"რუსეთი არის კაცობრიობის ჭირი, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას“ - კვირის პალიტრა

"რუსეთი არის კაცობრიობის ჭირი, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას“

"თუ რუსეთი უკრაინაზე ხელს აღმართავს, მაშინ ცივილიზებ­ულმა მსოფლიომ ხელი უნდა აღმართოს რუსეთზე და ეს იქნება უნიკალური შანსი რუსეთის იმპერიის საბოლოო დამარცხების“

ცნობილი პოლიტიკოსი, მესამე მოწ­ვევის­ პარლამენტის წევრი ირაკლი წერეთელი წლებია შორიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.­ თვლის, რომ აუცილებელია ქვეყანაში სერიოზული ე.წ. მესამე ძალის შექმნა, რომელიც ვითარებას რადიკალურად შეცვლის. ამჟამად ღელავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ მსოფლიოს ლიდერების პოზიცია უფრო მკაცრი და რადიკალური უნდა იყოს.

- საქართველო დღეს ისეთ მდგო­მარ­ეობაშია, მირჩევნია, ისევ უკრაინაზე ვილაპარაკო. დღევანდელი საქართველოს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, სამწუხაროდ, ღირსება არ მოეკითხება. ის რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებამ უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო, იყო სამარცხვინოდ რბილი, მხდალი და მშიშარა სულისკვეთების. სანამ ეს ხელისუფლება და პარლამენტი ერთ რეზოლუციას მოაბამდა თავს, ატლა­ნტიკური მიმართულების ანტისაოკუპაციო ეროვნული მოძრაობის სახელით ჩვენ 18 განცხადება გავაკეთეთ. რამდენიმე დღეში­ გამოვა სპეციალური სოლიდარობის­ ბროშურაც, სახელწოდებით, "სოლიდარობა უკრაინას". დღეს ჩვენ მოგვეცა შანსი,­ მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი დიდი ეროვნული ღირსება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხში დიდი გამბედაობა. საქართველო აქტიურად უნდა ჩაებას ამ პროცესში. ქართველი მეომრების მინიმუმ ერთი ათასეული მაინც უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. თუ ომი დაიწყება, ჩვენი ჯარისკაცები თავიანთ გმირულ სიტყვას იტყვიან, თუ არ დაიწყება, გმირულ სოლიდარობად ჩაგვეთვლება. მე კარგად მახსოვს, აფხაზეთის ომში, როცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, უკრაინიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და გვერდში დაგვიდგა. საქართველომ აქტიურად უნდა მოუწოდოს დასავლეთს, როგორც უკრაინაში, ისევე საქართველოში სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შემოვიდნენ ნატოს ჯარები.­ რა თქმა უნდა, ნატო პოლიტიკური, დიპლომატიური თვალსაზრისით უდგას უკრაინას გვერდით, მაგრამ მარტო სიტყვები საკმარისი არ არის. არ მესმის, თუ შესაძლებელია რუსეთმა 70 000-მდე ჯარისკაცს მოუყაროს თავი უკრაინის საზღვართან, რატომ არ შეიძლება ნატომ ნახევარი მილიონი მეომარი მიიყვანოს უკრაინასთან და, ბოლოს­ და ბოლოს, დაარტყას რუსეთს?! მიმაჩნია, რომ მშიშარა პოლიტიკოსები მართავენ მსოფლიოს, დასავლეთს. არ შეიძლება მარტო ეკონომიკური სანქციების გამოყენება. თუ რუსეთი უკრაინაზე ხელს აღმართავს, მაშინ ცივილიზებ­ულმა მსოფლიომ ხელი უნდა აღმართოს რუსეთზე და ეს იქნება უნიკალური შანსი რუსეთის იმპერიის საბოლოო დამარცხების. იმპერიის დამარცხების და არა ქვეყნის განადგურების და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. რაც დღეს ხდება, არის გამოცდა ცილივილიზებული მსოფლიოსი. განცხადება, რომ დასავლეთი შეშფოთებას გამოხატავს, არ არის საკმარისი. დასავლეთი და საქართველო შეშფოთებას კი არ უნდა გამოხატავდნენ, უნდა გამოხატავდნენ პროტესტს და გადავიდნენ მოქმედებაზე. საბედნიეროდ, შეიარაღების თვალსაზრისით ამერიკამ და ნატომ გაასწრო რუსეთს. რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს, უკრაინის გულისთვის საკუთარ არსებობას წერტილს ვერ დაუსვამს, ამიტომ უნდა დაიწყოს რუსეთზე სერიოზული ზეწოლა.რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას, მაგრამ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. მზად უნდა ვიყოთ ომისთვის. არსებობს რომაული გამოთქმა, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, მოვემზადოთ ომისთვისო. გული მწყდება, რომ საქართველო თავს ღირსეულად ვერ წარმოაჩენს. რას ჰგავდა ეს რეზოლუცია!

- რუსეთის შიშის გამო დაიწერა ასეთი შინაარსის რეზოლუცია?

- დიახ, ეშინიათ რუსეთის და, საერთოდ, დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკოსები მშიშრები არიან. ოპოზიციაც მშიშარაა, მაგრამ მე მაინც იმ განწყობაზე ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ერთად დავდგეთ. მზად ვარ, წყენა დავივიწყო. ერთი გრანდიოზული აქცია არ უნდა მოეწყოს უკრაინის მხარდასაჭერად. ფიზიკურად მჭირდება მოღონიერება, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი უკრაინის დასაცავად რუსეთის დამპალი იმპერიის წინააღმდეგ. ყველა აქებს ჩვენს მეომრებს, მათ მომზადებას და საქართველომ ერთი ათასეული უნდა გადაისროლოს უკრაინის დასაცავად.

- ეს რუსეთის აგრესიას არ გამოიწვევს?

- რუსეთმა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ბევრჯერ განახორციელა და ახლაც საოკუპაციო საზღვრებზე ყოველდღე გრძელდება ეს პროცესი. მცოცავი­ ოკუპაცია არ არის აგრესია? სხვა რა უნდა მოხდეს, თბილისს აიღებს? ამას ვერ გაბედავს.­ რაც მეტ აგრესიას გამოიჩენს, მით უფრო დაჩქარდება მისი განადგურების პროცესი, ამიტომ რუსეთის არ უნდა შეგვეშინდეს. აბა, როგორ გვინდა­ თავისუფლება? ან თვითონ როგორ გაბედა 21-ე საუკუნეში, რომ ულტიმატუმი წაუყენა ამერიკას, ამერიკა და ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდესო?! ეს იყო დიდი შეურაცხყოფა დასავლეთის, იმიტომ, რომ მის გაფართოებას რუსეთს არავინ ჰკითხავს.­ ეს დამოკიდებულია ნატოზე და იმ ქვეყანაზე, ვისაც უნდა გაწევრება. რუსეთი არის კაცობრიობის ჭირი, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას. ჩვენ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ გამბედაობის, შემართების მაგალითი და უკრაინას ბოლომდე გვერდით ვედგეთ. როგორ ფიქრობთ, თუ გაბედა და უკრაინაში შეიჭრა, უკრაინას დაიპყრობს და საქართველოს ისე დატოვებს? რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრას, ეს იქნება კატასტროფა ცივილიზებული მსოფლიოსთვის და იძულებული გახდება, ჩაებას ამ ომში, სხვანაირად გამასხარავდება. მაშ, რას ნიშნავს მხარდაჭერა? ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პრინციპული პოზიცია და გავწევრდეთ ნატოში.

- ეს ხომ ნატოს გადასაწყვეტია... ფიქრობთ, საქართველო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს?

- ვფიქრობ, დროა, დავიწყოთ პოლიტიკური აქციები საქართველოს­ ნატოში გაწევრების მოთხოვნით და ზაფხულში მადრიდის სამიტისთვის საქართ­ველო უკვე ნატოში უნდა იყოს. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მხარდამჭერი, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი იდეა. ამ იდეის ავტორი მე ვარ და ეროვნული მოძრაობა საქართველოში. ძალიან გამაღიზიანებელია დასავლეთის ლიდერების დღევანდელი ზოზინა პოლიტიკა. სასწრაფოდ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში. ჩვენი ქვეყანა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. თურქეთი რომ მიიღეს თავის დროზე, რა, თურქეთში დემოკრატიის ოაზისი იყო? საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, თუნდაც დემოკრატიის განვითარებას ჰაერივით სჭირდება ნატოში გაწევრება. ევროკავშირში შესვლა ისე არ მეჩქარება, როგორც - ნატოში. ნატოა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის უსაფრთხოების გარანტი. ვემზადები, მოლაპარაკებები მაქვს და შეიძლება აქციები დავიწყო საქართველოს ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრების მოთხოვნით. ასევე უნდა გაიმართოს აქციები უკრაინის მხარდაჭერის მოთხოვნით.

- მოლაპარაკებები პარტიებთან გაქვთ?

- პარტიებთან არა. ეროვნული მოძრაობის ძველ წევრებს დაველაპარაკები­ ჯერ და შემდგომ კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც ჩვენს მოთხოვნებს შემოუერთდება. ქართული ტელევიზიები სისულელეებს აშუქებენ, არადა, მთავარი საკითხი უნდა იყოს საქართველოს ნატოში გაწევრება და უკრაინისთვის ყველანაირი მხარდაჭერა: შეიარაღებული,­ სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური. ჩვენ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ და უნდა ვიავთანდილოთ უკრაინისთვის. ბევრი იმასაც ამბობს, ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია და უკრაინას როგორ დავეხმარებითო. ძალიან კარგად დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია მაგალითი ვაჩვენოთ და ეს დაფასდება მსოფლიოში. ეს არის ღირსეული ქვეყანა. მე საქართველოს ვერავითარ შემთხვევაში მშიშრებისა და ლაჩრების ქვეყნად ვერ წარმოვიდგენ. ვამაყობ ჩვენი ქართველობით, იმიტომ, რომ მაქვს გმირობის, გამბედაობის, შემართების ძალიან ღირსეული მაგალითები. გამორჩეული წინაპრები გვყავდა, გამორჩეული გმირები გვყავს. ცოცხალი მაგალითებიც მყავს, ჩემი მეგობრები ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი ყარყარაშვილი... მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ, ყველაფრით გამორჩეულები. ვფიქრობ, ყველა ქართულ სოფელში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან არის, უნდა შევიდეს გაძლიერებული შეიარაღებული დანაყოფები. რომ გადმოდიან რუსები საოკუპაციო საზღვრებზე, რომ იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი ტერიტორიებიდან, ეს უნდა დასრულდეს. ყველა გადმოსული ოკუპანტი უნდა დააკავოს ჩვენმა პოლიციამ და შესაბამისმა სამსახურებმა. უნდა დამთავრდეს რუსეთთან მოფერების დრო.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებს?

- მე არ ვარ სახელმწიფოს მეთაური­ და საიდუმლო სადაზვერვო მონაცემები­ არ გამაჩნია. მგონია, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ეს მას ძალიან მძიმედ მოუტრიალდება. მე ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო და დემოკრატიული მსოფლიო, რომ არ დაუშვას სამხედრო ესკალაცია. რუსული იმპერიული აგრესიის ახალი მასშტაბი უნდა შეაჩეროს. ფაქტია, ამერიკა და ნატო ერთად ყველანაირი მაჩვენებლით უფრო ძლიერი ძალაა, ვიდრე რუსეთი. როგორ შეიძლება უკან დაიხიო, მით უმეტეს, როცა მართალი ხარ!

- მაშ, რატომ უწევს ანგარიშს ამერიკა­ რუსეთს?

- ანგარიშს კი არ უწევს, დიდი ხანია, მსოფლიოს პოლიტიკაში აღარ ჩანან ღირსეული და ძლიერი ლიდერები. ისტორიას პიროვნებები ქმნიან. რეიგანი ან თუნდაც ბუში რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ტრამპის დიდი იმედი მქონდა, კარგ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ განცხადებების დონეზე დარჩა, თუმცა მაინც დასავლეთის აპოლოგეტი ვარ, ამიტომ თავს შევიკავებდი ამერიკის დღევანდელ ლიდერზე რამის თქმისგან. ვისურვებდი, ბაიდენმა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას.

- ახლა შიდაპოლიტიკურ ამბებს დავუბრუნდეთ. მიხეილ სააკაშვილის შესახებ რას იტყვით, უნდა აგოს თუ არა მან პასუხი?

- მსოფლიოში მიმიდინარე ასეთი დრამატული მოვლენების ფონზე სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულად მიმაჩნია. არ ვეხები, იმიტომ, რომ არ არის ჩემთვის აქტუალური. თან პატიმარზე არ მსურს ლაპარაკი. სასამართლო ხელისუფლება არც სააკაშვილის დროს და არც ახლა დამოუკიდებელი და ღირსეული არ იყო. საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ყველაზე ღირსეულად გამოიყურებოდა შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში. მაშინ ჩაატარეს სასამართლო რეფორმა და სასამართლომაც არაერთი სახელმწიფოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მე ამით განვსაზღვრავ მათი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ხარისხს. ძალიან გამიხარდა, რომ არ დააკავეს "ლელოს" ლიდერები. რაღაცას გაუწია ანგარიში სასამართლომ და მთლად ივანიშვილის ჭკუაზე არ გაიარა.

- ოპოზიციაზე რას იტყვით?

- ეს არის აბსოლუტურად უნიათო ოპოზიცია, ტრაბახა და მოლაქლაქე. შეჰპირდნენ ხალხს, რომ არჩევნებში დაამარცხებდნენ "ოცნებას", მაგრამ ეს ვერც საპარლამენტო და ვერც ადგილობრივ არჩევნებში ვერ მოახერხეს. საქართველოს დამოუკიდებლობას სჭირდება თვისებრივად ახალი ოპოზიცია. საჭიროა გაერთიანება ეროვნული ლიდერების გარშემო. პირდაპირ გეტყვით: სანამ ქართველი საზოგადოების უმრავლესობა ჩემსა და ჩემი მოკავშირეების გარშემო არ გაერთიანდება, მანამდე ეს ოპოზიცია ვერაფერს იზამს.დღევანდელ ოპოზიციაში არ არიან ღირსეული ლიდერები. ან საიდან მოვიდნენ, როდის გამოიჩეკნენ? ბევრი მათგანი პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის აგენტი მგონია. დღევანდელ ოპოზიციას მხარს არ ვუჭერ. მინდა 2024 წლისთვის მოვემზადოთ და ამ დროისთვის გამოიკვეთოს თვისებრივად ახალი ეროვნული პოლიტიკური ძალა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ამ ძალაში დაწინაურდნენ როგორც ძველი თაობის ლიდერები, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გასვრილი და რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ საკუთარი ქვეყნისთვის. უნდა გაერთიანდნენ ნიჭიერი ქართველები. 2012 წლიდან ქართული პოლიტიკა არის "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" მუდმივი დაპირისპირების არეალი. ოპოზიციამ სამარცხვინო მარცხი განიცადა. ერთმა "ნაცმოძრაობამ" უფრო მეტი ხმა აიღო, ვიდრე ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად. ფაქტია, "ოცნება" კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ოპოზიციაში ლიდერობს "ნაცმოძრაობა". ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს.

- თქვენ აპირებთ გააქტიურებას?

- 24 საათი მაგაზე ვფიქრობ. ახლა ვეწევი პოლიტიკურ შემოქმედებით საქმიანობას და ბევრი წიგნი გამოვეცი. ვმუშაობ სხვა წიგნებზეც. გააქტიურებას ვაპირებ, მაგრამ კონკრეტულ მოქმედებაზე გადავალ მაშინ, როცა ხალხის გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება და შეიქმნება იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადი გავაკეთო. პირველი განაცხადი უნდა გაკეთდეს "ლოკომოტივის" სტადიონზე და უნდა გაივსოს, მეორე - "დინამოს" სტადიონზე და ისეთი მრავალრიცხოვანი ძალა უნდა იყოს, თან ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომ ხალხს ნდობა გაუჩნდეს. ბევრს არ უნდა ეს ხელისუფლება, მაგრამ არც "ნაცმოძრაობის" გამარჯვება უნდათ, ამიტომ უჭერენ მხარს "ოცნებას". "ნაცმოძრაობის" სახელი დაკავშირებულია პატიმრების წამებასთან, ადამიანების უფლებების დარღვევასთან, ადამიანების ქონების ხელყოფასთან, ომში დამარცხებასთან, სამარცხვინო გამოქცევასთან და ა.შ. სააკაშვილი პატიმარია და თავს ვიკავებ, სრულყოფილად რომ დავახასიათო. 2012 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" ხალხი უარს ეუბნება. ორ საპრეზიდენტო, სამ საპარლამენტო და სამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უარი უთხრა ხალხმა და ახლა მიშა რას იტყვის, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.

წაიკითხეთ ასევე: "საქართველო დაიკარგა რადარებიდან, თითქოს არ არსებობს, თითქოს მარსზე ვცხოვრობთ"