და იმ ხვიჩას სადაც ვნახავ, ყელს გამოვჭრი და ისე წავალ ციხეშიო. ანუ მუქარებს ისევ აგრძელებდა. მაია ბარათაშვილი იმასაც ამბობს, რომ გადიოდა მეუბნებოდა ხმა არ ამოიღო, თორემ ხომ ხედავ აგერ გდია ძირს და შენც დაგაკლავო. ჩვენი ინფორმაციით, ზვიად ბულია 19 იანვარს დაიჭირეს. დღემდე, ამ საქმის ირგვლივ, ბევრი რამ ისევ ბურუსით მოცულია.

- რას გულისხმობთ?

- ქალებმა თავიდანვე სცადეს სიმართლის დამალვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხვიჩა ალაპარაკდა და ყველაფერი გვიამბო, მერე ხვიჩას მისამართით დაიწყეს ბრალდებები და თქვეს, ყველაფერი ხვიჩას გამო მოხდაო. არადა, ბარათაშვილი თავიდან იმასაც ამბობდა, მკვლელი ვინ არის, არ ვიცითო, თურმე მასთან ერთად იჯდა სუფრასთან და ღვინოს სვამდა. ფაქტია, გიორგი უდანაშაულოდ მოკლეს. მშრომელი ბიჭი იყო. ფაბრიკაში მუშაობდა. ამ 6 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩამოსულა, ამბობდა, იქ რომ ჩამოვიდე, რა გავაკეთო ბინაც კი არ მაქვს, აქ ბინის ქირას ვიხდი და თავს ვირჩენო.

არ შეგაწუხებდა, ძალიან კეთილი ბიჭი იყო. მძიმე ცხოვრება გამოვლილი. 6 წლამდე ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავში იზრდებოდა. მამამისი იქიდან იყო და იქ ცხოვრობდნენ, პატარა იყო, მამა რომ გარდაეცვალა. უმამოდ დარჩა გიორგი და მისი და. მაშინ ნათესავებმა მიიღეს გადაწყვეტილება და და-ძმა ბავშვთა სახლში წაიყვანეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ნათესავებმა და გამოიყვანეს იქიდან და გაზარდეს, გიორგი კი 18 წლამდე იქ იზრდებოდა. სრულწლოვანი რომ გახდა, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ბავშვთა სახლი.

- დედა არ ჰყავს?

- კი, დედა ჰყავს. დედამ სხვა ოჯახი შექმნა. ჰყავს ნახევარდა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. ახლა აქ იყო ჩამოსული. მან გაიღო გიორგის დაკრძალვის ხარჯები. ჩვენი გიორგი თურქეთიდან ჩამოვასვენეთ და ჩოხატაურის სოფელ ნაბეღლავში, მამის გვერდით დავკრძალეთ.

- დედასთან ჰქონდა ურთიერთობა?

- კი, ბავშვთა სახლში რომ იყო, დედას ის შაბათ-კვირას გამოჰყავდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. მერე რომ წამოიზარდა გიორგი, ბავშვთა სახლში იცოდნენ, რომ ეს ჩვენი ოჯახი იყო. მარტო ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა, სახლში მოდიოდა, დედაჩემის ბიძაშვილია. ალალი, საოცრად კარგი ადამიანი. სამწუხაროდ, არ იყო დაოჯახებული, შვილიც არ დარჩა. ძალიან მტკივა გული. ვიღაცების უაზრო კონფლიქტს შეეწირა, ისიც კი არ ვიცით, რაზე იჩხუბეს და რატომ დაჭრას ჩვენი გიორგი. ახლა მკვლელი ციხეშია. იმედია, საკადრისად დაისჯება. ხვიჩა წიფურიაც უკვე აღარ გვეკონტაქტება და გვეუბნება, თუ რამე გაინტერესებთ, იმ ქალებს მიმართეთ და ისინი გეტყვიან, რა მოხდაო. ერთმანეთს აბრალებენ და სიმართლე დეტალებში არც კი ვიცით. დღემდე არ ამბობენ სიმართლეს.

უმძიმესი ცხოვრება გამოვლილი გიორგი ქართველმა თურქეთში მოგვიკლა. სრულწლოვანი რომ გახდა და ბავშვთა სახლიდან გამოვიდა, თბილისში ხან მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა, ხან სხვა სამსახურს ეძებდა. აქ რომ ვერაფერი იპოვა ნორმალური, ამიტომ წავიდა თურქეთში და იქ ფიზიკურად შრომობდა. ვთხოვდი, ჩამოსულიყო, მეუბნებოდა, აქ თავს მაინც ვირჩენ, იქ სახლი არ მაქვს და სად ვიმუშაო, რომ ვიცხოვროო. ჩოხატაურში კი ჰქონდა მამის სახლი, მაგრამ ძველი სახლია და ისეთ მდგომარეობაშია იქაურობა, ცხედარი ზედა სართულზე ვერც დაასვენეს. მივაბარეთ მიწას ჩვენი საყვარელი გიორგი... გვინდა, მისი მკვლელი უმკაცრესად დაისაჯოს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ: "ამ ოჯახს 3 წლის წინ შვილი გარდაეცვალა, ახლა კი ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს" - რას ჰყვებიან გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

EXCLUSIVE: "სანდროს სიკვდილის შემდეგ ერთ წელზე მეტხანს იცხოვრა და სულ ამბობდა, ამდენ ხანს როგორ გავძელი, როგორ ვარ ცოცხალიო?!"

"გუშინ თვითონ გარდაცვლილი მივიდა მის ჭიშკართან, პიროტექნიკა ააფეთქა და ბრალდებული ეჭვობს, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები